საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ივნისს ჩატარდა ბუნების კონსერვაციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა, სადაც მსმენელთა წინაშე მოხსენებით: „ტყის არამერქნული რესურსების აღრიცხვა-შეფასების მეთოდები“ წარსდგა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანი გოგინაშვილი.
თემატურ სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, დალი თარხნიშვილი და ქეთევან ჭიპაშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტები: ბიოლოგიის დოქტორი ნატალია ტოგონიძე და მარგალიტა ბაჩილავა.
სოფლის მეურნეობის დოქტორმა ნანი გოგინაშვილმა მოხსენების „ტყის არამერქნული რესურსების აღრიცხვა-შეფასების მეთოდები“ ფარგლებში განიხილა არაერთი საინტერესო საკითხი. ის, რომ 2021 წელს მიღებული ტყის ახალი კოდექსის მიხედვით ტყის ძირითადი რესურსები საქართველოში შემდეგ კატეგორიებად იყოფა, ესენია: მერქნული, არამერქნული (სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და პროდუქტები) რესურსები და მერქნიან მცენარეთა პროდუქტები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (ხის წიწვი, ფოთოლი, ყვავილი, ყვავილის მტვერი, ფისი, წვენი, თესლი, გირჩი, ნაყოფი, ფესვი, ქერქი, ლაფანი, ძირკვი).
„საქართველოს ტყეებიდან, რომელთა 98% ბუნებრივი წარმოშობისაა 350 ათას. ტ-მდე ხილ-კენკრის გამოტანაა შესაძლებელი, მათ შორის აღსანიშნავია: პანტა, მაჟალო, კუნელი, ზღმარტლი და სხვ.; ტყის მიმდებარე სათიბ-საძოვრები მართალია რამდენადმე დეგრადირებულია, თუმცა მოსახლეობა საქონლის გამოსაკვებად მაინც იყენებს; აქტიურად გამოიყენება ფარმაციაში ათასამდე სახეობის სამკურნალო მცენარე, როგორც პირდაპირი ასევე გადამუშავებული (სხვადასხვა პრეპარატის) სახით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სამკურნალო მცენარეებს, როგორებიცაა გაზაფხულის ფურისულა, ხარისშუბლა, თეთრყვავილა, აბზინდა, ხარისძირა და სხვ; მოსახლეობის მხრიდან რეგულარულად მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის სოკოს და გირჩის თესლის შეგროვება. რაც შეეხება ტყის თაფლოვან მცენარეებს, მათ ფუტკრები თაფლის საწარმოებლად იყენებენ“-აღნიშნა მომხსენებელმა.
დოქტორმა ნ. გოგინაშვილმა მოხსენების მსვლელობისას ასევე ყურადღება გაამახვილა არამერქნული პროდუქტების შეფასების მეთოდოლოგიაზე, მრავალწლიანი და ერთწლიანი მცენარეებიდან პროდუქტების დამზადების მდგრად მეთოდებზე, საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდზე; სანიმუშო ფართობების ზომის, ფორმის, რაოდენობისა და მანძილების, ასევე
ხილ-კენკრის საშუალო მოსავლიანობის განსაზღვრის მეთოდებზე და სხვ. ქალბატონმა ნანიმ, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება კომერციული მიზნით ხდება, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ნორმა, რაც რესურსის შემცირებას ან შეუქცევად დაზიანებას არ დაუშვებს. გარდა ამისა, ზოგადად ამა თუ იმ ველური მცენარის პროდუქტების შეგროვების სიჩქარე (ინტენსივობა და სიხშირე) არ უნდა აღემატებოდეს სახეობების გრძელვადიანი რეგენერაციის პერიოდს (CITES, 2016). ასევე გასათვალისწინებელია მეწლეობაც.
მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ, დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა, ზ. ტიგინაშვილმა, გ. ქავთარაძემ. თემის ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც დოქტორმა ნ. გოგინაშვილმა კვალიფიციური პასუხები გასცა.
თემატური სხდომა შეაჯამა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დოქტორ ნ. გოგინაშვილს საინტერესო მოხსენებისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და თემატური სხდომის მუშობაში მონაწილეობის მიღებისათვის.