მიმდინარე წლის 4 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა ველური ბუნების დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.
მრგვალი მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, მარიამჯვრის ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი და აკადემიის აპარატის თანამშრომლები.
მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია ველური ბუნების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიაწოდა აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ. მან აღნიშნა, რომ 2013 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 3 მარტი გამოცხადებულია ველური ბუნების მსოფლიო დღედ. მისი მიზანია რეგულარულად გააცნოს კაცობრიობას ველური ფაუნისა და ფლორის მრავალფეროვნება, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების სარგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ყურადღება გაამახვილოს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
შემდეგ სიტყვა გადასცა დოქტორ ზ. ტიგინაშვილს, რომელიც აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: „ქართული მუხის (Querqus pertaea aubsp.Iberica) ბუნებრივი განახლება ცივგომბორის რეგიონში“.
მომხსენებელმა საუბარი დაიწყო დაცული ტერიტორიების მიმოხილვით. აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიები, რომლებშიც შედის: სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები უდიდეს როლს თამაშობს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით. საქართველოში დაცულ ტერიტორიებს უკავია 927 748 ჰა ფართობი, რომელიც ქვეყნის საერთო ფართობის 13,3 %-ს შეადგენს. საყურადღებოა, რომ ტყით დაფარულ ტერიტორიაზე, რომელშიც განასხვავებენ წიფლნარებს, მუხნარებს, რცხილნარებს, სოჭნარებს, წაბლნარებს და ა.შ., მუხნარებზე მოდის საერთო ფართობის 10%.
რაც შეეხება ცივ გომბორის აღკვეთილს, სადაც მუხნარს 890,6 ჰა ფართობი უკავია, ბუნებრივი განახლება 492 ჰა-ზე მიმდინარეობს.
დოქტორ ზ. ტიგინაშვილმა კვლევის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით წარმოადგინა დასკვნები, რომელიც გვამცნობს, რომ ცივ გომბორის აღკვეთილში ქართული მუხის ბუნებრივი განახლების პროცესი არადამაკმაყოფილებელია; მუხით გაბატონებულ კორომებში, ყველა მერქნიანი სახეობის აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა მაღალია (35 200-93 100 ცალი), მაგრამ მათ შორის მუხის საიმედო მოზარდი ან საერთოდ არ არის, ან ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, რაც არ არის საკმარისი მუხნარების განახლების უზრუნველსაყოფად;
საყურადღებოა ის, რომ ქართული მუხის ტყეები წარმოდგენილია ყველა ხნოვანებითი კლასებით, გარდა I და II კლასებისა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ უკანასკნელი 20-40 წლის პერიოდში არ იყო მუხის ბუნებრივი განახლებისათვის ხელსაყრელი პირობები; მუხნარების დეგრადაციისა და არადამაკმაყოფილებელი განახლების პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია კომპლექსური მიდგომით, ამიტომ მიზანშეწონილია ჩატარდეს საფუძვლიანი კვლევები, რათა დაისახოს ქართული მუხის უნიკალური ტყეების გადარჩენის პრაქტიკული ღონისძიებები.
მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელშიც დამსწრეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
მრგვალი მაგიდა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა დოქტორ ზ. ტიგინაშვილს საინტერესო მოხსენებისათვის, ხოლო აუდიტორიას მობრძანებისა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.