საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვიზიტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
მიმდინარე წლის 21 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. შეხვედრა წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნატო კობახიძე, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების გამგე, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, ასევე აგრარული და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების მეცნიერ-სპეციალისტები, აკადემიის აპარატის მუშაკები.
მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ ბატონმა გივიმ ფართოდ გააშუქა აკადემიის საქმიანობა, მისი სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებით აკადემიაში წარმოებულ საქმიანობაზე. აღინიშნა, რომ ეკოლოგია, ტყე ეს არ არის მარტო დარგის სპეციალისტების საზრუნავი, იგი თითოეული ჩვენთაგანის საფიქრალია. აკადემიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აკადემიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, მის მნიშვნელობაზე, აკადემიის მხრიდან გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებით კონკრეტული საქმიანობების მეცნიერულ უზრუნველყოფაზე.
შემდეგ ბატონმა გივის სიტყვა გადასცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბატონ აპოლონ კაკაბაძეს. ბატონმა აპოლონმა მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას გულთბილი მიღებისათვის. ისაუბრა სატყეო სააგენტოს საქმიანობაზე, ხედვებზე, სტრუქტურაზე, გაწეულ სამუშაოებზე, რის შემდეგაც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია იორდანიშვილმა დარბაზში მყოფ მსმენელებს წარმოუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „სატყეო რეფორმა და მიდინარე ღონისძიებები“. პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იყო: ტყის ეკოლოგიურად გონივრული, სოციალურად სარგებლიანი და ეკონომიკურად წარმატებული მართვა; სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2023-2028; სოციალური ჭრები და ამ მიმართულებით დადგენილი ლიმიტები. გარდა ამისა საუბარი წარიმართა განხორციელებულ სამუშაოებზეც, როგორიცაა: ტყის ეროვნული აღრიცხვა, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმის განახლება, რომელიც 2030 წლისათვის სრულად იქნება მოცული, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები, რომელიც 2023 წელს 3440,2 ჰა ფართობზე განხორციელდება. ქალბატონმა ნათიამ აუდიტორიას მოუთხრო ტყეზე ზრუნვის მოხალისეობრივი პლატფორმის - „ტყის მეგობრის“ შესახებაც, ტყის აღდგენის სამიზნე რეგიონებზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ გათვალისწინებულია 20 000 ჰა ტყის აღდგენა, რასაც დასჭირდება 60 მლნ. გახარებული ხე და 6 მლნ. ნერგი.
პრეზენტაციის დასასრულს გაამართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ. ჯაფარიძემ, ნ. ჭითანავამ, თ. ყურაშვილმა. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ნ. იორდანიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა.
მრგვალი მაგიდა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა ბატონ ა. კაკაბაძეს და ნ. იორდანიშვილს მობრძანებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო ეფექტურს და პროდუქტიულს გახდის ურთიერთობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.