ა.წ. 7 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში, აკადემიის ხელმძღვანელობისა და პროფკმიტეტის ძალისხმევით ჩატარდა საზეიმო შეხვედრა, მიძღვნილი დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსები: ნაპოლეონ ქარქაშაძე, შოთა ჭალაგანიძე, ჯემალ გუგუშვილი, ომარ ქეშელაშვილი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიზე, პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე, ქალბატონთა მთელი შემადგენლობა და სხვა თანამშრომლები.
შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე სტუმრები: საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი კლარა მაჭარაშვილი და ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მაკა ჩიქოვანი.
შეხვედრა გახსნა და შესავალი სიტყვით გამოვიდა აკადემიის პროფკომიტეტის თავმჯდომარე დოქტ. გ.მოსაშვილი, რომელმაც მისალმების შემდეგ ქალბატონებს მიულოცა 3 და 8 მარტი და ისაუბრა ქალისა და დედის როლსა და მნიშვნელობაზე საზოგადოდ და კერძოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ქალისა და კაცის გენდერულ თანასწორობაზე, ქართველი ხალხის ისტორიულ პატივისცემასა და დაფასებაზე ქალისა და დედის მიმართ, მათ სახეზე ქართულ პოეზიაში. ასევე ილაპარაკა იმ ხელშეწყობაზე, რასაც იჩენს აკადემიის ხელმძღვანელობა თანამშრომელი ქალბატონების მიმართ.
გ.მოსაშვილმა შეკრებილთ გააცნო მარტის საერთაშორისო დღისადმი გამოგზავნილი მოლოცვები ყაზახეთიდან და საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტიდან.
შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და დედის დღე და ქალთა დღე გულთბილად მიულოცა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.
დამსწრე სტუმართაგან საზოგადოებას მიესალმა და ქალბატონებს საზეიმო დღეები მიულოცა საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა კლარა მაჭარაშვილიმა. მან ისაუბრა პროფკავშირული ორგანიზაციების როლზე ქალთა შრომის პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის მთელი რიგი შეღავათების დაწესების შესახებ; ასევე აღნიშნა ჩვენი აკადემიის პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ ბოლო წლებში გაწეული აქტიური მუშაობის შესახებ და მადლობა გადაუხადა აკადემიის პროფკომიტეტის ყოფილ თავმჯდჯმარეს, პრეზიდენტის მოადგილეს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს გაწეული პროფკავშირული საქმიანობისათვის.
შეხვედრაზე თავიანთი აზრი გამოთქვეს ქალბატონებმა ი.ბახტაძემ, ლ.სულაქველიძემ და ნ.პეტროსიანმა. ქალბატონებს დედის დღე და 8 მატი მიულოცა მთავარმა სპეციალისტმა ბადრი ცერცვაძემ. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრაზე აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილის გამოსვლა, რომელმაც ორიგინალურად და საინტერესოდ მიულოცა ქალბატონებს 3 და 8 მარტის საზეიმო დღეები და წაიკითხა საკუთარი მგრძნობიარე ლექსები, მიძღვნილი ქალისა და დედისადმი; ასევე თითოეულ ქალბატონს მიუძღვნა ერთ-ორ კუპლეტიანი შინაარსიანი ლექსები, სადაც ხაზგასმული იყო მათი იდივიდუალური ნიუანსები, რამაც საერთო მხიარულება გამოიწვია.
დასასრულს, ქალბატონებს გადაეცათ აკადემიაში დამზადებული სპეციალური მისალოცი ბარათები და ფასიანი საჩუქრები. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.