საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

მეტყევის დღე

სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა

 

 842954765 1117952054091071 7108800330799430709 n     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა 9 ოქტომბერს მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საქმეში მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

       „საქართველოში სატყეო რეფორმა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მისი მთავარი მიზანი საქართველოს ტყეების მდგრადი მართვა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. მეამაყება, რომ თქვენთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ უპრეცედენტო და ყოვლისმომცველ ცვლილებებს, რომელთა მსგავსი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ეს არის საქმე არა მხოლოდ ტყის, არამედ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავლისთვის. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ საქართველოს ტყეებზე - ტყის მცველების, მეტყევეების, სპეციალისტებისა და მეცნიერების. მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს შესაძლებლობა მაქვს, დავაჯილდოვო ტყის სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროფესიული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის სატყეო სფეროს განვითარებაში.842995045 955048597201491 1961329395604960027 n

თქვენი სახით ტყეს საიმედო პატრონი ჰყავს, ხოლო თქვენ, სამინისტროს სახით, ღირსეული პარტნიორი და ქომაგი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

  844321700 1387371610046695 1005514601680177144 n    წლების განმავლობაში ტყის სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და აჭარის ა/რ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს სამკერდე ნიშნები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

        ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან დამსახურებული მეტყევის წოდება მიენიჭა აკადემიკოს გიორგი გაგოშიძეს. საპატიო მეტყევის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

 

 

 

 

 

 7fff173a b629 4daf a37c e5adc285e716     10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება. მეტყევეები ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ სიმდიდრეს — ტყეს — იცავენ, რაც ამ პროფესიის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და მნიშვნელობას განაპირობებს.

მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციისა და სატყეო დარგის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით, მეტყევის დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა გაიმართა.

სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი; აგრეთვე, ამავე ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები.

სხდომა გახსნა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მოკლედ მიმართა და მეტყევის პროფესიული დღე მიულოცა. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, სოფლის მეურნეობის დოქტორ ზვიად ტიგინაშვილს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ქართული მუხის ტყის ტიპოლოგიური მრავალფეროვნება შიდა ქართლის რეგიონში“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ტყის ტიპოლოგიური შესწავლა აუცილებელია ტყის ეკოსისტემის სრულყოფილად შესაფასებლად. ერთი და იმავე დომინანტი სახეობით — მოცემულ შემთხვევაში, ქართული მუხით — წარმოდგენილი ტყეები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან სახეობრივი შემადგენლობით, კორომის სტრუქტურითა და სიხშირით, ქვეტყის განვითარებით, ბალახოვანი საფარის შემადგენლობით, ნიადაგური პირობებით, ტაქსაციური მაჩვენებლებითა და სხვა მახასიათებლებით.

ამ განსხვავებების გამოვლენა საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად შეფასდეს ტყის ეკოლოგიური თავისებურებები და განისაზღვროს, თუ როგორ მოქმედებს კონკრეტული ადგილსამყოფელის პირობები მუხნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

კვლევის ფარგლებში საველე მასალა შეგროვდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ექვს სატყეო უბანში: ალის, ცედანის, ჩორჩანის, ხაშურის, ზღუდერისა და სურამის სატყეო უბნებში. შესწავლილი იქნა 11 სანიმუშო ფართობი. მათი აღწერისას გათვალისწინებული იყო რელიეფი, ფერდობის დახრილობა და ექსპოზიცია, ზღვის დონიდან სიმაღლე, ნიადაგური პირობები, კორომის შემადგენლობა და სტრუქტურა, ქვეტყე, ცოცხალი საფარი და ძირითადი ტაქსაციური მაჩვენებლები.

მიღებული მასალების საფუძველზე მუხნარების ტიპები სამ ძირითად ეკოლოგიურ ჯგუფად დაჯგუფდა: ქსეროფილურ, ჰემიქსეროფილურ და მეზოფილურ ტიპებად. ეს დაჯგუფება ასახავს შესწავლილ ტერიტორიაზე ადგილსამყოფელის ეკოლოგიური პირობებისა და ტყის მცენარეული საფარის თავისებურებებს.

მოხსენებაში განხილული იყო აგრეთვე ძირითადი, ანუ პირველადი, ტყის ტიპებისა და წარმოებული, მეორეული ან სახეცვლილი ტყის ტიპების გამიჯვნის საკითხი. კვლევის შედეგების მიხედვით, მუხნარების თანამედროვე მდგომარეობასა და სტრუქტურაზე გავლენას ახდენს როგორც ბუნებრივი გარემო პირობები, ისე სხვადასხვა ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორი. შესაბამისად, ტყის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დომინანტი სახეობის განსაზღვრა, არამედ იმ ეკოლოგიური პირობებისა და განვითარების თავისებურებების გათვალისწინებაც, რომლებმაც კონკრეტული ტყის ტიპის ჩამოყალიბება განაპირობა.

მუხის ტყეების ტიპოლოგიური შესწავლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტყის მდგრადი მართვის თანამედროვე მიდგომების პირობებში. ტყის რესურსების ეფექტიანი მართვა მოითხოვს მათი მდგომარეობის, ეკოლოგიური თავისებურებებისა და განვითარების პოტენციალის სრულყოფილ შეფასებას. ამ თვალსაზრისით, ტიპოლოგიური კვლევები ავსებს ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის მონაცემებს და ხელს უწყობს მათ ეკოლოგიურ ინტერპრეტაციას.

ზ. ტიგინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყის ტიპების გამოვლენა და მათი ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირება მნიშვნელოვანია ტყის მდგომარეობის შეფასების, ბუნებრივი განახლების პროცესებზე დაკვირვების, ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვისა და გრძელვადიანი მონიტორინგისათვის. ერთი და იმავე დომინანტი სახეობით წარმოდგენილი კორომების მართვისას შესაძლოა განსხვავებული მიდგომების გამოყენება გახდეს საჭირო, რადგან მათი ეკოლოგიური პირობები, სტრუქტურა და განახლების პოტენციალი ყოველთვის იდენტური არ არის.

ტიპოლოგიური მონაცემების გამოყენება საფუძველს ქმნის ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის დროში შესადარებლადაც. განმეორებითი დაკვირვებები შესაძლებელს გახდის შეფასდეს, როგორ იცვლება კორომის შემადგენლობა, ქვეტყე, ბალახოვანი საფარი და სხვა მახასიათებლები ბუნებრივი პროცესებისა თუ გარემოზე მოქმედი ფაქტორების გავლენით.

ამასთან, კვლევის შედეგების შიდა ქართლის მთელ რეგიონზე განზოგადება დამატებითი საველე კვლევების გარეშე მიზანშეწონილი არ არის. წარმოდგენილი მასალა უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში შესწავლილ მუხნარებს ეხება. შესაბამისად, რეგიონული სურათის სრულყოფილად წარმოსაჩენად მიზანშეწონილია კვლევის გაგრძელება შიდა ქართლის სხვა ტყიან ტერიტორიებზეც, მათ შორის თეძამის, ტანასა და ძამის ხეობებში.

მოხსენების მთავარი გზავნილი იყო, რომ ტყის მდგრადი მართვისთვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი შემადგენლობისა და მარაგის აღრიცხვა, არამედ ეკოლოგიური თავისებურებებისა და განვითარების კანონზომიერებების გააზრებაც. სწორედ ამგვარი მიდგომა ქმნის საფუძველს ტყის რესურსების გონივრული მართვის, მათი ბუნებრივი პოტენციალის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ტყის ეკოსისტემების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაებნენ როგორც მეცნიერები, ასევე სტუდენტებიც.

სხდომა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვასა და მათი გადაჭრის გზების დასახვას.

ფესტივალი

სიახლეები

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2026

  840962020 3054298191584324 9125370429063701581 n მიმდინარე წელს, ფესტივალის 10 წლის იუბილე აღინიშნა და ტრადიციულად, გურჯაანში, ახტალის პარკში გაიმართა. საიუბილეო წლის მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო, რომელიც 8000 წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს.

       გურჯაანის ღვინის ფესტივალს  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  და მთავრობის წევრები დასწრნენ.

     „ვულოცავ გურჯაანის ღვინის ფესტივალს 10 წლის იუბილეს. წლების განმავლობაში ფესტივალი მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართველი მეღვინეების, მევენახეებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის, მომხმარებელთან შეხვედრისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი ბიზნესის განვითარებას. წელს, ფესტივალზე 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ღონისძიების მასშტაბურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ფესტივალი უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთს შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რეგიონის სტუმართმასპინძლობის ტრადიციას და ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.843697346 1157034420648310 8857151187854130904 n

     გურჯაანის ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მეღვინეობის განვითარებასა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ღონისძიებამ სხვადასხვა რეგიონის მეღვინეები და ღვინის მწარმოებლები გააერთიანა და სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ.

მილოცვა

სიახლეები

 

2258d980 a8ca 41de bc67 e317060b730f  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილს ფარიკაობაში

„სპორტის რაინდის“ წოდების მინიჭებას.

 

აკადემია ბატონ ზურაბს უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობაში.

                 

 

 

 

 ღრმად პატივცემულ აკადემიკოსებს —  ბატონ  რამაზ ხუროძეს,  ვლადიმერ პაპავას,  ლევან ჯაფარიძეს   და  რამაზ ხეცურიანს

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და აგრარიკოს მეცნიერთა სახელით გულითადად გილოცვათ  თბილისის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭებას.

      ეს მნიშვნელოვანი აღიარება წარმოადგენს არა მხოლოდ თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო, აკადემიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ღირსეულ შეფასებას, არამედ იმ განსაკუთრებული წვლილის დაფასებასაც, რომელიც თქვენ შეიტანეთ ქართული მეცნიერების, განათლებისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში.

      თქვენი პროფესიული გზა, მეცნიერული ღვაწლი და ინტელექტუალური მემკვიდრეობა ქართული აკადემიური სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენი საქმიანობა არაერთი თაობისთვის ცოდნის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის სამსახურის მაგალითს წარმოადგენს.

          თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი გამოხატავს დედაქალაქისა და საზოგადოების პატივისცემას იმ ადამიანებისადმი, რომელთა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის კულტურულ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

     გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს, ახალ სამეცნიერო წარმატებებსა და ნაყოფიერ მოღვაწეობას საქართველოსა და ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ.

      დაე, თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა და აკადემიური მემკვიდრეობა მომავალ თაობებს კვლავაც ღირსეული მაგალითისა და შთაგონების წყაროდ დარჩენოდეს.

       კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ამ დამსახურებულ და საპატიო აღიარებას!

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლეონარდე დეკაპრელევიჩის 140 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა

სიახლეები

 62e36378 05a9 4ece 8670 c63e3d9c287c       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიდინარე წლის 29 სექტემბერს აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გენეტიკოს-სელექციონერის, ბოტანიკოსის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აკადემიკოსის ლეონარდე დეკაპრელევიჩის დაბადებიდან 140 წლისთავს.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: როლანდ კოპალიანი, ზაურ ჩანქსელიანი, წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი, მეცნიერებათა განყოფილებების სწავლული მდივნები, დოქტორები: მაია ფეიქრიშვილი და გიორგი ღამბაშიძე, წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, ლარისა ჩაიკა და მარიამ მოსაშვილი. მრგვალ მაგიდას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი და დოქტორი გოჩა წერეთელი.

მრგვალი მაგიდა გახსნა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მანვე გააკეთა ფართო მოხსენება ლეონარდე დეკაპრელევიჩის ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ განუზომელია ლ. დეკაპრელევიჩის ღვაწლი ქვეყნის აგრარული მეცნიერების განვითარებაში, ხაზი გაუსვა მის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკის, სელექციის, მემინდვრეობის, თესლწარმოების, კულტურულ მცენარეთა შესწავლის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლ. დეკაპრელევიჩის ღვაწლზე ქართული ხორბლის ენდემური სახეობების შესწავლისა და მათი მნიშვნელობის წარმოჩენის საქმეში, მის კვლევებზე, რომლებიც მოიცავდა მათი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლასა და აღწერას. ლ. დეკაპრელევიჩის დამსახურებით ქართული ხორბალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო, რითაც მნიშვნელოვანი საფუძველი შეიქმნა ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტად აღიარებისთვის. ნიკოლოზ ვავილოვთან და პეტრე ჟუკოვსკისთან ერთად მან მეცნიერულად დაასაბუთა, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო კერაა.1f06a05f 2857 4f7c b059 fcd485689bdf

ლ. დეკაპრელევიჩს მიღებული ჰქონდა რვა საავტორო მოწმობა.   იყო ნიკოლოზ ვავილოვის სახელობის პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატი. იგი ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებული ორი ლენინის ორდენით, სხვა სახელმწიფო ჯილდოებითა და მედლებით.

ქალბატონი გოგოლა მოხსენებაში ასევე შეეხო ლ. დეკაპრელევიჩის საზოგადოებრივ საქმიანობას. აღინიშნა, რომ მისი დამსახურებით დაარსდა საქართველოს ცენტრალური სასელექციო სადგური, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო. იგი წლების განმავლობაში გახლდათ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორი, ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციის კათედრას. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მეცნიერთა და სპეციალისტთა არაერთი თაობა და სხვ.

მრგვალ მაგიდაზე ლ. დეკაპრელივიჩზე მოგონებით გამოვიდა სოფლის მეურნეობის დოქტორი ცოტნე სამადაშვილი. ბატონმა ცოტნემ აღნიშნა, რომ მას  დიდი პატივი და ბედნიერება ხვდა წილად ყოფილიყო ლ. დეკაპრელევიჩის სტუდენტი. გაიხსენა მასთან გატარებული წლები და მისი მეგობრული, კეთილგანწყობილი, მამა-შვილური  დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ. ისაუბრა ლ. დეკაპრელევიჩის პროფესიონალიზმსა და არჩეული საქმიანობისადმი სიყვარულზე. მომხსენებლის თქმით, ასაკში შესულიც კი ლ. დეკაპრელევიჩი არ იზარებდა შემოევლო ნათესები, ხორბალი იქნებოდა ეს თუ სხვა კულტურა, გულდასმით დათვალიერებინა ისინი და დაკვირდებოდა მათ ზრდა-განვითარებას. ბატონმა ცოტნემ ასევე აღნიშნა ლ. დეკაპრელევიჩის დიდი წვლილი ადგილობრივი ქართული ხორბლის ჯიშების გამოყვანაში.

მრგვალი მაგიდის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ალექსანდრე დიდებულიძე და როლანდ კოპალიანი, წევრ-კორესპონდენტი გიზო გოგიჩაიშვილი და დოქტორი გოჩა წერეთელი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ლ. დეკაპრელევიჩს პირადად არ იცნობდნენ, მის შესახებ ბევრი რამ ჰქონდათ მოსმენილი წინა თაობებისა და მისი ყოფილი სტუდენტებისგან. მათი შეფასებით, ლ. დეკაპრელევიჩი იყო გამორჩეული მეცნიერი და მაღალი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება.

            მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების  აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

სიახლეები

    a1cefc89 6a59 4483 abe0 6f33c52e79d2      მიმდინარე წლის 23 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც აუდიტორიის წინაშე მოხსენებით თემაზე: „ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპლექსი სამთო პირობებში განლაგებული სასოფლო-სამეურნეო ფერმებისთვის“ წარსდგა ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ბერიძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი სამთო პირობებშია განლაგებული. ისინი გამოირჩევა რთული რელიეფით (ციცაბო ფერდობები, მცირეკონტურიანი, დასერილ-დანაწევრებული ნაკვეთები და ა. შ.) და ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობით, რაც ამცირებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობას და ართულებს სამუშაო პირობებს. მიუხედავად ამისა, სამთო მიწათმოქმედების განვითარება უალტერნატივოა, რადგან იგი ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებასა და ადგილზე დამაგრებას. გარდა ამისა, უკანასკნელ პერიოდში მზარდი პოპულარობით სარგებლობს აგროტურიზმი, რაც ხელს უწყობს ადგილზე წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი პროდუქციის მოხმარებასაც.

პროფესორ ნუგზარ ბერიძის აზრით, სამთო რეგიონების სამეურნეო პოტენციალის რაციონალურად გამოყენების საფუძველი სამთო მიწათმოქმედების ტექნოლოგიური გარდაქმნაა, რაც ჯერ საწყის ეტაპზეა. ამ განვითარების ერთ-ერთ ელემენტად უნდა განიხილებოდეს მონორელსური ტრანსპორტი, რომელიც წარმოადგენს ციცაბო ფერდობებზე (ფერდობების დახრის კუთხე ≥20°), მათ შორის, ტერასებზე, განლაგებული ინტენსიური კულტურებისთვის, როგორებიცაა ხეხილი, ვაზი, ციტრუსოვანი კულტურები და ა. შ., შიდასატრანსპორტო საშუალებას (მოკრეფილი მოსავლის ტრანსპორტირება გარე ლოჯისტიკურ პლატფორმებამდე, ანასხლავი მასების გამოტანა, სასუქებისა და პესტიციდების, ასევე ნიადაგის დამამუშავებელი, შემასხურებელი, გამფრქვევი იარაღებისა და მოწყობილობების ტერასებამდე მიტანა და მათი ენერგოუზრუნველყოფა — საწვავის, საკაბელო კვების ან დამუხტვის სერვისის მიწოდება).

შესაბამისად, სამთო მიწათმოქმედებაში ციცაბო ფერდობებზე განთავსებული მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის ენერგეტიკული გარდაქმნისათვის აუცილებელია არსებული შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მონორელსური ტრანსპორტის ელექტრიფიკაცია, მკვებავი ძაბვის უსაფრთხო დონისა და სახეობის შერჩევით, ტენიან გარემოში ადამიანებსა და ცხოველებთან შესაძლო კონტაქტის გათვალისწინებით. მონორელსური ტრანსპორტის როგორც ევროპულ, ასევე იაპონურ და ჩინურ მოდელებს აქვთ ელექტრული მოდიფიკაციები აკუმულატორული კვებითა და ელექტროამძრავით, თუმცა აგროტექნოლოგიური კუთხით ძირითადად გამოიყენება შიგაწვის ამძრავი და აგრეთვე აკუმულატორული კვების ელექტროამძრავი, რომლებიც ნაკლებად საიმედოა და მოსახერხებელი ინტენსიური ოპერირების პირობებში.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სამთო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ელექტრიფიცირებული მონორელსური ტრანსპორტის შესაქმნელად სამუშაოები დაიწყო 1984 წელს (აკად. ვ. მეტრეველი, პროფ. ნ. ბერიძე, დოქტ. ნ. ბუაჩიძე) და მიმდინარეობდა 2010 წლამდე. დამუშავებულია ოთხი მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალება: იაპონური MR-10-ისა და სამამულო МРТ-1-ის ბაზაზე შექმნილი მოდელები და ორი ორიგინალური კონსტრუქცია — ЭМТ-1 და ЭМТ-2. კონსტრუქციული დახვეწა მიმდინარეობდა ენერგეტიკული და საექსპლუატაციო მაჩვენებლების გაუმჯობესების მიმართულებით. მიღებულია ერთი საავტორო მოწმობა და საქართველოს სამი პატენტი, დაცული იქნა ერთი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია, მოპოვებულ იქნა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსება. კვლევის შედეგები ასახულია 30-მდე სამეცნიერო ნაშრომში და განხილული იქნა მრავალ სამეცნიერო კონფერენციაზე.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: გურამ ალექსიძე, ნოდარ ჭითანავა, ალექსანდრე დიდებულიძე; პროფესორები: ოთარ ქარჩავა, ნუგზარ ებანოიძე, ლალი ელანიძე; დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი და მეწარმე ა. ბიწაძე.

კომისიამ ერთხმად მიიღო დადგენილება საწარმოს შექმნის თაობაზე, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მონორელსური ტრანსპორტის მწარმოებლის წარმომადგენელი გახდება, უზრუნველყოფს მისი პროდუქციის გასაღებას და საპროექტო, სამონტაჟო და ტექნიკური სერვისების განხორციელებას. აღნიშნულ საქმიანობასთან ერთად, საწარმო ჩართული იქნება სასწავლო-კვლევით პროცესში და ექნება ლაბორატორია, სადაც სტუდენტები შეისწავლიან და პრაქტიკულად განახორციელებენ პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოებს. სამუშაოები დაფუძნებული იქნება ადრე განხორციელებული კვლევების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, ელექტრიფიცირებული მონორელსური და გლუვრელსიანი კონსტრუქციების სრულყოფაზე, სამთო და რთულ რელიეფურ პირობებში განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-მოყვანის სამუშაოებისათვის განკუთვნილი ელექტრიფიცირებული ხელის იარაღებისა და მთლიანად სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპლექსის ელექტრომომარაგებისა და ავტომატიზაციის სისტემის დამუშავებაზე და ა. შ.

საერთაშორისო კონგრესი

სიახლეები

AcadLogo1 300x225   საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესი საქართველოს მეცნიერებათა

ეროვნულ  აკადემიაში

(7th International Congress on Engineering and Life Science – ICELIS 2026)

            მიმდინარე 2026 წლის 22-24 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ უმასპინძლოა საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესს (ICELIS 2026), რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს.

             კონგრესის მაღალ აკადემიურ დონეზე მომზადება უზრუნველყო ერთობლივმა საერთაშორისო საპატიო საბჭომ:

საპატიო თავმჯდომარე (Honorary Chair): აკადემიკოსი, პროფ. დოქტ. რამაზ ხუროძე (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი).

კონგრესის თავმჯდომარე (Chair): აკადემიკოსი, პროფ. დოქტ. გივი გავარდაშვილი (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია).

გენერალური კოორდინატორი (General Coordinator): ასოცირებული პროფ. დოქტ. ადემ იავუზ სონმეზი (კასტამონუს უნივერსიტეტი, თურქეთი).

პასუხისმგებელი მდივანი (Responsible Secretary): ასოცირებული პროფესორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი კონსტანტინე ბზიავა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი)

       კონგრესის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში ონლაინ რეჟიმში მოსმენილი იქნა ნობელის პრემიის ლაურეატის, მანჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორ, დოქტორ ჯეფ ლივერმორის (Prof. Dr. Geoff Levermore) საჯარო ღია ლექცია თემაზე: „კლიმატის ცვლილება, ნეტო–ნულოვანი ემისია, ტექნოლოგია და ეთიკა“ (“Climate Change, Net Zero, Technology and Ethics”).

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან საერთაშორისო კონგრესს ესწრებოდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

ფერმერის დღე - 2026

სიახლეები

816615005 1783697622686142 4011531900792498732 n      „ფერმერის დღე 2026”, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

        ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აგრობიზნესის წარმომადგენლებს ფერმერის დღე მიულოცა და მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.818359043 1111538647988140 4419501497247802384 n

„თქვენი შრომა არის პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება. ამისთვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზეც, რომლებიც ფერმერთა მხარდასაჭერად და ქართული სოფლის გასაძლიერებლად მოქმედებს.

       „ჩვენი ფერმერების შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, თანმიმდევრულ პოლიტიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის მუდმივ და თანმიმდევრულ გაძლიერებაში. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა და თუ ავიღებთ 7 თვის მონაცემებს, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მთლიანობაში დღეს ამ სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი, 24% მოდის. მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გასამყარებლად, ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, წელს ავამოქმედეთ ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და „ფერმერთა რეესტრი“. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, ასევე იზრდება ქალი ფერმერების რაოდენობა და ამ ყველაფერს ახალი ენერგია შემოაქვს სოფლის მეურნეობაში. ახალგაზრდებს შემოაქვთ ახალი ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ის ენერგია, რომელიც სჭირდება ქართული სოფლის მეურნეობის მუდმივ გაძლიერებას და განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

     815700548 2190795521853188 4216300358693703661 n აგრობიზნესის წარმომადგენლებს ფერმერის დღე მიულოცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

     „საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. დღეს, საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად, საშუალოდ, 8 პროცენტით იზრდება. გასულ წელს, საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ჩვენი მიზანია, სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

    მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 10 ფერმერი დააჯილდოვა.

       პრემიერ-მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.

       ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღე

სიახლეები

35e7a60d 2d54 4505 95c7 50d0456d97a7        ტყე ბუნების დიდი საჩუქარია, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. ტყეების შენარჩუნებით ვინარჩუნებთ არა მხოლოდ პლანეტის მწვანე საფარს, არამედ სიცოცხლეს დედამიწაზე. ამიტომ ტყეების დაცვა და ტყის მუშაკთა პატივისცემა თითოეული ჩვენგანის ვალია.

კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა ტყის სიკეთით, თუმცა ხშირად მას უდიერადაც ეპყრობოდა. თანამედროვე სამყაროში, გლობალური დათბობისა და ტყის ხანძრების საფრთხის პირობებში, ტყეებს კიდევ უფრო მეტი დაცვა და ზრუნვა სჭირდება, ხოლო ამ მნიშვნელოვან მისიას ტყის მუშაკები იღებენ საკუთარ თავზე. მათი შრომის წყალობით გაჩეხვისა და ხანძრების შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე მილიონობით ახალგაზრდა ნერგი ირგვება, ხორციელდება ტყის მცენარეულობის მოვლა და აღდგენა, მიმდინარეობს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა. ტყის მუშაკები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრაკონიერობის აღკვეთაში და ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სექტემბრის თვეში ტრადიციულად აღინიშნება ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღე. წელსაც 18 სექტემბერს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის  აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი,  ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, წევრ-კორესპონდენტი გიორგი ქავთარაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი  მაია ფეიქრიშვილი,  აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი და მარიამ მოსაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის უფროსი, დოქტორი გოჩა წერეთელი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე.

თემატური სხდომა გახსნა და  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა   აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მანვე წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოს ტყის ეკოსისტემების სტაბილურობის შენარჩუნების და დეგრადირებული კორომების აღდგენის ღონისძიებები“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთის ტყეები მრავალმხრივ დამცავ-ეკოლოგიურ ფუნქციებს ასრულებენ, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი წყალმარეგულირებელი და ეროზიის საწინააღმდეგო ფუნქციები.ef353652 f18a 40a6 a880 381fbb908f4a

წარსულში, ტყის ეკოსისტემების გადაჭარბებული ექსპლუატაციისა და უსისტემო - ამორჩევითი ჭრების შედეგად, საქართველოს მთის ზოგიერთმა ტყემ  დეგრადაცია განიცადა, გამეჩხერდა. ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად მკვეთრად გაუარესდა ნიადაგების წყალმართვი თვისებები, გაძლიერდა ზედაპირული ჩამონადენი, გააქტიურდა ეროზიული პროცესები, რამაც ხელი შეუწყო მეწყრების, თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების წარმოქმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მთის ტყეების ეკოსისტემების დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების სტაბილურობის შენარჩუნებისა და დეგრადირებული კორომების აღდგენისათვის მეცნიერულად დასაბუთებული სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავებას.

მომხსენებლის მოსაზრებით, დაცვით-ეკოლოგიური დანიშნულების ტყის ეკოსისტემებში რეკომენდებულია ნებით-ამორჩევითი ჭრების ჩატარება. ამასთანავე, საქართველოს ტყის ეკოსისტემებში მიზანშეწონილია განხორციელდეს მეურნეობის ისეთი კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფორმით რთული, შემადგენლობით შერეული და მაღალპროდუქტიული კორომების ფორმირებას. აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობის შენარჩუნებას, არამედ მაღალხარისხოვანი მერქნის, ნაყოფის, თაფლისა და ტყის სხვა სასარგებლო პროდუქტების მიღებასა და კვლავწარმოებას.

სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო მთელი აუდიტორია. წარმოდგენილ თემასთან  დაკვშირებით დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

 თემატური სხდომა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს  საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ მრავალი პრობლემური საკითხის განხილვასა და მათი გადაწყვეტის რეალური გზების დაგეგმვას.

14 სექტემბერი —  ფუტკრის დაცვის მსოფლიო  დღე

სიახლეები

 

 d591d65d f823 4907 9316 3ac8ff94b125   სასარგებლო მწერებს შორის ფუტკარი გამორჩეულია არა მხოლოდ იმით, რომ ადამიანისთვის უნიკალურ და ფასეულ პროდუქტებს — თაფლს, ცვილს, ჭეოს, ფუტკრის რძეს, დინდგელსა და ფუტკრის შხამს — იძლევა, არამედ იმითაც, რომ ყვავილოვანი მცენარეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამამტვერიანებელია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ველური ფლორის აღწარმოებასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმრავლესობის მოსავლიანობის უზრუნველყოფაში. ამდენად, ფუტკარს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კაცობრიობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ გამორჩეულ მწერს და გლობალურად განიხილავენ ფუტკართან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია მისი დაცვა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში რეგულარულად აღინიშნება ფუტკართან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღები. წელსაც, 14 სექტემბერს, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით, ფუტკრის დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა მიეძღვნა მეფუტკრეობის დარგში არსებულ ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას — ტროპილელაფსოზს, მის გამომწვევ ტკიპასა და მასთან  ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს.

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მეფუტკრეობის დარგში არსებული  მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ მან სიტყვა გადასცა ვეტერინარიის მაგისტრ ნინო ყიფიანს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე:  „ტროპილელაფსოზის მართვის აქტუალური საკითხები: Apimondia-სა და BEE-GUARDS-ის ყაზახეთის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის მიმოხილვა.“

მომხსენებელი შეეხო ტროპილელაფსოზთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს. განიხილა დაავადების გამომწვევი ტკიპას სკაში შეჭრის გზები, მისი განვითარების და სასიცოცხლო ციკლები, ბრძოლისა და პროფილაქტიკის  ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ტროპილელაფსის ტკიპები ძირითადად იმყოფებიან გადაბეჭდილ ბარტყში, მის საწინააღმდეგოდ შერჩეული უნდა იყოს გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები; ფორეტიკული ფაზა ზრდასრულ ფუტკარზე 1-2 დღე აქვთ; 87b5650d c1af 47d4 94e8 f2f41636a806ტროპილელაფსოზის პოპულაცია მცირდება გარკვეული პერიოდით (თებერვალი-აპრილი). გარდა ამისა ქალბატონმა ნინომ ყურადღება გაამახვილა ბრძოლის ქიმიურ მეთოდებზეც, რომლებსაც გარკვეული  შეზღუდვები გააჩნიათ, მათ შორისაა ტკიპების რეზისტენტობა, ნარჩენების დაგროვება მეფუტკრეობის პროდუქტებში, ტოქსიკურობა ფუტკრებისთვის, ბარტყში შეღწევის შეუძლებლობა, სადაც პარაზიტების ძირითადი მასაა თავმოყრილი და სხვ. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ტროპილელაფსოზის გამომწვევ ტკიპებთან ბრძოლის ალტენატიულ გზებზეც, რომელთა შორის გამოყო თერმული მეთოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტორიის  ყურადღება შეაჩერა მის მიერ შემუშავებულ თერმოკამერაზე, რომლის მეშვეობით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა  დადებითი შედეგები გამოიღო.

მოხსენების მეორე ნაწილი მიეძღვნა ქ. ალმათში, ყაზახეთის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარებულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას, რომლის მონაწილეც თავად ნინო ყიფიანი გახლდათ.

სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა ტროპილელაფსოზის გამომწვევ ტკიპასთან — Tropilaelaps mercedesae — ბრძოლას. აღნიშნული პარაზიტი ფუტკრისათვის საშიშ ინვაზიურ მავნებლად არის მიჩნეული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, ვეტერინარები, კონსულტანტები და მეფუტკრეები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სპეციალისტების მომზადება Tropilaelaps mercedesae-ის ადრეული გამოვლენის, მონიტორინგისა და კონტროლის მეთოდებში. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები უშუალოდ მუშაობდნენ ალმაათის რეგიონის საფუტკრეებში. მათ შეისწავლეს მიკროსკოპული პარაზიტების ამოცნობა, გაეცნენ დიაგნოსტიკურ მეთოდებს, მათ შორის შაქრის ფხვნილის ტესტსა და ცვილის ზოლებით ბარტყის შემოწმების მეთოდს, და განიხილეს ტკიპასთან ბრძოლის პრაქტიკული ღონისძიებები.

659397d0 1766 45f4 9ed6 d820cbec3512შეხვედრის ერთ-ერთ ძირითად დასკვნად გამოიკვეთა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტროპილელაფსოზის გავრცელების რისკის ზრდა, რაც კოორდინირებული ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის აუცილებლობას განაპირობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეფუტკრეებისა და ვეტერინარული სამსახურების მზადყოფნას, დროულად შეძლონ Tropilaelaps-ის იდენტიფიცირება და მისი Varroa-ს ტკიპებისგან გამიჯვნა. აღნიშნული მნიშვნელოვანია დაავადების ეფექტიანი კონტროლისათვის, რადგან ტროპილელაფსის ტკიპები სწრაფად მრავლდებიან და ფუტკრის ოჯახებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.

მოხსენების შემდეგ წარიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც ჩაება ღონისძიების თითქმის ყველა მონაწილე - მეცნიერები, ვეტერინარები და პრაქტიკოსი მეფუტკრეები.

            დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა დღესდღეობით დარგში არსებულ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას - ფუტკრის ტროპილელაფსოზს, მასთან ბრძოლის არსებულ მეთოდებს და ხერხებს, გამოყენებულ პრეპარატებს,   ზემოთხსენებული თერმოკამერის მუშაობის  ეფექტიანობას. გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და დაისახა სამომავლო გეგმები.

აღსანიშნავია, რომ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ვეტერინარიის სპეციალისტები და პრაქტიკოსი მეფუტკრეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; წევრ-კორესპონდენტი დავით გოდერძიშვილი; აკადემიის სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი; ვეტერინარიის მაგისტრი ნინო ყიფიანი და ფუტკრის დაავადებების სპეციალისტი ნატალია გარდავა. ee3d8a34 bcc7 41c9 8143 b97bd1310e1d

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე პრაქტიკოსი მეფუტკრეები: მარინე ქარდავა — რ/კ „თაფლი კოლხურის“ თავმჯდომარე (ზუგდიდი); გიორგი მერაბიშვილი — რ/კ „კოდის“ გამგეობის თავმჯდომარე (ახალციხე); მაია ხატიაშვილი — რ/კ „ტკბილი ნობათი“ (რუსთავი); ირმა ამირაჯიბი — მეფუტკრე (საგურამო); თეიმურაზ ღოღობერიძე — მეფუტკრე (პატარა ჯიხაიში) და გიორგი ლაკვეხელიანი — მეფუტკრე (ხონი).

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და შეხვედრის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი სამეცნიერო-პრაქტიკული შეხვედრები ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების უკეთ გააზრებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.

მილოცვა

სიახლეები

      ღვაწლმოსილი სელექციონერის სამეცნიერო გზა —

აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი 90 წლისაა

 

 vaja  გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების მკვლევარსა და სელექციონერს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილს მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაბადებიდან 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა.

ვაჟა კვალიაშვილი 1936 წლის 29 აგვისტოს გორში, პედაგოგის ოჯახში დაიბადა. მის სამეცნიერო არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პაპამ, ცნობილმა სელექციონერმა ვ. ბესტავაშვილმა. სწორედ მისი საქმიანობის გაცნობამ ადრეულ ასაკშივე გაუღვივა ახალგაზრდა ვაჟა კვალიაშვილს ინტერესი სელექციისა და მცენარეთა გენეტიკის მიმართ, რომელსაც შემდგომ მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება მიუძღვნა.

1954 წელს მან გორის რკინიგზის №11 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობისა და მეხილეობა-მებოსტნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1960 წლიდან, მისი სამეცნიერო საქმიანობა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სკრის საცდელ სადგურს დაუკავშირდა, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, მოგვიანებით კი — დირექტორად. 1971–1973 წლებში იყო გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მთავარი აგრონომი, შემდეგ — დირექტორი. 1973-1983 გორის რაიაღმასკომის თავმჯდომარე, შემდეგ - კასპის რაიკომის პირველი მდივანი. 1983 წლიდან მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა სამეცნიერო დარგში, ხოლო 2006 წლიდან ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილებაში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად აგრძელებდა საქმიანობას.

ვაჟა კვალიაშვილის სამეცნიერო კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი 1969 წელს საკანდიდატო დისერტაციის დაცვა იყო. ნაშრომი — „ვაზის ჰიბრიდული ფორმების ზოგიერთი ბიოლოგიური თვისებების შესწავლის შედეგები შუა ქართლში“ — ვაზის სელექციის საკითხებს ეძღვნებოდა. 2002 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ატმის სელექცია საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. 2003 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2013 წელს — ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

მისი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენეტიკა და სელექცია, ქართული გენოფონდის შესწავლა, ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაცია, ინდუცირებული მუტაგენეზი და სელექციისათვის საწყისი მასალის შექმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მრავალწლიანი კვლევები ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენეტიკური რესურსების გამოვლენის, მათი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლისა და სელექციურ პროცესში გამოყენების მიმართულებით.

ხანგრძლივი კვლევის შედეგად ვაზისა და ატმის ჰიბრიდული ფონდებიდან მან გამოარჩია მაღალი სამეურნეო ღირებულების მქონე მრავალი ახალი ჯიში და ფორმა. ხელოვნური ჰიბრიდიზაციით მიღებული აქვს ყურძნისა და ატმის 30-მდე ახალი ჯიში. მათ შორისაა ატმის ჯიშები „ატენური ყვითელი“, „შაქარგულა“, „მარიამი“, „ვაჟური“, „ნუგურა“, „გორის ყვითელი“ და სხვ. ვაზის ჰიბრიდულ ფორმებს შორის აღსანიშნავია „გორული თეთრი“, „წვრილმარცვალა“, „ბესტავაშვილის თავკვერი“ და განსაკუთრებით „ორსქესიანი თავკვერი“, რომელიც შუა ქართლის პირობებში მაღალხარისხოვან წითელ საღვინე მასალას იძლევა.

მეცნიერის კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აგრეთვე ვაზისა და ატმის ჯიშების კომბინაციური უნარიანობის, მორფოლოგიური ნიშნების, ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებების შესწავლას. ამ კვლევებმა საფუძველი შეუწყო მიზნობრივი სასელექციო პროგრამების შემუშავებასა და საქართველოს პირობებისათვის პერსპექტიული ჯიშებისა და ფორმების შერჩევას.

ვაჟა კვალიაშვილი წლების განმავლობაში იკვლევდა არა მხოლოდ ვაზსა და ატამს, არამედ ვაშლის, მსხლის, გარგარის, ქლიავის, კაკლის, მაყვლისა და სხვა კულტურების ქართულ გენოფონდსაც. მისი შრომები ეხება ქართული გენოტიპების ბიოლოგიურ თავისებურებებს, მათი გენეტიკური და სელექციური ღირსებების შეფასებას, დაკარგული ჯიშების მოძიებისა და აღდგენის აუცილებლობას და ქართული გენოფონდის ახალი, მაღალხარისხოვანი სელექციური ფორმებით გამდიდრებას.

მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა 130-მდე ნაშრომს მოიცავს, მათ შორისაა წიგნი და 10 რეკომენდაცია. არის სამი პატენტის მფლობელი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. 1983–2006 წლებში იყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულის რედაქტორის მოადგილე, კოშინოვის „მებაღეობის  ინციკლოპედიის“ (მოლდოვა) სარედაქციო კოლეგიის წევრი, ხოლო 1996–2005 წლებში   გორის სასწავლო უნივერსიტეტში მევენახეობისა და მეხილეობის მიმართულებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციებს კითხულობდა.

ვაჟა კვალიაშვილის სამეცნიერო საქმიანობა არაერთი ჯილდოთი და მაღალი პროფესიული აღიარებით აღინიშნა. იგი არის მეხილეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს ბიზნესის მეცნიერების აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი. დაჯილდოებულია ნ. ვავილოვის სახელობის საიუბილეო მედლით, ორდენებით „შრომის წითელი დროშისა“ და „შრომითი მამაცობისათვის“. იგი გორის საპატიო მოქალაქეა.

აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის მრავალწლიანი მოღვაწეობა ქართული მევენახეობისა და მეხილეობის განვითარებას, ეროვნული გენეტიკური რესურსების შესწავლასა და მათ სელექციურ გამოყენებას უკავშირდება. მისი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი ღირებულება სწორედ ამ მიმართულებების ერთიანობაშია — ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გენოფონდის შესწავლა, მისი შენარჩუნება, გამდიდრება და პრაქტიკული სელექციისთვის გამოყენება.

90 წლის იუბილე ღირსეული დროა იმ სამეცნიერო გზის შესაფასებლად, რომელიც აკადემიკოსმა ვაჟა კვალიაშვილმა ექვს ათეულზე მეტი წლის განმავლობაში განვლო და რომელსაც ქართული მევენახეობისა და მეხილეობის განვითარების საქმეს მიუძღვნა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ვაჟა კვალიაშვილს დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, შემოქმედებით ენერგიასა და ახალ სამეცნიერო წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

  

  

 

გამორჩეული მეცნიერი და ღვაწლმოსილი მკვლევარი 

 აკადემიკოს   რევაზ მახარობლიძეს   90   წელი   შეუსრულდა

 

rezom საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის დარგში გამორჩეულ მეცნიერსა და ღვაწლმოსილ მკვლევარს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ამავე აკადემიის პრეზიდიუმის წევრს, აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანსა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის მიმართულების კოორდინატორს, აკადემიკოს რევაზ მახარობლიძეს 22 აგვისტოს დაბადებიდან 90, ხოლო ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა.

რევაზ მახარობლიძე დაიბადა 1936 წლის 22 აგვისტოს, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში. 1954 წელს დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა, ხოლო 1959 წელს — საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით. 1961–1964 წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის არაშავმიწანიადაგიანი ზონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ქ. მინსკი). სწავლის დასრულების შემდეგ, 1966 წელს, ლიტვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში (ქ. კაუნასი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1982 წელს — სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1990 წელს რევაზ მახარობლიძე არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1992 წელს — აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

ბატონი რევაზი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში ასისტენტად (1959–1961), კათედრის გამგედ (1967–1974); საბჭოთა კავშირის არაშავმიწანიადაგიანი ზონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში — უფროს მეცნიერ მუშაკად (1974–1976); საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში — განყოფილების გამგედ (1976–1981) და ინსტიტუტის დირექტორად (2000–2006); საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) — კათედრის გამგედ (1982–2006), ხოლო 2007 წლიდან — სრულ პროფესორად.

რევაზ მახარობლიძის სამეცნიერო კვლევები ძირითადად მიმართულია სასოფლო-სამეურნეო მანქანების დინამიკის, საიმედოობისა და პარამეტრების ოპტიმიზაციის პრობლემების გადაწყვეტისაკენ. მის ნაშრომებში ფართოდ არის გამოყენებული და განვითარებული, სასოფლო-სამეურნეო მანქანების სპეციფიკის გათვალისწინებით, რეოლოგიის, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის, წრფივი და არაწრფივი რხევების, ოპტიმალური პროცესებისა და სხვა თანამედროვე მეთოდები.

აღნიშნული კვლევების საფუძველზე მან შეიმუშავა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის მექანიზაციის ოპტიმალური პარამეტრების ანალიზისა და სინთეზის მეთოდები. მისი სამეცნიერო ნაშრომები და თეორიული დებულებები ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო-კვლევით, საკონსტრუქტორო და სასწავლო დაწესებულებებში ახალი სასოფლო-სამეურნეო მანქანების შექმნისა და არსებული კონსტრუქციების სრულყოფის, აგრეთვე საინჟინრო და სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ბატონი რევაზ მახარობლიძე წარმატებით უთავსებდა სამეცნიერო საქმიანობას პედაგოგიურ, ორგანიზაციულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იგი მუშაობდა სასწავლო პროცესის გაუმჯობესების პროგრესული მეთოდების დანერგვაზე და ნაყოფიერად მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით 44-მა ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, მათგან ცხრამ კი მოგვიანებით სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა.

რ. მახარობლიძე იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული სადოქტორო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე, რესპუბლიკის რამდენიმე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს აგროსამრეწველო გაერთიანების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რიგ სამეცნიერო მიმართულებებს.

აკადემიკოს რევაზ მახარობლიძეს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 430 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 24 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო და 6 რეკომენდაცია. იგი 71 გამოგონების ავტორია.

აკადემიკოს რ. მახარობლიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, ყრილობასა და კონგრესში, სადაც მისი მოხსენებები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა.

მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე არაერთი მაღალი ჯილდოსა და აღიარების მფლობელია. იგი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია (1994); დაჯილდოებულია „საბჭოთა კავშირის გამომგონებლის“ სამკერდე ნიშნით, „ღირსების ორდენით“ (1999), 2006 წლის საუკეთესო მეცნიერის ვერცხლის მედლით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით, იუნესკოს საპატიო სიგელით სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის (2022), აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დიპლომით ნაშრომისათვის „მცირე მექანიზაციის ხელის მანქანების დინამიკა და ოპტიმალური პარამეტრების გაანგარიშების საფუძვლები“ (2023).

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ რევაზ მახარობლიძეს დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 65 წლისთავს,  უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, კეთილდღეობას და კვლავაც ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

  1. მეცნიერების ერთგულების 60 წელი
  2. „ალოობა 2026“
  3. მეცნიერი, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობები მსოფლიოს გააცნო
  4. საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა-კონსულტაცია
  5. ინოვაციური სტარტაპი
  6. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა
  7. სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე
  8. გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
  9. ფესტივალი „ოქროს თავთავი – ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“
  10. შეფასების შედეგები

გვერდი 2 სულ 61

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com