2018 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასების საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პრეზიდენტი - პროფესორი ანდრეას ჰენსელი (Prof. Dr. Dr. Andreas Hensel), ოფისის აღმასრულებელი ხელმძღვანელი: დოქტორი მაგნუს ეგერი (Dr. Magnus Jäger). აღნიშნული ინსტიტუტის საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან. ინსტიტუტი ახორციელებს დამოუკიდებელ სამეცნიერო შეფასებებს, კვლევებს და გამჭვირვალე კომუნიკაციას სურსათთან და ცხოველის საკვებთან, სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციასთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. ისინი ატარებენ ასევე კვლევებს, რათა სამეცნიერო ექსპერიმენტის პირობებში, მინიმუმამდე შემცირდეს ცხოველთა გამოყენება. მათი კვლევის შედეგები მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს, გადაწყვეტილებები მიიღონ მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ეს არის გერმანიის წამყვანი ინსტიტუტი, რომელიც ადგენს სტანდარტებს მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რათა ადამიანებისთვის მსოფლიო გახდეს უფრო უსაფრთხო. ინსტიტუტში საქმიანობს დაახლოებით 750 შტატიანი თანამშრომელი და მის სტრუქტურაში შედის 9 დეპარტამენტი: ადმინისტრაციული, რისკის კომუნიკაციის, ექსპოზიციის, ბიოუსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, პესტიციდების უსაფრთხოების, ქიმიური ნივთიერებებისა და პროდუქტების უსაფრთხოების, სასურსათო ქსელის უსაფრთხოების, ექსპერიმენტული ტოქსიკოლოგიის.
აღნიშნული მრგვალი მაგიდის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, აკადემიის აპარატი და აკადემიის ეროვნული კოორდინატორები.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. იგი მიესალმა გერმანელ სტუმრებს და აღნიშნა, რომ
სურსათის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოში სურსათის რისკის შეფასებისთანამედროვე და ინოვაციური სამეცნიერო გარემო, ხარისხის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ ინსტიტუციური შესაძლებლობების გაფართოება შეუძლებელია ამ სფეროში ევროპის წამყვან ავტორიტეტულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის, მათი გამოცდილების გაზიარებისა და ამ სივრცეში ინტეგრაციის გარეშე. მით უმეტეს, რომ სწრაფად განვითარებად მსოფლიოში მუდმივად არსებობს ახალი რისკ-ფაქტორების წარმოქმნის საშიშროების პირობები, სულ უფრო რთულდება ადამიანის ჯანმრთელობის გაფრთხილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შერჩევა.
საქართველოში რისკის ანალიზის შესაძლებლობების განვითარებისათვის, მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით გამოცდილი ადამიანური რესურსის არსებობა. სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების გერმანიის ფედერალური იინსტიტუტი ამ კუთხით უამრავ აქტივობას ახორციელებს: გადაცემს ცოდნას და მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან და დარტგის სპეციალისტებთან. ეს კი ხელს შეუწყობს საქართველოში ერთის მხრივ სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების რაოდენობის გაზრდას და ასევე, ეროვნულ დონეზე სურსათის უვნებლობის სფეროში მეცნიერული პრინციპებისა და რისკის ანალიზის თანმიმდევრული გამოყენების შესაძლებლობების არსებობას.
აკად. გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აკადემიის როგორც მასპინძლის როლი განპირობებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიზნებისა და ამოცანების, ასევე აკადემიის ფარგლებში რისკის შეფასებასთან დაკავშირებული აქტივობებიდან გამომდინარე. აკადემიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურას წარმოადგენს სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილება, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება სურსათთან დაკავშირებული რისკების შეფასებას, საფრთხეების ინიცირებას, მეცნიერული განხილვების ორგანიზებას, თუ საკანონმდებლო ინიციატივებს.
ამის შემდეგ მან სიტყვა გადასცა სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს. მან დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა მოკლე ინფორმაცია იმ სამუშაოების შესახებ, რომელსაც ახორციელებს აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სურსათის უვნებლობისა და რისკების შეფასების გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ანდრეას ჰენსელმა, რომელმაც ისაუბრა გერმანიის გამოცდილებაზე რისკების შეფასებისა და მათი პრევენციის მიმართულებით. დასასრულს მან წარმატება უსურვა ქართველ კოლეგებს და გამოთქვა სურვილი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოსებმა: არჩილ ვაშაკიძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, პროფესორებმა ანზორ მესხიშვილმა და ქეთევან დადიანმა.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.