საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის თაობაზე კონსულტაციებში იღებს მონაწილეობას
2018 წლის 23 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ და ელგუჯა შაფაქიძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტში აგრარული კომიტეტის ინიციატივით ჩატარებულ კონსულტაციებში, რომელიც ეხებოდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის განხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი შემუშავების პროცესშია, კონსულტაციები იმართება სხვადასხვა ორგანიზაციის, სფეროსა თუ სექტორის წარმომადგენლებთან და ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს კანონპროექტის საბოლოო კონდიციამდე მიყვანას. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტში უკვე წარმოდგენილია ბევრი შენიშვნა, წინადადება თუ რეკომენდაცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აისახა კიდეც პროექტში.
შეხვედრაზე კანონპროექტის ირგვლივ მნიშნელოვანი მოსაზრებებით და წინადადებებით გამოვიდა აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. თავის გამოსვლაში ბატონმა ნოდარმა მხარი დაუჭირა სასოფლო სამეურნეო მიწის ეროვნული სიმდიდრის რაციონალურად გამოყენების მიზნით პროექტში ჩამოყალიბებულ ძირითად პრინციპებს და აღნიშნა, რომ კანონის მიღება დააჩქარებს სასოფლო სამეურნეო წარმოებისა და მასთან დაკავშირებული დარგების კომპლექსური განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნას. ამასთან მან წარმოადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ზოგიერთი მოსაზრება, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს კანონპროექტით განხილული მიზნების (ამოცანების) განხორციელებას.
აკად. ნ. ჭითანავამ წინადადება შეიტანა, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებში აუცილებლად შეტანილი იქნეს მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები; მან აღნიშნა აგრეთვე, რომ საჭიროა კანონში განისაზღვროს წესი, რომლის მიხედვით უცხოელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი გადაეცეს მხოლოდ საიჯარო ურთიერთობათა საფუძველზე, ვინაიდან საიჯარო ურთიერთობების განვითარება მიწის ბაზრის ფორმირება-სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის შესახებ კანონპროექტში სტრატეგიულად სწორად არის განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის საკითხები. ამასთან დაკავშირებით აკად. ნ. ჭითანავამ წინადადება შეიტანა, რომ საჯარო სამსახურის იურიდიულ პირს - მიწის მდგრადი განვითარებისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ეწოდოს „მიწის რესურსების მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტო“.
ოთარ დანელიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა მორატორიუმმა საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები და სირთულეები შექმნა. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარალელურად, ცვლილებები შეიტანონ მოქმედ მორატორიუმში, რათა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ისევ გახდეს უფრო თავისუფალი, ვინაიდან სწორედ ამ მორატორიუმის გამო, საკამოდ დიდი აქტივები დღეს განკარგვის გარეშეა.
აკად. ნ. ჭითანავას წინადადებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენებაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალიზებული საადგილ-მამულო სახელმწიფო კომერციული ბანკი, რომელიც მოემსახურება აგრარული სექტორის განვითარებას, ხელს შეუწყობს მიწის რაციონალურად გამოყენების სტიმულირებას.
აკად. ნ. ჭითანავს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რომ ამჟამად დადგენილი წესის მიხედვით საქართველოს მიწის ფონდში შეტანილია საქართველოს ტერიტორიული წყლების ფართობი. აღნიშნული ფართობი ცალკე უნდა გამოიყოს და დაფიქსირდეს მისი სტატუსის მიხედვით. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნეს განხილულ კანონპროექტში.
შეხვედრის დასასრულს ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიმართ გამოთქმული წინადადებები და მოსაზრებები გადამუშავდება კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის მიერ და შესაძლებელია მათი კანონპროექტში გათვალისწინება. ბატონმა ოთარმა კანონპროექტის მიღების პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ინიცირება თვის ბოლომდე მოხდება, საბოლოო მიღება კი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე იგეგმება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით პროცედურა ასეა განსაზღვრული.