საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
საერთო კრება
2019 წლის 28 თებერვალს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, სადაც მოსმენილი იქნა აკადემიის პრეზიდენტის ანგარიში 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
საერთო კრებას აკადემიის წევრების გარდა ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ამავე აკადემიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ოთარ ნათიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტ. ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის თანამშრომელები, აკადემიის დარგობრივი კოორდინატორები და სხვა.
კრების დასაწყისში აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ აკადემიის დიპლომები გადასცა 2018 წლის აგრარული მიმართულების ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომების ავტორებს - აკადემიის პრემიის ლაურეატებს.
თავის საანგარიშო მოხსენებაში აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ დეტალურად განიხილა აკადემიის განვლილი წლის საქმიანობა, მიმოიხილა აკადემიის თანამშრომლობა საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ორგანიზაციებთან, აკადემიის სამეცნიერო თემატიკით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მდგომარეობა, აკადემიის წარმატებები საგამომცემლო და სხვა საქმიანობაში და ისაუბრა აკადემიის სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.
შემდეგ საანგარიშო გამოსვლები ჰქონდათ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებს - აკადემიკოსებს გ. მარგველაშვილს, ჯ. გუგუშვილს, რ. მახარობლიძეს, ო. ქეშელაშვილს, ზ. ცქიტიშვილს და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს აკად. გივი ჯაფარიძეს.
აკადემიის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის 2018 წლის სამეცნიერო საქმიანობა შეაფასა დადებითად.
აკადემიის საერთო კრებაზე განხილული იქნა სხვა მიმდინარე საკითხებიც, რომელიც აკადემიის წარმატებული საქმიანობისათვის არის მიზანშეწონილი.