2016 წლის 18-20 აპრილს, ქ. მარაკეშში (მაროკო) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია რომელიც მიეძღვნა საკვებად გამოსაყენებელი პარკოსანი კულტურების შესწავლას. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ მშრალი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ცენტრი და მოროკოს სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სამინისტრო.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე სპეციალისტმა, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ კულტურებზე. ქართული აგრარული მეცნიერება კონფერენციაზე წარადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ.
კონფერენციის მუშაობის პერიოდში მოხსენებებით გამოვიდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები - პროფ. რატან ლაი - აშშ ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ICARDA-ს გენერალური მდივანი პროფ. მაჰმუდ სოლხი, მაროკოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დოქტ. ნაბელ ჩაოექი, FAO-ს, IFAD-ის, ICGISAT-ის, ICARDA-ს, ამერიკის, კანადის, ახალი ზელანდიის, ინდოეთის, ესპანეთის, ეთიოპიის, საფრანგეთის, მაროკოს, ავსტრალიის და სხვათა წარმომადგენლები.
აკად. გურამ ალექსიძემ კონფერენციაზე წარადგინა პოსტერი, სადაც განხილული იყო საქრთველოში არსებული პარკოსანი კულტურების გენეტიკური რესურსები, აგრეთვე ამ კულტურების მავნებელ-დავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. აკად. გ. ალექსიძეს კონფერენციის პერიოდში ჰქონდა შეხვედრები მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან, ზოგიერთმა მათგანმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2016 წლის 28-30 სექტემბერს.
კონფერენციის ბოლო დღეს მიღებული იქნა დეკლარაცია, რომელიც ასახავს პარკოსანი კულტურების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობას და მსოფლიოს ქვეყნებში მათი გამოყენების პერსპექტივებს.