საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გურამ ტყემალაძის იუბილე

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლისთავს.

     ჩვენთვის, ქართველი აგრარიკოს მეცნიერებისათვის კარგადაა ცნობილი თქვენი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

    Tkemaladze თქვენ 1941 წელს 25 აპრილს დაიბადეთ თბილისში, მათემატიკოსების ოჯახში. 1958 წელს თბილისის 51-ე საშუალო სკოლის ვერცხლის მედალზე დამთავრების შემდეგ, სწავლას აგრძელებთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ 1963 წელს მუშაობა დაიწყეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ბიოქიმიის ლაბორატორიაში ინჟინერ_ქიმიკოსად. 1965_1968 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარეთ მოსკოვში, ა.ნ. ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტში, სადაც 1968 და 1984 წლებში დაიცავით საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ბრძანდებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის უმცროს და უფროს მეცნიერთანამშრომლად, კითხულობდით ლექციების კურსს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ქიმიის ფაკულტეტებზე, იყავით საქართველოს ზოოტექნიკურ_სავეტერინარო სასწავლო_კვლევითი ინსტიტუტის (შემდგომში - "აკადემია") არაორგანული და ბიოორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგე, დღემდე მუშაობთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის სრული პროფესორისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობებზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ბრძანდებით აკადემიური საბჭოს წევრი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბჭოს წევრი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული ტექნოლოგიების დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული გაქვთ 113 სამეცნიერო შრომა, 7 სახელმძღვანელო, მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახელმძღვანელო - "ბიოქიმიის საფუძვლები", რომელსაც 2015 წელს მიენიჭა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის და "ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ენციკლოპედიური ლექსიკონი".

     თქვენი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მცენარეების ფერმენტების სტრუქტურასა და ფუნქციას შორის ურთიერთკავშირის შესწავლა; ფერმენტების აქტივობისა და ბიოსინთეზის რეგულირება; ფერმენტების მოქმედების კინეტიკა; მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე ფიზიოლოგიურად აქტიური ნაერთების, ჰერბიციდების, მინერალური და ორგანული მარილების მოქმედება და დეტოქსიკაციის გზების შესწავლა; ღვინისა და ჩაის წარმოების ნარჩენებიდან საკვები ცილის მიღება და მისი გამოყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვებაში; ჯანმრთელი და დაავადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლში სუნთქვის ფერმენტების ლაქტატ და მალატდეჰიდროგენაზების შესწავლა დაავადებებსა და აღნიშნულ ფერმენტთა აქტივობებს შორის ურთიერთკავშირის დადგენის და გავლენის შესწავლა მათი აღწარმოებითი უნარის ამაღლების მიზნით და სხვა.

     თქვენი მეცნიერული კვლევის 4 ათეულზე მეტი შედეგები თავისი ილუსტრაციებით შეტანილია როგორც სამამულო, ისე მრავალ უცხოურ სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიაში. თქვენი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი დისერტაცია და სადიპლომო ნაშრომი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტებზე.

     თქვენ წარმატებით მონაწილეობდით მთელ რიგ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, მსოფლიო ყრილობებსა და კონგრესებში. დაჯილდოებული ბრძანდებით “ღირსების ორდენით”.

     დღესაც ეწევით აქტიურ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გ. ალექსიძე

ქ. თბილისი, 25 აპრილი, 2016 წელი

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com