მიმდინარე წლის 1-6 სექტემბერსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის დელეგაცია, კიმ სონ დოკი (კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი), პარკ ჰე ჯინი (კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი), პროფესორი ჰუნ ჰე კიონი (კორეის იონამის უნივერსიტეტი), რომელიც განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი და ამოცანაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხორციელება. საქართველოს მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობდნენ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზედენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დოქტ. ანატოლი გიორგაძე, ცენტრის სწავლული მდივანი დოქტ. თინათინ ეპიტაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში ექსპედიციის მონაწილეებმა მოინახულეს “მეღვინეობა ხარების” ყვარლის ვაზის საკოლექციო ნარგაობა, ალაზნის ველის განაპირას მდებარე „მეღვინეობა ხარებას“ უნიკალური ღვინის საცავი – გვირაბი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ვაზის ქართულ ენდემურ ჯიშებს, დააგემოვნეს ღვინის სხვადასხვა სახეობა. მათ ასევე მოინახულეს “კორპორაცია ქინძმარაული”-ს ღვინის ქარხანა ყვარელში, სადაც საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ღვინის წარმოების როგორც ძველ, ტრადიციულ, ასევე ახალ ტექნოლოგიებს. სპეციალურად სტუმრებისთვის მოეწყო ღვინის 7 სახეობის დეგუსტაცია.
ექსპედიციის ფარგლებში კახეთის და აჭარის რეგიონებში შეგროვებული და გაგზავნილი იქნა სამხრეთ კორეის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, მათი ქსოვილის კულტურის მეთოდით გამრავლების მიზნით ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების 52 ნიმუში. მომავალში გათვალისწინებულია ქართველი სპეციალისტების მივლინება კორეაში ქართული ვაზის ჯიშების ადგილობრივ პირობებში გამრავლების შესწავლის მიზნით.