მიმდინარე წლის 21 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. მისი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურულ, აღჭურვით და პროგრამული უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სამუშაოებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელზედაც სტუდენტთა პირველი მიღება 2014-2015 წლისთვის განხორციელდა, ფუნქციონირებას ახალ, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში გააგრძელებს, ახალი კორპუსი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მეცნიერებთან ერთად გახსნა.
ახალი სასწავლო კორპუსი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის“ ფარგლებში გაიხსნა და აქვე გაიმართა ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება „აგრარული მეცნიერების დღე“. ღონისძიება მოიცავდა აგრარული მეცნიერების თემაზე კონფერენციებს, საჯარო ლექცია-პრეზენტაციებს, ტრენინგებს. თავად ფესტივალი მეხუთე დღეა რაც მიმდინარეობს და არაერთი საინტერესო ღონისძიება შესთავაზა მეცნიერებს, დაინტერესებულ პირებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს. „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“ 25 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.
რაც შეეხება აგრარული მიმართულების ახალ სასწავლებელს, მას გააჩნია ულტრათანამედროვე ლაბორატორიები და ისეთი აღჭურვილობა, რომლის მსგავსი საქართველოში არათუ ერთი ფაკულტეტის ფარგლებში, არამედ, რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზეც კი, ჯერ არ არსებობს. სასწავლო კორპუსს ასევე აქვს სივრცე სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და იგი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არამედ, ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტში გაერთიანებულია 8 საგანმანათლებლო პროგრამა: მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრობიზნესის მენეჯმენტი, სასურსათო ტექნოლოგიები, სატყეო საქმე, აგრარული ტექნოლოგიები და აგროინჟინერია. მათგან 7 პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული.
ამავე დღეს "მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი - 2016"-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის შენობაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "საქართველოს ფიტოგენეტიკური რესურსები და მისი გაუმჯობესების ინოვაციური ტექნოლოგიები".
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა -არჩილ ფრანგიშვილმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა - გურამ ალექსიძე; სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსმა, აკადემიკოსმა ზაურ ჩანქსელიანმა; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა.
წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები:
1. ვაზის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებები საქართველოში;
2. სამკურნალო, არომატულ სანელებელ და საღებავ მცენარეთა გენეტიკური რესურსი საქართველოში;
3. სიახლე საქართველოს სიმინდის გენეტიკა-სელექციაში;
4. ველური, უეკლო კულტივირებული და in vitro მეთოდით გამრავლებული მაყვლის (Rubus Caesius) ბიოქიმიური თავისებურებანი.
5. მოცვისებრთა გვარის (Vaccinium) ბიომრავალფეროვნება, ბიოლოგიური თავისებურება, გადამუშავება და გამოყენება.
6. ტრიტიკალეს (×Triticosecale Wittm & A. Camus) ბიოლოგიური თავისებურებანი და სამეურნეო მაჩვენებლები
7. in vitro კარტოფილის ელიტური თესლის მიღების ახალი ტექნოლოგია
8.კაკლის in vitro სინჯარის მცენარეების მიღება