საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

0ad6af0c dabe 4f28 a92a dcb8e1deeb67 1  მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: ,,სუბტროპიკული კულტურების გენეტიკური რესურსები საქართველოში’’ გამოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი დოქტორი ესე ჯაყელი.

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კავკასიის შავიზღვისპირეთის ხელსაყრელმა ნიადაგობრივ-კლიმატურმა პირობებმა შესაძლებელი გახადა კულტურაში გავრცელებულიყო მრავალი სუბტროპიკული მცენარე ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, სადაც კლიმატური პირობების გარკვეული მაჩვენებლები მიახლოებულია ჩვენებურთან. ეს მცენარეები არამარტო იზრდებიან და მსხმოიარობენ, ამავე დროს იძლევიან უხვ ნათესარს, რაც მეტყველებს გავრცელების ახალ პირობებში სახეობების, ფორმათა და ჯიშთა შეგუების მაღალ ხარისხზე.

ინტროდუქციულმა კულტურებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში შედარებით მოკლე დროში შექმნილიყო მემცენარეობის სრულიად ახალი დარგი - სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა. აქ მეორე სამშობლო იპოვა სუბტროპიკული ფლორის მრავალმა წარმომადგენელმა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან - ჩაის მცენარემ, ბამბუკმა, ზოგიერთმა სახეობამ და გვარმა Aurantiodeae-ს ქვეოჯახიდან, კამფორის და ცრუკამფორის დაფნამ, ლაქის ხემ, იაპონურმა კრიპტომერიამ, იაპონურმა მარაოსებრმა პალმამ; ხმელთაშუაზღვისპირეთიდან - ოლეანდრამ, ქვის მუხამ, კორპის მუხამ, ფიჭვმა, იტალიურმა ფიჭვმა, დაბალმა ხამეროპსმა; ავსტრალიიდან - ევკალიპტის მრავალმა სახეობამ, ვერცხლისფერმა აკაციამ; სამხრეთ ამერიკიდან - ფეიხოამ, პალმებმა, დიდებულმა იუბეამ; ჩრდილო ამერიკიდან - ბუციის სახეობებმა, კარიამ, მარადმწვანე სეკვოიამ, მსხვილნაყოფა კიპარისმა და პალმებმა.

ჩატარებული კვლევების პირველი ამოცანა იყო კულტურული მცენარეების ფართო ასორტიმენტის მოზიდვა სუბტროპიკული და ტროპიკული ქვეყნებიდან, მათი პრაქტიკული გამოსადეგობისა და ფასეულობების დაწვრილებით შესწავლა და შემდგომი ბიოლოგიური გამოკვლევები. მეორე ამოცანა გახდა ჯიშთა გამოცდა და შესასწავლი ინტროდუქციული მასალიდან უფრო ფასეულის გამოყოფა სამეურნეო გამოყენებისა და სელექციური მიზნებისთვის.

     მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს აკადემიკოსმა ა.დიდებულიძემ, პროფესორებმა: ო.თედორაძემ, ც.სამადაშვილმა, დოქტორებმა: გ.ცოფურაშვილმა, ნ.ხოხაშვილმა, ე.კაციტაძემ, ა.ნონიაძემ, გ.ქუთელიამ.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, კომისიის წევრები, დარგის სპეციალისტები, მეწარმეები.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com