საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

0ad6af0c dabe 4f28 a92a dcb8e1deeb67 1  მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: ,,სუბტროპიკული კულტურების გენეტიკური რესურსები საქართველოში’’ გამოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი დოქტორი ესე ჯაყელი.

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კავკასიის შავიზღვისპირეთის ხელსაყრელმა ნიადაგობრივ-კლიმატურმა პირობებმა შესაძლებელი გახადა კულტურაში გავრცელებულიყო მრავალი სუბტროპიკული მცენარე ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, სადაც კლიმატური პირობების გარკვეული მაჩვენებლები მიახლოებულია ჩვენებურთან. ეს მცენარეები არამარტო იზრდებიან და მსხმოიარობენ, ამავე დროს იძლევიან უხვ ნათესარს, რაც მეტყველებს გავრცელების ახალ პირობებში სახეობების, ფორმათა და ჯიშთა შეგუების მაღალ ხარისხზე.

ინტროდუქციულმა კულტურებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში შედარებით მოკლე დროში შექმნილიყო მემცენარეობის სრულიად ახალი დარგი - სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა. აქ მეორე სამშობლო იპოვა სუბტროპიკული ფლორის მრავალმა წარმომადგენელმა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან - ჩაის მცენარემ, ბამბუკმა, ზოგიერთმა სახეობამ და გვარმა Aurantiodeae-ს ქვეოჯახიდან, კამფორის და ცრუკამფორის დაფნამ, ლაქის ხემ, იაპონურმა კრიპტომერიამ, იაპონურმა მარაოსებრმა პალმამ; ხმელთაშუაზღვისპირეთიდან - ოლეანდრამ, ქვის მუხამ, კორპის მუხამ, ფიჭვმა, იტალიურმა ფიჭვმა, დაბალმა ხამეროპსმა; ავსტრალიიდან - ევკალიპტის მრავალმა სახეობამ, ვერცხლისფერმა აკაციამ; სამხრეთ ამერიკიდან - ფეიხოამ, პალმებმა, დიდებულმა იუბეამ; ჩრდილო ამერიკიდან - ბუციის სახეობებმა, კარიამ, მარადმწვანე სეკვოიამ, მსხვილნაყოფა კიპარისმა და პალმებმა.

ჩატარებული კვლევების პირველი ამოცანა იყო კულტურული მცენარეების ფართო ასორტიმენტის მოზიდვა სუბტროპიკული და ტროპიკული ქვეყნებიდან, მათი პრაქტიკული გამოსადეგობისა და ფასეულობების დაწვრილებით შესწავლა და შემდგომი ბიოლოგიური გამოკვლევები. მეორე ამოცანა გახდა ჯიშთა გამოცდა და შესასწავლი ინტროდუქციული მასალიდან უფრო ფასეულის გამოყოფა სამეურნეო გამოყენებისა და სელექციური მიზნებისთვის.

     მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს აკადემიკოსმა ა.დიდებულიძემ, პროფესორებმა: ო.თედორაძემ, ც.სამადაშვილმა, დოქტორებმა: გ.ცოფურაშვილმა, ნ.ხოხაშვილმა, ე.კაციტაძემ, ა.ნონიაძემ, გ.ქუთელიამ.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, კომისიის წევრები, დარგის სპეციალისტები, მეწარმეები.

 

 

მილოცვა

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ჯემალ გუგუშვილი - 80

 

           27999316 e7f6 43a2 96ed 17ed6d2c0deb საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ჯემალ (გუჯა) გუგუშვილს დაბადებიდან მე-80 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55-ე წელს.

           ბატონი ჯემალი დაიბადა 1945 წლის 14 აპრილს ქ. თბილისში მოსამსახურის ოჯახში. ქ. თბილისის 113-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1971 წელს და მიენიჭა სწავლული ზოოტექნიკოსის კვალიფიკაცია.

            1972 წლიდან ბატონმა ჯემალმა მუშაობა დაიწყო საქართველოს ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში ზოოტექნიკოსად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის მიერ ინსტიტუტში პირველად იქნა შესწავლილი საქართველოში გავრცელებული ბოცვრის ჯიშები: საბჭოური შინშილა, რუხი გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვერცხლისებრი, აგრეთვე აშშ-ში გამოყვანილი კალიფორნიული და ახალზელანდიური თეთრი, როგორც ხალასჯიშიანი მოშენებით, ასევე ჯიშთაშორისი მარტივი, რთული, შთანთქმითი, საახალჯიშო შეჯვარებით და ჰიბრიდიზაციით.

            1984 წელს ბატონმა ჯემალ გუგუშვილმა წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მეცხოველეობის სპეციალობით. 1989 წლიდან იგი საქართველოს ზოოვეტერინარულ უნივერსიტეტის მეცხოველეობის კათედრის გამგეა, მოგვიანებით რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

1990 წელს ჯ. გუგუშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, 1998 წელს - პროფესორის წოდება. ამავე წელს იგი არჩეული იქნა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის რექტორად. ჯ. გუგუშვილი რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღნიშნული უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელ სამეცნიერო საბჭოს.

ბატონ ჯ. გუგუშვილს მიღებული აქვს უმაღლესი პოლიტიკური განათლება (მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი 1974 წელი), იყო საერთაშორისო ჟურნალების და ადგილობრივი გამოცემების სარედაქციო კოლეგიის წევრი, არჩეული იყო საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად (1997 წ.), თურქმენეთის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პროფესორად (1997 წ.), იგი გახლდათ განათლების სისტემის წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტი (1999 წ.), აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს წევრი (1999 წ.), სომხეთის აკადემიის საპატიო პროფესორი (2001 წ.). 1999 წელს მას მიენიჭა გარდაბნის საპატიო მოქალაქის წოდება.

2003 წელს ჯ. გუგუშვილი არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2013 წელს აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

           აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი გახლავთ ნიუ-იორკის აკადემიის წევრი; იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი (2005 წ.); საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე (2006 წ.); ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სასწავლო - სამეცნიერო ცენტრს, როგორც მისი დირექტორი (2007 წ;); იყო რექტორთა საბჭოს წევრი.

            ბატონი ჯემალ გუგუშვილის, როგორც წარმატებული მეცნიერის სახელი შესულია საქართველოს ენციკლოპედიაში (ტომი II, 2012 წ. გვ. 176) და ქართულ ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონში „ვინ ვინაა საქართველოში“ (2002. გვ. 101).

            მნიშვნელოვანია აკადემიკოს ჯ. გუგუშვილის დამსახურება ახალგაზრდა თაობის და სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 საკანდიდატო დისერტაცია.

აკადემიკოს ჯ. გუგუშვილის კვლევის შედეგები ასახულია 228 სამეცნიერო ნაშრომში, მათ შორის 2 სახელმძღვანელოს, 5 მონოგრაფიასა და 21 რეკომენდაციაში. იგი ბრძანდება ბოცვრის ახალი ქართული ჯიშის “პელეს“ ავტორი (საქართველოს სახელმწიფო-საექსპერტო კომისია, 13 ივნისი, 1993 წ. ბრძ. 2-237), მიღებული აქვს პრემია აგრარულ დარგში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის, დაჯილდოვებულია მთავრობის ჯილდოებით, „ღირსების ორდენით (2002 წ.) და მედლებით, მიღებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ჯილდო „21-ე საუკუნის ნაშრომისათვის“ (2007 წ.).

            ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონი ჯემალის დამსახურება ქვეყნის წინაშე სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. იგი ბრძანდება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მუშაკი. დიდი მიღწევები აქვს სამწვრთნელო საქმიანობაში, როგორც საფეხბურთო ნაკრების და კლუბების მწვრთნელს, ბრძანდება საქართველოს თასის ორგზის მფლობელი („სინათლე“, თბილისი), საბჭოთა კავშირის „მილიონთა“ თასის ორგზის მფლობელი („სინათლე“ ,თბილისი), უცხო ქვეყნის (თურქმენეთი) ეროვნული ნაკრების პირველი ქართველი მთავარი მწვრთნელი მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი ქართველი მთავარი მწვრთნელი ევროკავშირის ქვეყნებში -საბერძნეთის „იანირა“ (უმაღლესი ლიგა) საბერძნეთის პირველობაზე, ახალგაზრდებს შორის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოებათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ევროპის პირველობაზე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე სტუდენტთა შორის - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს რეგიონული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებზე საფეხბურთო კლუბების - „ზოოვეტი“, „მორკინალი“, „ვიტ-ჯორჯია“, ალგეთი“- მთავარი მწვრთნელი, თურქმენეთის „კოპეტდაკის* მთავარი მწვრთნელი. მოპოვებული აქვს თურქმენეთის საუკეთესო მწვრთნელის წოდება.

            2025 წელს საქართველოს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილს მიენიჭა სპორტის რაინდის საპატიო წოდება.

             ამჟამად აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი ნაყოფიერად მოღვაწეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ბრძანდება აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიის მეცხოველეობის მიმართულების კოორდინატორი, კონსულტანტი (აგრარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული სასწავლებლები, აგრარული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციები).

            ბატონი ჯ. გუგუშვილი არის შესანიშნავი მამა და ბაბუა.

   ბატონო ჯემალ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მრავალ წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მრგვალი მაგიდა

     88edb359 5d17 44bf 9623 9fc4de1d6198    მიმდინარე წლის 11 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს რევაზ ასათიანის 2000-2025 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომების განხილვას.

            მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, კონსულტანტი აგრარული პროფილის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, აგრარული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტორი ივერი ახალბედაშვილი და აკადემიის აპარატის თანამშრომლები.

            მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკადემიკოს რ. ასათიანის ნაშრომები მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია. მათში ავტორი იძლევა ქვეყნის ეკონომიკის, კერძოდ სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარების თავისებურებების, ტენდენციებისა და კანონზომიერებათა კომპლექსურ ანალიზს, მეცნიერულად ასაბუთებს, თუ რაოდენ დიდი ადგილი უნდა დაეთმოს სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკაში და სხვ. შემდეგ სიტყვა გადასცა აკადემიკოს რ. ასათიანს.37d0d172 caa4 48f6 9af5 4c4411f05d27

            აკადემიკოსმა რ. ასათიანმა აღნიშნა, რომ 2000-2025 წლების პერიოდში მას გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და 2 დამხმარე სახელმძღვანელო. თითოეული ნაშრომის ირგვლივ, ავტორმა წარმოადგინა მოკლე ანოტაცია. ისაუბრა მათი შექმნის წინაპირობებზე, მიზნებსა და ამოცანებზე. კერძოდ:

2002 წელს გამოქვეყნა მონოგრაფია „საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური აგროსამრეწველო კომპლექსში: მსოფლიო გამოცდილება და განვითარების ტენდენციები“, თბილისი, 19.5 ნ.თ., რომელშიც აღწერილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნის წინაპირობები და ფუნქციონირების ორგანიზაციული ფორმები

2006 წელს მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოს დაცვის მენეჯმენტი“, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, თბილისი, 3 ნ.თ., რომელშიც წარმოდგენილია სალექციო კურსი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისათვის გარემოს დაცვის ეკონომიკის საკითხებზე.

2009 წელს გამოქვეყნებულ დამხმარე სახელმძღვანელოში „ბიზნეს-მენეჯმენტი და გლობალური კონკურენცია“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა, 15 ნ.თ., განხილული საკითხები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის

2023 წელს გამოიცა მონოგრაფია „საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები, (თანაავტორობით), თბილისი, 294 გვ. ეს ნაშრომი განკუთვნილია სოფლისა და სოფლის მეურნეობის, აგროეკონომიკისა და აგრობიზნესის სფეროში დასაქმებული მკითხველისათვის. მასში ასახულია სოფლისა და სოფლის მეურენობის სექტორში არსებული გამოწვევები, შემოთავაზებულია მათი გადაწყვეტის რეკომენდაციები და ჩატარებულია სოფლის მეურნეობის ძირითადი სახის პროდუქტების პროგნოზული გაანგარიშებები 2030 წლამდე პერიოდისათვის სასურსათო მოხმარების ნორმების გათვალისწინებით.

2023 წელს გამოიცა მონოგრაფია „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და განვითარების ბოლო ათწლეულის ტენდენციები“. (ავტორთა კოლექტივი), თბილისი, საქართველოს პარლამენტის გამომცემლობა, თბილისი, 330 გვ., რომელშიც მოცემულია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების რეტროსპექტიული ანალიზი.

2024 წელს გამოიცა მონოგრაფიაინდუსტრიული სოფელი - მომავლის გლობალური გამოწვევა“, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, (თანაავტორობით), 492 გვ. იგი წარდგენილი იქნა საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში. მონოგრაფიაში გარდამავალი პერიოდის თავისებურებებისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე კომპლექსურადაა მოცემული სახელმწიფოსა და ეკონომიკის (კერძოდ, აგრარული სექტორის) ურთიერთდამოკიდებულების თავისებურებანი, გარდამავალი პერიოდის განვითარების მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორების ობიექტური ახსნით და შესაბამისი დასკვნებით განისაზღვრა დღევანდელი ტრადიციული სოფლის მეურნეობის – ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობად გარდაქმნის პროცესები და სხვა.

2025 წელს ასევე მონოგრაფიის სახით გამოიცა „საქართველოს აგრარული სექტორი: გამოწვევები და საკანონმდებლო რეფორმები“ (თანაავტორობით), გამომცემლობა „მერიდიანი“, 564 გვ. ეს წიგნი განკუთვნილია სახელმწიფო მოხელეების, სპეციალისტების, მკვლევარებისა და სოფლის მეურნეობის პრობლემებით დაინტერესებულ პირთათვის. მასში გაანალიზებულია 1989-2023 წლებში აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესები, გატა­რებული რეფორმები და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, მიღწე­ული პროგრესი და არსებული გამოწვევები.

        3cd27550 3f43 4d21 8142 5f9c4d40a5d0    მრგვალი მაგიდის დასასრულს გაიმართა დისკუსია. აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებზე აკადემიკოსმა რ. ასათიანმა ამომწურავი პასუხები გასცა.

            აკადემიკოს რ. ასათიანის მიერ წარმოდგენილ ნაშრომებთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა: ს. დიდებულიძემ, გ. მარგველაშვილმა, ნ. ჭითანავამ, თ. ყურაშვილმა, დოქტორმა ი. ახალბედაშვილმა, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ განხილული ნაშრომები მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია. მათში ხაზგასმული თითოეული საკითხის და დასმული ამოცანის დადებითად გადაწყვეტა სიკეთეს მოუტანს არამარტო სოფლის მეურნეობის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, არამედ დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

            მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის.

           

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან,

ქალბატონ ნინო წილოსანთან

 

c3d7ef25 d2d3 479d 89cd 8c177d06b97e     მიმდინარე წლის 3 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ნინო წილოსანი.

შეხვედრა გაიმართა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, ბატონი ივერი ახალბედაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ბატონი ომარ კაჭარავა, ასევე პრეზიდიუმის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

ბატონმა გივიმ დამსწრე საზოგადოებისა და აგრარიკოს-მეცნიერთა სახელით ქალბატონ ნინოს მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევა, მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც იგი იჩენს აკადემიის საქმიანობის მიმართ. აღნიშნა, რომ ქალბატონი ნინო მეორედ ეწვია აკადემიას. პირველი ვიზიტი ჯერ კიდევ მისი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში გახლდათ. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა განსაკუთრებით მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა აკადემიასა და აღნიშნულ კომიტეტს შორის. ამის ერთ-ერთი დასტური კი გახლავთ ერთობლივი პროექტი UNESCO-ში წარდგენილ ნომინაციასთან ,,ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ დაკავშირებით.

აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ ქალბატონ ნ. წილოსანს ასევე გააცნო აკადემიის საქმიანობა. ესაუბრა სიახლეებზე, ურთიერთობებზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, ადგილობრივ და უცხოეთის სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო კონფერენციებზე, სამეცნიერო განყოფილებების საქმიანობაზე, აკადემიის ბეჭდვით გამომცემლობებზე და სხვ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა ნ. წილოსანმა მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას, დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისა და დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ ასეთმა დახვედრამ მას კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაუჩინა საერთო საქმიანობისა და თანამშრომლობისათვის. შემდეგ ისაუბრა პუბლიკაციის „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გამოსცა მისი თავმჯდომარეობის დროს.

             მან აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული და ამ დარგის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოების მრავალი წევრის კეთილდღეობაზე.  სწორედ ამიტომ, 10 წელზე მეტია, სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც მხარდაჭერილია მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული პოლიტიკითა და სექტორში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებით. 2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობა ტრანსფორმაციის გზას გადის. ამ გზაზე კი, პოლიტიკის ძირითად ამოცანებს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოფლად ცხოვრების დონის ამაღლება და ეკონომიკური აქტიურობის ზრდის ხელშეწყობა, დარგის მუდმივი განვითარება, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გლობალურ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება წარმოადგენდა. აღნიშნული პუბლიკაციის მიზანია, გარკვეულწილად შეაჯამოს ამ ამოცანების შესრულებისთვის გატარებული პოლიტიკა  ათწლეულის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ძირითადი მიმართულებები, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.  პუბლიკაციის შექმნის იდეა და მოტივაცია საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო მომენტი  ევროკავშირის გზაზე ახალი შესაძლებლობების გაჩენა იყო, განსაკუთრებით  2023 წლის დეკემბრისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში განხორციელებული რეფორმების, მიღწევებისა და გამოწვევების შემაჯამებელი დოკუმენტი მნიშვნელოვანი დამხმარე რესურსი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის დაახლოების პროცესში. მით უფრო, როცა წინადებარე პუბლიკაცია ძალიან ნათლად აჩვენებს ასოცირების შეთახმების ხელმოწერიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღებულ სიკეთეებს. ასეთი მასშტაბური მიზნის დასახვისას, ვერ გვექნება მოლოდინი, რომ პუბლიკაცია სრულყოფილად გააანალიზებს სექტორისთვის მნიშვნელოვან თითოეულ საკითხს, თუმცა წინამდებარე დოკუმენტი მკითხველს მიაწვდის საჭირო ინფორმაციას საკანონმდებლო ცვლილებებისა და გატარებული რეფორმების, ფაქტებისა და შედეგების შესახებ და ნათელ წარმოდგენას შეუქმნის საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ტენდენციებზე. ეს პუბლიკაცია სამომავლოდ სასარგებლო რესურსი გახდება კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლების, მკვლევრების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისა და სხვა ნებისმიერი პირისთვის.2176a318 9d26 45d3 a042 102c9d5cf906

         ქალბატონი ნინო ასევე შეეხო საქართველოს მიერ UNESCO-ში წარდგენილი ნომინაცია ,,ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ საკითხებს.

          აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით დიდი სამუშაოები წარიმართა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რომლის მიზანიც იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში ახალი ნომინაციის მომზადება და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში „ქართული ხორბლის კულტურის: რიტუალებისა და ტრადიციების“ შეტანა. ამ მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოუყო ფინანსური რესურსი, რომლითაც დაფინანსდა სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციები ქვეყნის მასშტაბით. სულ ექსპედიციებში მონაწილეობა მიიღო 2 მეცნიერ-მკვლევარმა (ეთნოგრაფი და მეხორბლე) და 2 ტექნიკურმა პერსონალმა (ოპერატორი და მძღოლი).

საწყის ეტაპზე, სამუშაო ჯგუფის წევრებისა და, დამატებით ჩართული ორი ანთროპოლოგ-ეთნოლოგის რეკომენდაციით, დაგეგმილ იქნა ნომინაციის მომზადების მთელი პროცესი. ამ კონტექსტში, ელემენტის სიცოცხლისუნარიანობის დასადგენად, განხორციელდა ექსპედიციები შემდეგ რეგიონებში: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქართლი, ზემო და ქვემო სვანეთი, თუშეთი, გურია. ექსპედიციების საფუძველზე მოძიებული და დაფიქსირებული იქნა: ადგილობრივი ფერმერები, რომელთაც დღესაც რიტუალურად მოყავთ ქართული ენდემური ხორბალი და რომლებიც ტრადიციულ საცხობებში (თონესა და ფურნეში) კვლავაც აცხობენ შესაწირ თუ ყოველდღიურ პურეულს; შესწავლილი იქნა ენდემური და ტრადიციული ხორბლის ნამზადის მონაწილეობა შემოდგომა-ზამთრის წეს-ჩვეულებებში და რიტუალურ ციკლში. ნომინაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე გადაღებულ იქნა პურის ფესტივალის მესხეთში, ქალაქ ახალციხეში, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლიდან მიღებული ფქვილით გამომცხვარი პურის მრავალფეროვანი ასორტიმენტი; ჩაწერილ იქნა ინტერვიუები ფერმერებთან, პურის მცხობელებთან. ერთდღიანი გადაღება დაეთმო „ელკანას“ ბაზაზე არსებული საზოგადოებრივი ჯგუფის - „ფქვილიანი ხელების“ ფორმატში ჩატარებულ მასტერკლასებს. მოეწყო უნიკალური არტეფაქტებ გადაღება: საუბარია, კარბონიზირებული ხორბლის ნიმუშებზე, რომელიც აღმოჩენილია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე და მათი ასაკი განისაზღვრება 8-ათასი წლით (ძვ. წ. მე-6 ათასწლეული). ეს არტეფაქტები დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ და გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმებში. აქვე უნდა აღინიშნოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები, რომლებიც დაკავშირებულია ხორბლის თესვა-მოყვანა, დაუნჯებასთან. ექსპონირებულია სახვნელი საშუალებების სხვადასხვა ტიპები მთისა და ბარისა (დიდი გუთანი), კევრი, კოდი და სხვ. ერთი გასვლითი დღე მოეწყო გურიაში, სადაც გადაღებულ იქნა გურული ღვეზელის ტრადიციული ცხობის რიტუალი.

       10e9fd07 6459 4e6f bee0 25a5329b5714   მოპოვებული და შესწავლილი ვიდეო მასალების საფუძველზე დამონტაჟდა ფილმი იუნესკოში წარსადგენად.

         2024 წლის 5-6 თებერვალს სასტუმრო „რესპუბლიკის“ - „ივენთ ჰოლში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი; FAO-გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

          კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო 4 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი) მეცნიერთა შემადგენლობით, ხოლო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 6 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, აშშ, თურქეთი) მკვლევარ-მეცნიერებმა (კონფერენციის ფართე მიმოხილვა იხ. ქვემოთ).

          მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „ქართული ხორბლის კულტურას: რიტუალებსა და ტრადიციებს“, საქართველოს მთავრობის N-98 დადგენილებითა და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, 2024 წლის 27 მარტს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთელი ეს მრავალთვიანი სამუშაოები მიზნად ისახავდა იუნესკოს ნომინაციის მომზადებას და, საბოლოო ჯამში, სამუშაო ჯგუფმა დაასრულა იუნესკოში გასაგზავნი დოსიეს მომზადება, მათ შორის:

1.წარმომადგენლობით ნუსხაში შესატანი ელემენტის სააღრიცხვო ბარათი;

2.ელემენტის ამსახველი 10-წუთიანი ვიდეო-ფილმი, ინგლისური სუბტირებით;

3.ელემენტის ამსახველი 10 ფოტო;

4.ვიზუალური მასალის საავტორო უფლებების დამადასტურებელი ხელმოწერილი დოკუმენტები;

5.4000-მდე მხარდამჭერი ხელმოწერა;

6.ერთი მხარდამჭერი ვიდეო მიმართვა.

აღნიშნული დოკუმენტები გადაეგზავნა სსიპ-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც დოსიე გადაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოსიე გააგზავნა UNESCOS-ს სათაო ოფისში.

2025 წლის 11 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრარულ საკითხთა კომიტეტში გამოაგზავნა წერილი N-01/3640-11/02/2025 სადაც მოწოდებულია ინფორმაცია, რომ UNESCOS-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის სამდივნომ შეისწავლა საქართველოს მიერ წარმოდგენილი ნომინაციის ,,ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ ტექნიკური მხარე.

სამდივნოს ინფორმაციით, დოსიე არის სრულყოფილი და მას მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 02335. შესაბამისად სამდივნოს რეკომენდაციით, ნომინაციის განხილვა მოხდება სამთავრობათაშორისო კომიტეტის მე-20 სესიის ფარგლებში (8-13 დეკემბერი, 2025 წელი, ქალაქი დელი).

შეხვედრის დასასრულს აკადემიის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქალბატონ ნინოს მობრძანებისათვის, უსურვა წინსვლა და წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში.

გაერთიანებული სხდომა

აგრარული ინოვაციების კომისიისა და გარემოს დაცვისა და სატყეო განყოფილების გაერთიანებული   სხდომ

 

d24204b2 086a 48aa b7ef e8ef3f7a7d01      2025 წლის 2 აპრილს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიისა და გარემოს დაცვისა და სატყეო განყოფილების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: „ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შედეგები და მომზადებული რეკომენდაციები“ გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი პაპუნა კაპანაძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს. ქვეყნის ტერიტორიის 44.5% (3 100 500 ჰა) ტყითაა დაფარული და ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო განეკუთვნება ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს. ტყეების უმეტესობა საშუალო და მაღალი დაქანების ფერდობებზეა განლაგებული, ისინი ასრულებენ ძალზედ მნიშვნელოვან ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ, სანიტარულ-ჰიგიენურ და სხვა სასარგებლო დაცვით ფუნქციებს. გარდა ამისა, დიდ და მცირე კავკასიონზე შემორჩენილ ტყის მასივებს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან ისინი ზომიერ კლიმატურ სარტყელში შემორჩენილ, უკანასკნელ ხელუხლებელ ტყეებს წარმოადგენენ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტყეების უმეტეს ნაწილზე ტყის მართვის დონის აღრიცხვა არ არის ჩატარებული. შესაბამისად, საქართველოს ტყეების ხარისხობრივ და რაოდენობრივ მახასიათებლებზე განახლებული ინფორმაციის სიმცირე კვლავ ქვეყნის სატყეო სექტორის გამოწვევად რჩება. განახლებული ინფორმაციის არსებობა ერთი მხრივ განმსაზღვრელ როლს თამაშობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების და ნახშირბადის მარაგების თანდათანობით დაგროვების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გასაზრდელად.

საქართველოს ტყეების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღების მიზნით 2019-2022 წლებში, ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა, ხოლო 2022-2024 წლებში მომზადდა სტატისტიკური ანგარიში საქართველოს ტყეების რაოდენობრივი, ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ და ანგარიშზე დაყრდნობით შემუშავდა პოლიტიკური რეკომენდაციები - ტყეები მდგრადი მართვის განვითარებისთვის.

ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნები იყო:

  • საქართველოს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებული ინფორმაციის მოპოვება;
  • ტყის მახასიათებლებზე უწყვეტი მონიტორინგისთვის მუდმივი ქსელის დაარსება;
  • პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები პირების სარწმუნო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • ანგარიშგება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე;
  • სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება.

წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია ტყეების რაოდენობრივი, ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ და მომზადებული პოლიტიკური რეკომენდაციები.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს  აკადემიკოსებმა გ.ჯაფარიძემ, ნ.ჭითანავამ, ლ.დოლიძემ, ა.დიდებულიძემ, დოქტორებმა ა.მესხიშვილმა, მ.ბურჯანაძემ, ც.სამადაშვილმა, გ.ქავთარაძემ, ე.კაციტაძემ, გ.ცოფურაშვილმა. მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება.

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს 2025 წლის მარტის თვის სხდომა

    ccccccccc   მიმდინარე წლის 26 მარტს გაიმართა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს სხდომა, სადაც მოხსენებით თემაზე: სოფლისმეურნეობაშიგამოყენებულიდრონებისდარობოტებისშესახებ, წარსდგა საბჭოს წევრი ტექნიკის დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხვიჩა გოჭოშვილი.

 

მომხსენებელმა სიღრმისეულად მიმოიხილა განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის მექანიზაციაში არსებული თანამედროვე მიღწევები, კერძოდ, უპილოტო ტრაქტორ-რობოტები, ჭკვიანი სასოფლო-სამეურნეო მანქანები, სხვადასხვა კულტურების მოვლისა და მოსავლის ამღები რობოტები, მეცხოველეობაში საკვებდამრიგებელი, ნაკელშემგროვებელი და საწველად გამოყენებული რობოტები, ბაღ - ბოსტნეულის, სატყეო დანიშნულების მიწაზე მავალი (მიწისზედა) და საჰაერო დრონები, ამ ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები.

პრეზენტაციაში ასევე წარმოდგენილი იყო სსიპ „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა““-ს ზოგიერთი მიღწევები და წარმოებული პროდუქცია - საჰაერო დრონი „M22 Q1“ და უპილოტო საფრენი აპარატები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-რობოტები ანაცვლებენ ცოცხალი მუშა ხელის მძიმე ფიზიკურ შრომას და შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ დღე და ღამე, როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში. ჭკვიან სასოფლო-სამეურნეო მანქანებში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ამცირებენ დანახარჯებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებაზე. დისტანციური მართვის მიწაზე მავალი (მიწისზედა) დრონები ასევე ანაცვლებენ ცოცხალი მუშა ხელის მძიმე ფიზიკურ შრომას და მათი გამოყენება ხშირად ხდება ადამიანის ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი სამუშაოების შესასრულებლად (მაგალითად ტყეში ან/და ფერდობებზე სამუშაოდ, მომწამვლელი ქიმიური პრეპარატების შესხურებისათვის და ა.შ.).

       თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია საბჭოს სხდომის მონაწილეების მხრიდან, შედგა საინტერესო დისკუსია საქართველოში მსგავსი მოწყობილობების გამოყენების პერსპექტივებზე, მათ შორის განხილულ იქნა ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხი.

       სხდომა ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, შესაბამისად საბჭოს წევრების ნაწილს, ასევე მონაწილეობის მსურველებს, მათ შორის რეგიონებიდან, საშუალება ჰქონდათ ონლაინ მიეღოთ მონაწილეობა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, გარემოს დაცვის და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

e011292d 872c 41b2 92f9 4dc80665e04c  2025 წლის 19 მარტს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის წევრები - აკადემიკოსები, მეცნიერები, პარლამენტის, სამინისტროების, მასმედიის და მეფუტკრეთა ასოციაციების წარმომადგენლები, ფერმერები - ინდივიდუალური მეწარმეები, ექიმები. სხდომაზე მოისმინეს ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მედეა ბურჯანაძის მოხსენება თემაზე:     ნოზემოზი: დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა ინოვაციური პრეპარატებით.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ფუტკარი მონაწილეობას ღებულობს მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დამტვერვაში. ბოლო წლებში ფუტკრის პოპულაცია მსოფლიო მასშტაბით საგანგაშო ტემპით მცირდება. საქართველოში მეფუტკრეებისთვის საშუალო წლიური ოჯახების ზარალი 30%-40%-ია, ხოლო 2020 წელს ზოგიერთ რეგიონში ფუტკრის პოპულაციის 70-80% დაიღუპა. ეს დანაკარგები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ასევე თაფლის, ცვილისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების წარმოებას.

ევროპული ფუტკრის - Apis mellifera-ს სიკვდილიანობა და ფუტკრის ოჯახების დაღუპვის შედეგად რაოდენობის შემცირება მჭიდრო კავშირშია ვაროას ტკიპასთან - ვაროოზთან და დაავადება ნოზემოზთან, რომელსაც იწვევს მიკროსპორიდია Nozema Apis (NA) და Nozema Ceranae (NC). დაავადება ნოზემოზი ზრდასრული ფუტკრის ყველაზე საშიში დაავადებაა, თუმცა მისი მიმდინარეობა ხშირად შეუმჩნეველია მეფუტკრეებისათვის, რადგან დამახასიათებელი აშკარა სიმპტომები არ ჩანს. ინდივიდუალურ დონეზე, NA-თ ინფიცირდებიან ძირითადად მუშა ფუტკრები, ხოლო NC მეტად არის გამოხატული ხანდაზმულ მუშა ფუტკრებში.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფინანსური ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ჩატარდა კვლევები ფუტკრის პოპულაციებში NC-ს გამოსავლენად ორი მეთოდის გამოყენებით: 1. მიკროსკოპულ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებულით, რომლითაც ხდება პათოგენი Nosema spp-ის აღმოჩენა და სპორების დათვლა; 2. პჯრ (PCR)-ზე დაფუძნებულით, რომლის საშუალებითაც ხდება მხოლოდ სახეობის დადასტურება. მიკროსკოპული დიაგნოსტიკა ჩატარდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ხოლო მოლეკულური დიაგნოსტიკა - ცხოველთა ჯამრთელობის დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში (BIOR რიგა, ლატვია).

ნოზემოზის წინააღმდეგ გამოყენებული იყო ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებები: ანტინოზემა H1 (AN H1), რომელიც გამოიყენებოდა 3 დღეში ერთხელ, ხუთჯერადად; ანტინოზემა 18 (AN 18) - გამოიყენებოდა 3 დღეში ერთხელ, ხუთჯერადად; ბიფიტო (BeePhyto) - გამოიყენება ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ყოველ 2 დღის ინტერვალით ოთხჯერ, აპიბიო (ApiBio) - ეძლევა ყოველ მე-5 დღეს. ამ პრეპარატების მიერ ფუტკრის სკებში ნოზემოზის ინფექციის შემცირების მაჩვენებლები მაღალია და შეადგენს: AN 18 – 72%, AN H1 – 68,75%, ApiBio – 57,9%, BeePhyto – 83,3%. მიღებული შედეგების საუძველზე გამოცემულია წიგნი „ნოზემოზი: დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა ინოვაციური პრეპარატებით“, 2024.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოკლე მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ღოღობერიძე, აკადემიის მეფუტკრეობის მიმართულების კოორდინატორი რამაზ თავართქილაძე, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება შპს ,,ეიჩ-ენდ ზეტი“-ს თავმჯდომარე წოვინარ ნაზაროვა და ექიმი - ჰომეოპათ თეიმურაზ ყენია.

დამსწრე საზოგადოებამ მოიწონა წარმოდგენილი მოხსენება და ერთხმად აღნიშნა, რომ ფუტკრების ზამთრის სიკვდილიანობის აღმოფხვრა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის გრძელვადიან ფინანსურად მომგებიან საქმიანობას, საფუტკრეებიის მართვის ხარჯების კონტროლს, ფუტკრის ოჯახების დანაკარგების შემცირებას და პროდუქტიულობის გაზრდას, იმ გარემოების, რომლის თანახმადაც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ნატურალური თაფლის ექსპორტი 70%-ით შემცირდა (ექსპორტზე გავიდა 260 ათასი დოლარის ღირებულების 32.5 ტ თაფლი მაშინ, როდესაც 2023 წელს გავიდა 747 ათასი დოლარის ღირებულების 109 ტ) და სხდომაზე წამოჭრილი საკითხების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალ აკადემიაში აგრარული ინოვაციების კომისიის, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა სამეცნიერო განყოფილებისა და მეფუტკრეობის მიმართულების საკოორდინაციო ჯგუფის ძალებით უმოკლეს დროში ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის ჩატარება.

 

 

საქმიანი ვიზიტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

 

20250317 132724  მიმდინარე წლის 17 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე. სტუმარს თან ახლდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბატონი კახა ცერცვაძე და მისი მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. ვიზიტის მიზანი იყო სატყეო სექტორში განხორციელებული რეფორმის განხილვა, ასევე ტყესთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და ეროვნული სატყეო სააგენტოს როლის წარმოჩენა მათ გადაჭრაში.

           ვიზიტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, კონსულტანტი აგრარული პროფილის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, აგრარული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, ასევე აკადემიის აპარატის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

            შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან ისაუბრა ტყის მნიშვნელობაზე ქვეყნისათვის, მის სიკეთეზე. სტუმრებს გააცნო აკადემიაში არსებული გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების საქმიანობა, ყურადღება გაამახვილა აკადემიისა და სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობაზე.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემაც, ბატონმა აპოლონ კაკაბაძემ. აღინიშნა რომ ის ურთიერთობა, რომელიც აკადემიასა და სამინისტროს შორის არის დამყარებული კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საქმიან იერს შეიძენს. შემდეგ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვიზიტის მიზანი. აღნიშნა, რომ დღეისათვის ქვეყნის ტყეებში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საჭიროა ქმედითი ღონისძიებების გატარება. მართალია, ბევრი რამ გაკეთდა, შეიქმნა ტყის კოდექსი, მაგრამ ყოველივე ეს ფრაგმენტულია. პრობლემების დასაძლევად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ სატყეო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა გარკვეული შეხედულებები. სწორედ ამ შეხედულებებს გააცნობენ ისინი შეხვედრის მონაწილეებს.20250317 133543

                ატყეო სექტორის რეფორმასა და ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების 2025-2028 წწ. გეგმაზე ისაუბრა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია იორდანიშვილმა. საუბარი წარიმართა გარკვეული სქემით, რომელშიც წარმოდგენილი იყო საქართვლოს ტყეებში ამჟამად არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და გადაწყვეტის გზები, საჭირო ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსები, არსებული დამხმარე პროცესები, შედეგები. ძირითად პრობლემად დასახელდა ტყეების დეგრადაცია, რომელიც ქვეყნის ტყით დაფარული ფართობის 807 178 ა - 35.4%-ს შეადგენს. უსისტემო ჭრების შედეგად დაკნინებულია ტყის ხარისხი, მომატებულია ბუნებრივი კატასტროფების საფრთხე, აღნიშნულის აღმოსაფხვრელად აუციებელია ტყის დაცვის გაძლიერება, რომელშიც მოიაზრება ტყის მოვლა და აღდგენა, ტყითსარგებლობის რეგულირება. ტყის ფიზიკური დაცვის ორგანიზების მიზნით იგეგმება ტყის ტერიტორიაზე სამცველოები გამოყოფა სატყეოს დონეზე, კვარტლების მიხედვით, სამცველოში კვარტლები უნდა გაერთიანდეს მათი ტერიტორიული მდებარეობის, ბუნებრივი პირობების და გეოგრაფიული მახასიათებლების და .. გათვალისწინებით. ყურადღება უნდა მიექცეს ტყის მცველის საქმიანობასაც, რომელიც მოიცავს: სამოქმედო ტერიტორიაზე ტყის ფიზიკური დაცვას, უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენას და ა.შ. ცვლილებების შეტანას მოითხოვს არსებული ნორმატიული დოკუმენტებიც; უნდა გაუმჯობესდეს ტყის მცველის სამუშაო პირობები; მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანონიერი ჭრის პრაქტიკა - უპირატესად სოციალური ჭრა და ა.შ.

            მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, აკადემიკოსმა ნ. ჭითანავამ, აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ, ბატონმა კ. ცერცვაძემ. საუბარი შეეხო ტყის ინვენტარიზაციას, მეტყევეების მდგომარეობას, ტყის ეროვნულ აღრიცხვას და სხვ.

            შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია აკადემიასა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის. შემდეგ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და ვიზიტის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისათვის.

საჯარო ლექცია

საჯარო ლექცია მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებთან

 

2025 წლის 12 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებთან ლექცია თემაზე:ტყე - საქართველოს მშვენებაწაიკითხა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა . დოლიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნოე ხოზრევანიძე, ფაკულტეტის პროფესორ - მასწავლებლები, სტუდენტებიeee

. დოლიძემ საჯარო ლექციის დროს აღნიშნა, რომ ტყე - საქართველოს მშვენებაა, მას საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის ერთ - ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ტყე მუდამ განსაკუთრებულ დიდი როლს თამაშობდა ქართველი კაცის ცხოვრებაში.

საქართველოს ტყეები ზრდა - განვითარების გარემო პირობებისა და გეოგრაფიული განლაგების დიდი ნაირგვარობით გამოირჩევა. ისინი უნიკალურ, იშვიათი სილამაზის, ჰარმონიულ, ამასთან მრავალფეროვან ბიოცენოზებს ქმნიან.

ტყე ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ერთ - ერთი განმსაზღვრელი საიმედო საყრდენი. საქართველოს ტყეების გონივრული, მიზანმიმართული გამოყენება და მათი ბიოეკოლოგიური პოტენციალის მდგრადობის შენარჩუნება დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა. საქართველო ტყიანი ქვეყანაა, ტერიტორიის 40 % - ზე მეტი ტყითაა დაფარული. ტყიანობის მაჩვენებლით საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრია (38 %), გერმანია (30 %), საფრანგეთი (21 %). უკრაინა (12 %), იტალია (19 %), პოლონეთი (24 %), სომხეთი (9 %), აზერბაიჯანი (12 %) და სხვ.

       საქართველოს ტყის ეკოსისტემები რელიეფური პირობების მიხედვით მთისა და ბარის ტყეებად იყოფა. მთის ტყეებს უკავიათ მთელი ტყით დაფარული ფართობის 98 %, ხოლო ბარის ტყეებს - 2 %, რომლებიც ძირითადად კოლხეთის დაბლობზე და აგრეთვე მდინარეების: მტკვარის, ალაზანის, იორის, ხრამის და სხვ. დინებების ქვემო დელტების მიდამოებში განეფინებიან.

         საქართველოს ტყის ეკოსისტემები გეოგრაფიულად არათანაბრად არიან განლაგებულნი. ტყით მდიდარ რეგიონებთან (აფხაზეთი, აჭარა, ბორჯომის ხეობა, რაჭა, სვანეთი, კახეთი) ერთად აღინიშნება ტყემცირე და თითქმის უტყეო (ტყით დაუფარავი) რეგიონებიც. საქართველოს დასავლეთი ნაწილი უფრო მეტი ტყიანობით (50,9 %) ხასიათდება, ვიდრე აღმოსავლეთი ნაწილი (30,0 %).

         საქართველოს ტერიტორიაზე ტყიანობის მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან: ქედის (80 %), გაგრის (77,9 %), ბორჯომის (56,3 %), ყორნისის (54,8 %), თიანეთის (53,6 %), თელავის (50,2 %) რაიონები.

საქართველოში არის ისეთი რაიონებიც (აბაშა, ნინოწმინდა, წალკა დედოფლისწყარო, ყაზბეგი), სადაც ტყიანობის მაჩვენებელი არ აღემატება 5,0 % - . ტყიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან ძირითადად მთების შუა და ზედა ზონებში განფენილი ტყის ეკოსისტემები.

            tt  საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების სპექტრი მეტად ნაირგვარია, საიდანაც აღსანიშნავია ისეთი მეტყევეობითი და ბიოეკოლოგიური ცნებები და მახასიათებლები როგორებიც არის: ტყის ეკოსისტემების გენეზისი და ბიომი, კორომთა ხნოვანებითი სტრუქტურა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური აღნაგობა, ტყის ტიპი, წარმადობა, შემადგენლობა, სიხშირე და სხვ.

         საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნების ძირითადი ფაქტორია გეოგრაფიული ლანდშაფტების არაერთგვაროვნება. საქართველოს ლანდშაფტის ფიზიკურ - გეოგრაფიული ნაირგვარობა ხელს უწყობს მეტად განსხვავებული მეტყევეობითი და ბიოლოგიურ - ეკოლოგიური თავისებურებების მქონე მცენარეული სახეობების ზრდა - განვითარებას.

         საქართველოს ტყის ეკოსისტემებში, დღევანდლამდე არიან წარმოდგენილნი ისეთი რელიქტური სახეობები, რომლებიც ჯერ კიდევ მიოცენის და პლიოცენის ხანაში იყვნენ წარმოდგენილნი: პონტოური მუხა, პონტოური შქერი, მედვედევის არყი, კავკასიური მოცვი, წყავი და სხვ.

მეტად მრავალფეროვანია საქართველოს ტყეების სახეობრივი შემადგენლობა, ტყეში ველურად იზრდება 400 - მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში: საქართველოს დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემურ მერქნიან მცენარეთა სიმრავლე, მათ შორის საქართველოს ენდემია 61 სახეობა, ხოლო მთლიანად კავკასიის 43 სახეობა.

საქართველოს ტყეების ბიოეკოლოგიურ მრავალფეროვნებაზე, ტყის ეკოსისტემათა ნაირგვარობასა და რთულ სტრუქტურაზე მიუთითებს, როგორც წმინდა, ასევე შერეული შემადგენლობის კორომების არსებობა.

საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიოლოგიური მრავალფეროვნება თავის მხრივ განსაზღვრავს ეკოსისტემების სოციალურ - ეკოკლოგიური და სამეურნეო - ეკონომიკური მნიშვნელობის ხასიათსა და ხარისხს. საქართველოს ტყეები ასრულებენ ნიადაგდაცვით, წყალმარეგულირებელ, კლიმატმარეგულირებელ, რეკრეაციულ, სანიტარულ - ჰიგიენურ და სხვა სახის დაცვით - ეკოლოგიურ ფუნქციებს, რაც მათი რთული ბუნებრივი კომპლექსის მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა აქტიური და მეტად საინტერესო დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა და სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანს, აკადემიკოს . დოლიძეს მობრძანებისთვის და მეტად შინაარსიანი და საინტერესო საჯარო ლექციის გამართვისთვის.

მრგვალი მაგიდა

მრგვალი მაგიდა მონოგრაფიის: „საქართველოს აგრარული სექტორი - გამოწვევები და საკანონმდებლო რეფორმები“ განხილვასთან დაკავშირებით

66c6f6a6 b920 4eff 9c8a 0150752209c4 1მიმდინარე წლის 11 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა ეკონომიკის დოქტორ ი. ახალბედაშვილის და აკადემიკოს რ. ასათიანის მონოგრაფიის: „საქართველოს აგრარული სექტორი - გამოწვევები და საკანონმდებლო რეფორმები“ განხილვას.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტორი ივერი ახალბედაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და აპარატის თანამშრომლები.

            მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. აღინიშნა, რომ ბატონი ი. ახალბედაშვილი გახლავთ აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. მიუხედავად მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობის, რომელიც მას როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსს ევალება, იგი აქტიურად არის ჩართული აკადემიის სამეცნიერო სამუშაოებში, არის ნიჭიერი მეცნიერ-მკვლევარი, არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის ავტორი. რაც შეეხევა მონოგრაფიას „საქართველოს აგრარული სექტორი - გამოწვევები და საკანონმდებლო რეფორმები“ ეს არის მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც დიდ ინტერესს გამოიწვევს არამარტო სპეციალისტებს შორის, არამედ ყურადღებას მიიქცევს საკითხით დაინტერესებულ პირთა მხრიდანაც.

            მრგვალ მაგიდაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა დოქტორი ი. ახალბედაშვილი. მან მადლობა გადაუხადა: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს მონოგრაფიის წარდგენის საშუალების მიცემისათვის,     თანაავტორს - აკადემიკოს რ. ასათიანს - გაწეული სამუშაოებისათვის, აკადემიკოს ნ. ჭითანავას - მხარდაჭერისა და რეკომენდაციებისათვის. ბატონმა ივერიმ გულისტკივილით გაიხსენა აკადემიკოსი პ. კოღუაშვილი - მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტორი, რომლის რჩევებიც მეტად გამოადგათ ავტორებს.  

            თავის გამოსვლაში დოქტორმა ი. ახალბედაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებები ქვეყნის ისტორიის, მისი კულტურული ნაწილის, ერის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა სამწუხაროს საქართველოს სოფლის მეურნეობა ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ჩამორჩენილ სექტორად ითვლება. მონოგრაფიის ავტორების მიზანი გახლდათ 1989 წლიდან 2023 წლამდე აგრარულ სექტორში მიმდინარე პროცესების, მიღებული საკანონმდებლო აქტების, მიღწეული პროგრესის და არსებული გამოწვევების ანალიზი.  a6fad412 9d3b 4dd9 97a4 c96dba42792d

            დოქტორმა ი. ახალბედაშვილმა მსმენელთა ყურადღება გაამახვილა მონოგრაფიის სტრუქტურაზე, გამოყო ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ავტორთა აზრით, მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის. აღინიშნა, რომ მონოგრაფია დაყოფილია სამ თავად, 28 ქვეთავად. ყველა ქვეთავზე მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა საერთო რაოდენობა 90-ს შეადგენს, მოცემულია 20 ცხრილი, 31 დიაგრამა 14 დანართი და გამოყენებული ლიტერატურა. პირველ თავში წარმოდგენილია ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიმართულება - მიწის რესურსები და არსებული გამოწვევები. აქ არის მოცემული საკუთრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მიღებული საკანონდებლო აქტები, სახელმწიფო რეგულირება მიწის რესურსებზე, მიწის რესურსების გამოყენების შესახებ მიღებული და მისაღები საკანონმდებლო აქტები, საკანონდებლო ბაზის სრულყოფის საკითხები და სხვ. მეორე თავში მოცემულია საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაციონალურად გამოყენების საქმეში. აქ განხილულია როგორც კონსტიტუციები და საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ძირითადად ეხება მიწების გასხვისების საკითხებს, ასევე მოცემულია ასპექტები მიწის სტატუსისა და მიწის დაუმუშავებლობის შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ქვეყანაში   შეიძება დანერგილი იქნეს მიწის რაციონალურად გამოყენების კუთხით. მესამე თავი ძირითადად მოიცავს რეფორმას, რომელიც დაიწყო 1989 წელს და რომელიც დღესაც გრძელდება. აქ მოცემულია ეკონომიკური ანალიზი 1989 წლიდან 2023 წლამდე. ასევე მოცემულია ის გამოწვევები და ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ავტორთა აზრით ხელს შეუწყობს აგრარული სექტორის განვითარებას და სხვ. მოცემულ საკითხთა შორის განხილულია დისბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის და მცდელობა, რომ მოინახოს გზები რათა გაიზარდოს ექსპორტის წილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ინოვაციები აგრარული სექტორის განვითარებაში. მოცემულია, როგორც საზღვარგარეთის გამოცდილება, ასევე ჩვენს ქვეყანაში დანერგილი სიახლეები, რომლებიც ხელს შეუწყობს აგრარული სექტორის განვითარებას.

            აკადემიკოსმა რ. ასათიანმა მონოგრაფიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წიგნი წარმოადგენს კრებსითი ხასიათის ნაშრომს, რომელშიც თავმოყრილია საკანონმდებლო ბაზა და მისი ზეგავლენა სოფლის მეურნეობაზე. მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს და სწორედ ამაშია მისი სიახლე.           მონოგრაფიის შესახებ თავისი აზრი დააფიქსირეს აკადემიკოსებმა: ნ. ჭითანავამ, გ. ალექსიძემ და ა. დიდებულიძემ. აკადემიკოსმა ნ. ჭითანავამ აღნიშნა, რომ ავტორთა მიერ მეტად შთამბეჭდავი ინფორმაცია იქნა წარმოდგენილი. იგი კარგად იცნობდა მონოგრაფიას, რამეთუ თითოეული თავი მას ხელნაწერში ჰქონდა წაკითხული. მისი გადმოცემით ნაშრომი არამარტო საინტერესო, არამედ მეტად დროული და საჭიროცაა, რადგან საქართველოს სინამდვილეში ეს არის პირველი მცდელობა აგრარულ სექტორში სამართლებრივი ბაზის სისტემატიზაციისა. აქ შემოთავაზებულია უაღრესად საჭირო რეკომენდაციები, თავმოყრილია კონცეპტუალურად და მეთოდოლოგიურად ის მიდგომები, რომლებიც აკადემიაში იქნა ჩამოყალიბებული. აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ ხაზი გაუსვა მონოგრაფიის მნიშვნელობას აგრარულ სექტორისათვის. რაც შეეხება აკადემიკოს ა. დიდებულიძეს, მან ყურადღება გაამახვილა მონოგრაფიაში წარმოდგენილ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების და საქართველოს სოფლის მეურნეობაში სივრცით-ტერიტორიული განვითარების საკითხებს.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს საინტერესო მოხსენებისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადებას - მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის.

           

აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა - 70

 

papava

 

თვალსაჩინო მეცნიერმა, სასახელო პიროვნებამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერთა შორის. ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს როგორც მის სამეცნიერო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობას 2000-2001 წლებში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილედ და 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნისას, მის როლს ჩვენი მეცნიერების გადერჩენაში 1994-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მოღვაწეობის დროს. აღსანიშნავია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 2013 წელს არჩევის შემდეგ მის მიერ წამოწყებული უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურება. მეცნიერების განვითარებაში მისი დიდი ღვაწლის აღსანიშნავად 1997 წელს ის არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 2013 წელს - ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად, ხოლო 2023 წელს - აკადემიის აკადემიკოს-მდივნად.  

ბატონო ვლადიმერ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გილოცავთ თქვენ, ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, დაბადების 70-ე წლისთავს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 

 

 

 

ხსოვნა

ღვაწლმოსილი მეცნიერი შალვა ჭანიშვილი -125

 

       00fa756c 9a96 4c42 b453 fe42ab60ab55   ცნობილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ახალგაზრდა სპეციალისტთა და მეცნიერთა მრავალი თაობის აღმზრდელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შალვა თომას ძე ჭანიშვილი დაიბადა ქ. ქუთაისში 1900 წლის 20 მარტს.

           1923 წელს დაამთავრა მილანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, 1923-1926 წლებში მუშაობდა აგრონომად საფრანგეთში, 1926-1942 წლებში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. 1942-1952 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, 1952-58 წლებში მუშაობდა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის აგროქიმიის განყოფილების გამგედ, ხოლო 1958 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორია.

            აკადემიკოსმა შალვა ჭანიშვილმა შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურების აგროტექნიკის საკითხები, დაამუშავა სანაწვერალო კულტურების თესვა-მოყვანის მეცნიერული საფუძვლები, გამოიკვლია თესლბრუნვის და ნიადაგის დამუშავების საკითხები .

         პროფესორმა შალვა ჭანიშვილმა დატოვა მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა. საკმაოდ დიდია როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე გამოქვეყნებული შრომების ჩამონათვალი - მონოგრაფიების, სახელმძღვანელო წიგნების და სამეცნიერო სტატიების სახით. მათ შორის აღსანიშნავია, ნაშრომები: ბიოლოგიური მეცნიერების როლი სოფლის მეურნეობის აღმავლობისათვის ბრძოლაში; ზოგადი მიწათმოქმედება ნიადაგთმცოდნეობით; სიმინდის თესვა-მოყვანის აგროკომპლექსი; ორგანული სასუქები და მათი გამოყენება მოსავლიანობის გადიდებისათვის და სხვ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „საცდელი საქმის მეთოდიკის საფუძვლები“, რომელიც გამოცემულია 1963, 1973 წლებში. წიგნში განხილულია მინდვრის ცდების ჩატარების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, მათემატიკური სტატისტიკის საფუძვლები, რიცხობრივი მასალის დამუშავების მეთოდები.

                 დამხმარე სახელმძღვანელოს ფორმატით გამოცემულია ასევე შ. ჭანიშვილის წიგნი შ. მთვარელიშვილის თანაავტორობით სახელწოდებით „საცდელი საქმის მეთოდიკა მემცენარეობაში“. აღნიშნულ სახელმძღვანელო წიგნებს ამ ხნის განმავლობაში არ დაუკარგავს ინტერესი. ის შეტანილია მაგისტრებისა და დოქტორანტების სასწავლო პროგრამაში. ამ ბოლო პერიოდში კონკრეტულად 2017 წელს გამოვიდა სოფლის მეურნეობის დოქტორის ზაირა ტყებუჩავას მიერ აღნიშნული სახელმძღვანელო წიგნის განახლებული ვარიანტი, რომელიც მიეძღვნა ბატონ შალვა თომას-ძე ჭანიშვილის ხსოვნას. წიგნის ავტორები არიან შ. ჭანიშვილი, ზ. ტყებუჩავა და პროფესორი გ. ბუცხრიკიძე.

            პროფესორი შალვა თომას-ძე ჭანიშვილი დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი ჯილდოთი, იგი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო იმ ახალგაზრდა თაობების სიყვარულია, რომელსაც თავისი ერთგული და უანგარო შრომით, პიროვნული თვისებებით ჭეშმარიტად იმსახურებდა.

                ბატონი შალვა გარდაიცვალა 86 წლის ასაკში 1986 წლის 13 აგვისტოს, დაკრძალულია თბილისში. პროფესორ შ. ჭანიშვილს არასოდეს დაივიწყებენ საქართველოს აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერები, მისი ხელმძღვანელობით აღზრდილი მეცნიერთა თაობა.

             პროფესორმა შალვა ჭანიშვილმა მნიშვნელოვანი როლო შეასრულა ჩვენი ქვეყნის აგრარული მეცნიერების განვითარებაში, სამეცნიერო კადრების აღზრდაში და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში. მისი კვალი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com