2018 წლის 28-30 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკისა და FAO-ს მოწვევით პრაღაში ჩატარდა ექსპერტთა საკონსულტაციო თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, ოფიციალურმა პირებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. ისინი განიხილავდნენ ბიოუსაფრთხოების საკითხებს, უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას გენური ინჟინერიის უპირატესობებზე, რისკებზე და რეგულაციის საკითხებზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან საკონსულტაციო თათბირში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები: ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ბოსნია-გერცოგოვინადან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, მოლდოვადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული ქვეყნების მთავრობები თანამედროვე ბიოტექნოლოგიის სფეროში იყენებენ ორმხრივ პოლიტიკას. ეს არის „მაქსიმალური უპირატესობა და რისკების მინიმიზაცია.“
„მაქსიმალურ უპირატესობაში“ მოიაზრება სასურსათო უსაფრთხოება და კვების გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაცია და მისი ზეგავლენის შესუსტება, ასევე ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირება. რისკების მინიმიზაციაში კი მოიაზრება ბიოუსაფრთხოების სფეროში ეროვნული სისტემებისა და წესების შემუშავება და დანერგვა.
FAO-ს სპეციალისტმა ნევენა ალექსანდროვა-სტეფანოვამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დახმარება გაეწიოს მთავრობებს რათა მათ განამტკიცონ თავიანთი ცოდნა ბიოტექნოლოგიის სფეროში და ეს მიღწეული უნდა იქნეს იდეების ურთიერთგაცვლით ყველა დონეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ კვლევები და ინოვაციები თამაშობენ გადამწყვეტ როლს დღევანდელი და ხვალინდელი პრობლემების გადაჭრაში, ამიტომაც რთული ამოცანები რთულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
თათბირი ჩატარდა პრაღის მემცენარეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მონაწილეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის გენეტიკური რესურსების ბანკი და საცდელი ნაკვეთები.