საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე

94a50463 4b28 4c48 b3ce b1f225242911    საქართველოს სოფლის მეურნეოიბის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: „სამეცნიერო მიღწევები ვეტერინარიასა და მეცხოველეობაში:თეორიიდან პრაქტიკამდე“.

კონფერენცია საზეიმოდ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მისმა გამოსვლამ გამოკვეთა ღონისძიების მნიშვნელობა როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ბატონმა თენგიზმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა აღნიშნული თარიღი და ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ვეტერინარიულ-სანიტარიულ მდგომარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მან ხაზი გაუსვა დაავადებათა პრევენციის, ბიოუსაფრთხოების სტანდარტების დაცვისა და თანამედროვე ვეტერინარიული პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობას. ამასთანავე, აღნიშნა, რომ პროგრესის მიღწევა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ფერმერების, კერძო მეწარმეებისა და ცხოველთა მოვლა-მოშენებით დაკავებული პირების ცნობიერების ამაღლებაზე, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ მეცხოველეობის პროდუქციის ხარისხს და, შესაბამისად, მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის უსაფრთხოებას.

გამოსვლის დასასრულს მომხსენებელი შეეხო ვეტერინარული განათლების საკითხებსაც. მან მიმოიხილა არსებული პრობლემები, მათ შორის კვალიფიციური კადრების დეფიციტი და პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული სწავლების საჭიროება, წარმოადგინა რეკომენდაციები მათი აღმოფხვრის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების სისტემის მოდერნიზაციას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დარგის სპეციალისტთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

ამავე კონტექსტში, კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილ მოხსენებებში დარგის აქტუალური საკითხები უფრო დეტალურად და სიღრმისეულად იქნა განხილული. ერთ-ერთი ასეთი მოხსენებით – „პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა ცოფის დაავადების კონტროლში“ – აუდიტორიის წინაშე წარსდგა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის, ცხოველთა დაავადებების მართვის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ვეტერინარიის მაგისტრი ლენა ნინიძე. მომხსენებელმა ცოფი განიხილა როგორც განსაკუთრებით საშიში ზოონოზური ინფექცია და წარმოადგინა მისი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური თავისებურებები.e6d5320c ac8b 4273 a3c8 f28edc818487

მოხსენებაში აღინიშნა, რომ ცოფის ვირუსისადმი მგრძნობიარეა ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, მათ შორის შინაური (ძაღლი, კატა, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები) და გარეული (მელა, მგელი, ტურა, ენოტისმაგვარი ძაღლი, მღრღნელთა სხვადასხვა სახეობა და ღამურა), აგრეთვე ადამიანი. ინფიცირება, როგორც წესი, ხდება დაავადებულ ცხოველთან უშუალო კონტაქტის შედეგად — დაკბენის, დაკაწვრის ან ინფიცირებული ნერწყვის კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირზე მოხვედრის გზით.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ დაავადების კლინიკური ნიშნები ასახავს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებას და ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით. სიმპტომატიკა განსხვავდება სახეობების მიხედვით: ძაღლებში ხშირად ვლინდება აგრესიული ქცევა და ხმის ცვლილება; კატებში დაავადება მიმდინარეობს უფრო სწრაფად და გამოირჩევა აგრესიულობით; სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში აღინიშნება აღგზნება, ხმის ცვლილება და კუნთების ტრემორი; გარეულ ცხოველებში კი დამახასიათებელია ადამიანის მიმართ არაბუნებრივი ქცევა, რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ზედმეტი მიახლოვებით, ისე აგრესიით.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ცოფი საქართველოსთვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს. 2013 წლიდან განხორციელებული პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა დაავადების შემთხვევები, თუმცა იგი კვლავ ფიქსირდება როგორც ხორცისმჭამელ, ისე სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობას, რომელთა სისტემური და უწყვეტი განხორციელება წარმოადგენს ცოფის კონტროლისა და საბოლოო აღმოფხვრის მთავარ საფუძველს, რაც უზრუნველყოფს როგორც ცხოველთა, ისე ადამიანის ჯანმრთელობის ეფექტიან დაცვას.

 

4338affe 2ec3 4488 b473 98adf7e40ba1კონფერენციაზე მოხსენებით: „ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე, ხორცი, კვერცხი, თევზი) და ნედლეულის ხარისხის და უვნებლობის ლაბორატორიული კონტროლის ორგანიზაციის შესახებ“ გამოვიდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის, ვეტერინარული კონტროლის დაგეგმარების სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ვეტერინარიის დოქტორი ნონა ფაღავა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის ეფექტიანი კონტროლი, განსაკუთრებით გადამდები დაავადებების პრევენციისა და გავრცელების შეზღუდვის კონტექსტში, მოითხოვს სურსათისა და ნედლეულის სისტემურ ლაბორატორიულ მონიტორინგს. აღნიშნული პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრით, არამედ გულისხმობს მისი უვნებლობის სრულფასოვან შეფასებასაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რძესა და რძის პროდუქტებს, რომლებიც ადამიანის კვების რაციონში ფართოდ გამოიყენება. ამასთან, ისინი შეიძლება წარმოადგენდეს ინფექციის გადაცემის მნიშვნელოვან წყაროს, ვინაიდან ხშირად შეიცავს პათოგენურ მიკროორგანიზმებს, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ლაბორატორიები აღჭურვილი იყოს თანამედროვე აპარატურითა და შესაბამისი ინსტრუმენტარით, რაც უზრუნველყოფს პათოგენების დროულ აღმოჩენასა და იდენტიფიკაციას.

გარემოს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში. ნიადაგი ხშირად განიხილება წყლის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ, ხოლო მეცხოველეობა, სხვა რისკ-ფაქტორებთან ერთად, წარმოადგენს გარემოს, განსაკუთრებით კი ნიადაგის დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს. სუფთა წყალი, ნიადაგი და ჰაერი არსებით გავლენას ახდენს ცხოველის სიცოცხლის ყველა ეტაპზე — ზრდაზე, განვითარებაზე და პროდუქტიულობაზე. შესაბამისად, აღნიშნული გარემო ობიექტები საჭიროებს მუდმივ და სისტემურ კონტროლს, მათ შორის ლაბორატორიულ მონიტორინგს, რაც წარმოადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო სასურსათო პროდუქციის წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.

 

აუდიტორიის წინაშე თემაზე – „ქცევითი თავისებურებებისა და მათი მონიტორინგის კავშირი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობასთან“ – პრეზენტაცია წარმოადგინა ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა კობა მიქაძემ.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების პროდუქტიულობის ამაღლება მჭიდროდ არის დაკავშირებული მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან, რაც თავის მხრივ მოითხოვს მოვლა-შენახვისა და კვების ოპტიმიზაციას, ვეტერინარული უსაფრთხოების მკაცრ დაცვას, ასევე გენეტიკურად მაღალი პოტენციალის მქონე ცხოველების გამოყენებას.  04467ae0 bf5e 4206 b690 a5054e57781a

ცხოველთა ქცევა წარმოადგენს გარემო პირობების ცვლილებებზე რეაგირების მნიშვნელოვან ინდიკატორს. ეთოლოგია სწავლობს ამ ქცევით რეაქციებს და მათ კავშირს ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან. ეთოლოგიური მონიტორინგი საშუალებას იძლევა შეფასდეს ცხოველთა კეთილდღეობა, დროულად გამოვლინდეს სტრესული და პათოლოგიური ცვლილებები და გაუმჯობესდეს მართვის პირობები.

 

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (კომპიუტერიზებული და სენსორული სისტემები) ზრდის მონიტორინგის ეფექტიანობას და ქმნის ზუსტი მეცხოველეობის განვითარების საფუძველს. კვლევები აჩვენებს, რომ კეთილდღეობის გაუმჯობესება პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე, ამცირებს სტრესს და ზრდის პროდუქტიულობასა და პროდუქციის ხარისხს.

კონფერეციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, წევრ-კორესპონდენტმა დავით გოდერძიშვილმა, ასევე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპესიალისტებმა და აკადემიის აპარატის თანამშრომლებმა.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com