2016 წლის 13 მაისს ქ. ბათუმში ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოც. პროფესორმა მერაბ ხალვაშმა.
მემორანდუმზე ხელის მოწერას დაესწრენ რექტორის მოადგილე ქალბატონი ნათელა წიკლაშვილი და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, სსმმ აკადემიის წევრები აჭარიდან - აკად. გურამ პაპუნიძე და აკად. რეზო ჯაბნიძე, აგრეთვე სტუმრები თბილისიდან -პროფ. თ. კაჭარავა და სხვები, გაზეთ "აჭარის" კორესპონდენტი რევაზ მსხილაძე.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მეცნიერებისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით ურთიერთკავშირების განვითარებას.
მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ და უზრუნველყოფენ მეცნიერების და პროფესორ-მასწავლებლთა ურთიერთდახმარებას აგრარული სფეროს აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ტრეინინგების და სემინარების ჩატარებას ახალგაზრდა მეცნიერებთან, გამოცდილების გაზიარებას აგრარული მიმართულებების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში, ერთობლივი სამეცნიერო სიმპოზიუმების და კონფერენციების ორგანიზებას და ჩატარებას, მხარეების ერთობლივ მონაწილეობას აგრარული მიმართულების პროექტებსა და პროგრამებში და სხვა.
გამოითქვა სურვილი, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერი კონფერენციის მუშაობაში 2016 წლის 28-30 სექტემბერს.