საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი
კომისიის სხდომა
2025 წლის 26 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა. წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის გივი გავარდაშვილის მონოგრაფია - ,,ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსაფრთხოება ".
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი რ. მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლ. დოლიძე.
კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა, შემდეგ მან სიტყვა გადაცა აკადემიკოს გივი გავარდაშვილს.
აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა მონოგრაფიაში წარმოდგენილ ძირითად მიგნებებს და გამოწვევებს. მან აღნიშნა, რომ მონოგრაფიაში განხილულია ჰიდრომელიორაციის ძირითადი ასპექტები, რომელიც მოიცავს ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების საკითხებს. ნაშრომში საქართველოს 9 რეგიონისა და 69 მუნიციპალიტეტისათვის შეფასებულია კლიმატის ცვლილება და გაანგარიშებულია მელიორაციის რისკები ქვეყნის საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების უსაფრთხო ფუნქციონირების მხედველობაში მიღებით. წარმოდგენილია სარწყავი და დამშრობი ქსელის ინოვაციური კონსტრუქციები, რომელთა მეცნიერულ-ტექნიკური სიახლის პრიორიტეტები დამოწმებულია საქართველოს პატენტის მოწმობებით.
ნაშრომში ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომელიც მომავალში საქართველოს ნიადაგების წყლისმიერი ეროზიის კონტროლისათვის სახელმწიფო პროგრამის დამუშავების საფუძველი გახდება. ეროზიის კონტროლისათვის წარმოდგენილია ინოვაციური კონსტრქუციები და მათი დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდები.
მონოგრაფიაში განხილული და შეფასებულია მსოფლიოს მაღლივი ჰიდროკვანძების უსაფრთხოება და მათი ავარიის გამომწვევი მიზეზები. დადგენილია ჟინვალის ჰიდროკვანძის შესაძლო ავარიის შემთხვევაში წყალდიდობის რისკის ზონები, რისკების პორტფოლიოს ანალიზის (CAPRA) მოდელის მიხედვით. დამუშავებულია მეცნიერული მეთოდოლოგია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება, აღრიცხვა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გეგმის დამუშავება-ანალიზი და მდგრადობა.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, კომპეტენტური სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირებისათვის, გაეროს სტანდარტების მიხედვით განხილულია ის აუცილებელი საკონტროლო კითხვები, რომელიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში რეაგირების დაგეგმვისას.
მონოგრაფია საინტერესოა დარგით დაინტერესებული ტექნიკური ინტელიგენციის ფართო წრისათვის. ნაშრომი 2024 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა აკადემიკოს ოთარ ნათიშვილის სახელობითი პრემიით.
ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. მეტრეველმა.