პროფესორი თამაზ ბაციკაძე სტუ-ს ოქროს მედლით დაჯილდოვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის პროფესორ თამაზ ბაციკაძეს სტუ-ის ოქროს მედალი და ჯილდოს დამატასტურებელი სიგელი გადასცა.
როგორც დავით გურგენიძემ აკადემიურ საბჭოზე განაცხადა, პროფესორ თამაზ ბაციკაძეს ათეულობით წელია განსაკუთრებული წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში, ასევე მაღალი სტანდარტის შესაბამისად ახალი თაობის სწავლების პროცესში, რის საფუძველზეც აკადემიურმა საბჭომ მისი დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.
2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - სტუ-ის „ოქროს მედალი” - რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ განსაკუთრებული მნიშვნელობის ჯილდოა, რომელიც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობის, პროფესიული თავდადებისა და უნივერსიტეტის წინაშე გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის გაიცემა. ეს უნივერსიტეტის მხრიდან მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდი ერთგულებით ემსახურებიან არა მხოლოდ მეცნიერების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდობის განათლებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ღვაწლმოსილ მეცნიერს ამ უმაღლეს ჯილდოს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალ ახალ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
