საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

394486077 880620710264270 8559158322468587105 n  მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ეთერ ხარაიშვილის მოხსენება თემაზე: „ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობაში: ტენდენციები და გამოწვევები“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამყარო მუდმივი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პროცესშია. თანამედროვე სოფლის მეურნეობის სექტორიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, განსაკუთრებით სურსათზე მოთხოვნის   ზრდის, მომხმარებელთა პრეფერენციებში ცვლილებების,   ტექნიკურ-ტექნოლოგიური განვითარების, გლობალიზაციის, ურბანიზაციისა და სხვა ფაქტორების გავლენის გამო.

ციფრიზაცია კონკურენტუნარიანობის ზრდის, პროდუქტიულობის   მდგრადი განვითარების შესაძლებლობაა. თუმცა, სხვა სექტორებთან შედარებით, ეს პროცესი სოფლის მეურნეობაში გართულებულია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამო. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციების შეფასება საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უცხოური გამოცდილების შესწავლა, ციფრიზაციის პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა და განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე რეკომენდაციების შემუშავება.

მოხსენებაში დასაბუთებული იყო ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების აუცილებლობა საქართველოს სოფლის მეურნეობაში, შედარდა მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები ციფრიზაციის კონცეფციის შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ციფრულ ტრანსფორმაციაში არსებული გამოწვევების გამოსავლენად ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა მაიდენტიფიცირებელი, კომპეტენციების, პრაქტიკული და შეფასებითი სექციების მიხედვით. კვლევით დადგინდა: რესპონდენტთა ციფრული უნარების ფლობის დონე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პერიოდი და მიზნები, აპლიკაციები და სერვისები; შეფასდა ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა, ,,ციფრული განხეთქილებისდონე, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ტექნოლოგიების ბარიერები; განსაზღვრულია სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაში; გამოვლინდა სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის საჭიროებები; შეფასდა სოფლის მეურნეობის სექტორის ციფრული ტრანსფორმაციიდან მიღებული სარგებელი.

კვლევაში გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდოლოგია: ბიბლიოგრაფიული კვლევა, ანალიზის, სინთეზის, შედარების, ექსპერტული, მატრიცული, ფაქტორული და სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდი.

ზემოაღნიშნულის გარდა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, მრავლობითი რეგრესიის მოდელის საშუალებით დადგინდა მწარმოებლურობაზე ინტერნეტისა და სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობის გავლენის შედეგები. წარმოდგენილი იქნა დასკვნები ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციებსა და გამოწვევებზე, შემოთავაზებული იყო რეკომენდაციები ციფრიზაციის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებზე.

წარმოდგენილი თემის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: . ჭითანავამ, ალ. დიდებულიძემ, . ასათიანმა; დოქტორებმა: . ცოფურაშვილმა, . ხოხაშვილმა, . კაციტაძემ, . ქარჩავამ, . ქუთელიამ, . ძიძიკაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს მომხსენებლის მიერ ჩატარებული მუშაობის აქტუალურობა, მოხსენების ინფორმატიულობა და მიდგომის ინოვაციურობა. სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

 

 

„ღვინის დღეები“-ს ფარგლებში გამართული კონფერენცია:

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო-პროექტი - შედეგები და სიახლეები“

 

400334641 634135005339658 7780591248257476873 n მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო-პროექტი - შედეგები და სიახლეები“. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოს 11 ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ა. გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ა. დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მ. ბარვენაშვილი.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და კონფერენციის მუშაობაში წარმატება უსურვეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ოთარ შამუგიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ პაპუკაშვილმა. აღინიშნა, რომ ღვინის დღეებით ჩვენ ვახსენებთ მთელ საზოგადოებას, რომ ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილი და რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000 წლიანი უწყვეტი ისტორიით.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული იყვნენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) მეცნიერები. ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის, თანამედროვე მდგომარეობისა და მევენახეობა – მეღვინეობის მომავალი განვითარების პოტენციალის წარმოჩინების მიზნით, პროექტის ფარგლებში მოხდა ქართულ ვაზისა და ღვინის შესწავლა სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის საშუალებით.  399785158 359016496683214 5740216610324367211 n 1

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერი, მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტით უკვე დადასტურდა ქართული ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია. კონფერენციაზე ასევე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ბატონი დავით ლორთქიფანიძე, რომლის მოხსენება გახლდათ: „ბიოკულტურული პროცესები ღვინის ისტორიის მიღმა“; ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერი სტეფან ბატიუკის მოხსენება იყო: „გადაჭრილი გორის“ რეგიონალური არქეოლოგიური პროექტის ექსპედიცია (GRAPE) 2016-2023: სამხრეთ კავკასიის ნეოლითური ლანდშაფტების გამოკვლევა და რა მნიშვნელობა აქვს მას მსოფლიო ისტორიისათვის“; მონპელიერს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშროელმა ლორან ბუბმა ისაუბრა თემაზე: „ძველი ვაზების დახასიათება წიპწის ფორმის ანალიზის საშუალებით და კულტივირებული ვაზების ევოლუცია საქართველოში ათასწლეულების განმავლობაში“ და სხვ.

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის“ კოორდინატორმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ გაიზარდა პროექტში ჩართული მეცნიერების რაოდენობა, ნათლად გამოჩნდა პროექტის საქმიანობის გაფართოების პერსპექტივა, რაც მომავალში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის იმ მრავალფეროვანი საკითხების შესწავლას წაადგება, რითაც ასე მდიდარია ეს დარგი.

 

 

 

29 სექტემბრის პრეზიდიუმის სხდომა

 

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები, აკადემიკოსები: გ. ჯაფარიძე, გ. ალექსიძე, რ. ასათიანი, ჯ. გუგუშვილი, ა. დიდებულიძე. ლ. დოლიძე, გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ლ. უჯმაჯურიძე, ზ. ფუტკარაძე, ნ. ჩხარტიშვილი, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ჭითანავა, დოქტორები: ი. ახალბედაშვილი, მ. ბარვენაშვილი, ო. კაჭარავა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები: ზ. მახარობლიძე, ო. თედორაძე, ო. ქარჩავა, ტექნიკის დოქტორები: ვ. მარუაშვილი, თ ნადირაშვილი, თ. ცარციძე, გ. ქუთელია. მ. ბენაშვილი, ხ. გოჭოშვილი, ასევე პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.

პრეზიდიუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. შემდეგ მან აუდიტორიას გააცნო პრეზიდიუმის მუშაობის დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2023 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად ჩატარებულ კონკურსის შედეგების შესახებ. (გამარჯვებულთა დაჯილდოება).

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

3. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და ცხოველების ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“, მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

4. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მანქანების რემონტის და წარმოების აუცილებლობის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე.

  1. მიმდინარე საკითხები

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ კოორდინატორებთან მრგვალი მაგიდის ჩატარების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

პირველ საკითხთან დაკავშირებით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები შეთანხმებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობასთან. უახლოეს პერიოდში შედგება ხელმოწერის ცერემონია, რომელიც უფრო მნიშვნელოვანს და ნაყოფიერს გახდის ორივე აკადემიის საქმიანობას.

მეორე საკითხის ირგვლივ ისაუბრა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა. მან აღნიშნა, რომ აკადემიის მიერ 2023 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსი ჩატარდა შესაბამისი დებულების სრული დაცვით. გამარჯვებულები გახდნენ და პრემიები გადაეცათ 10 ნაშრომის ავტორებს. მათი გვარები და ნაშრომები ატვირთულია აკადემიის ვებ-გვერდზე. აღნიშნულის შემდეგ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ კონკურსის გამარჯვებულებს გადასცა სამახსოვრო დიპლომები.

           საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და ცხოველების ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“ ჩასატარებლად მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულმა პროექტმა გაიმარჯვა მიმდინარე წლის დასაწყისში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, მთავარი კოორდინატორი - აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ძირითადი შემსრულებლები: აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი. განცხადება კონფერენციის ჩატარებისა ვადებისა და სამეცნიერო სტატიების მიღების წესების შესახებ გამოქვეყნდა აკადემიის ვებ-გვერდზე, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში. საინფორმაციო ვიდეო რგოლი მთელი თვის განმავლობაში გადიოდა „საფერავი ტვ“-ის ეთერში. ინფორმაციები ასევე დაეგზავნათ ადგილობრივი და საზღვარგარეთის პარტნიორ ორგანიზაციებს. ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც გათვალისწინებული იყო საკონფერენციო გრანტის გეგმა-გრაფიკით. მომზადდა კონფერენციის მოსაწვევები, პროგრამა და სამეცნიერო კრებული. სულ შემოსულია 100 სამეცნიერო სტატია 200-ზე მეტი მეცნიერის ავტორობით. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს საფრანგეთის, ლატვიის, რუმინეთის, ალბანეთის და უკრაინის მეცნიერებმა. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 4-6 ოქტომბერს.

            ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მანქანების რემონტის და წარმოების აუცილებლობის შესახებ“ (მოხსენების სრული ტექსტი იხ. ბმულზე). წარმოდგენილმა მოხსენებამ აუდიტორიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

            პრეზიდიუმის დასასრულს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია აკადემიის ეროვნულ კოორდინატორებთან მრგვალი მაგიდის ჩატარების შესახებ და პრეზიდიუმის წევრებს გააცნო ანგარიშის ახალი ფორმა, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა კოორდინატორებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ შესრულებული სამუშაოები.

ხსოვნა

ღვაწლმოსილი მეცნიერი - ოთარ ლიპარტელიანის ხსოვნა

    

 DSC06999999999999999999999999903 გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ღვაწლმოსილი მეცნიერი ოთარ ლიპარტელიანი.

             ბატონი ოთარი დაიბადა 1932 წლის 5 დეკემბერს ლენტეხის რაიონის სოფელ კახურაში. ლენტეხის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1949 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე და მისი დამთავრების შემდეგ მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია.

           ბატონმა ოთარმა შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 წელს საქართველოს სახელმწიფო სასელექციო სადგურში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1961 წლიდან 2006 წლამდე მან გაიარა დიდი და ნაყოფიერი გზა მცხეთის სასელექციო სადგურში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდგომ განყოფილების გამგედ და დირექტორის თანამდებობაზე. 2006 წელს იგი არჩეულია ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. 2014 წლიდან ბატონი ოთარ ლიპარტელიანი დაინიშნა და მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.

           მან პირველმა დაიწყო მცენარეთა კერძო გენეტიკის კურსის კითხვა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრაზე   (1976-1979 წ. წ. ) და შემდეგ კითხულობდა სელექცია-გენეტიკის კურსს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციისა და მეთესლეობის კათედრაზე.

           ბატონი ოთარი ითვლება საქართველოში სიმინდის სელექციაში პირველ ხაზთაშორისი ჰიბრიდების ავტორად. მან პირველმა შეაგროვა სიმინდის ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი ( 244 ნიმუში) , შეისწავლა ისინი ბოტანიკურად, გენეტიკურად და დასახა მათი სელექციური გამოყენების სწორი გზები. მან პირველმა შეისწავლა ისინი კომბინაციური უნარიანობის მიხედვით, სტერილურობის მიმართ რეაქციის თვალსაზრისით და ამ მხრივ პირველმა მოგვცა მათი ბოტანიკური და გენეტიკური კლასიფიკაცია.

           ბატონი ოთარ ლიპარტელიანი ბრძანდება 200-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოურ გამოცემებში, მათ შორის 7 მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, 13 რეკომენდაციის. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და წარმოებაში დანერგილია 25 ჯიში, მათ შორის ხორბლის 2 ჯიში, სიმინდის 15 ჰიბრიდი და 1 ჯიში, ქერის 4 ჯიში, ლობიოს მუხუდოს და ოსპის თითო ჯიში. აქედან სიმინდის 1 ჯიში და 2 ჰიბრიდი დარაიონებულია უცხოეთშიც.

           ბატონი ოთარის სამეცნიერო პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდ არის დაფასებული. იგი დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი ხარისხის დიპლომით (1983 წ.); საქართველოს სახელმწიფო პრემიით მეცნიერებაში (1986 წ.); „ღირსების“ ორდენით (1999 წ); საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით (2002, 2016 წ. წ.) და მინიჭებული აქვს საუკეთესო მეცნიერის წოდება აგრონომიულ დარგში (2013 წ.)

                 წავიდა კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი ჩვენი რიგებიდან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული მეცნიერის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ოთარ ლიპარტელიანის სახელი დიდხანს დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენცია

 

Picture1

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია - „სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება,

კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“

 

387000246 692055659623588 6132180273527218926 n     მიმდინარე წლის 4-6 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (MG-ISE-23-923) ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“.

     კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო 9 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, ლატვია, უკრაინა, იტალია, რუმინეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, შვედეთი, სლოვაკეთი) მეცნიერთა შემადგენლობით, ხოლო საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი - 5 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, ლატვია, უკრაინა, რუმინეთი), მეცნიერთა შემადგენლობით.  DSC00805

   კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ავთანდილ კორახაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, ბატონი ივერი ახალბედაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე,  საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი ბაკურ გულუა, ასევე უცხოელი და ქართველი მეცნიერები.

    386657164 692055572956930 8192472643637209278 n 4 ოქტომბერს კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან ისაუბრა კონფერენციის თემის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ დღეს მთელ მსოფლიოში მეტად მწვავედ დგას როგორც ზოგადად ბიომრავალფეროვნების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სისტემების მდგრადობის, სასურსათო სუვერენიტეტის, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ნედლეულით მომარაგებისა და შემოსავლების ზრდის ხელშემწყობია. შემდეგ ბატონმა გივი ჯაფარიძემ სიტყვა მისალმებისათვის გადასცა ქართველ და უცხოელ სტუმრებს. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და კონფერენციის მუშაობაში წარმატება უსურვეს ბატონებმა: როინ მეტრეველმა, იური ნოზაძემ, ზაზა მარუაშვილმა, ივერი ახალბედაშვილმა, ლევან უჯმაჯურიძემ, უცხოელ სტუმართაგან: საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა, პროფესორმა მიშელ ტიბიერმა, ლატვიის სოფლის მეურნეობის და სატყეო მეცნიერებების აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ბაიბა რივზამ, რუმინეთის ქ. სუჩავას გენბანკის დირექტორმა, დოქტორმა სილვია სტრაჯერუმ, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სელექცია-გენეტიკის ლაბორატორიის უფროსმა, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ელიზავეტა ფედოროვიჩმა. DSC01063

     მისალმებების შემდეგ, კონფერენციის მუშაობის პროგრამის შესაბამისად გაიმართა პლენარული სხდომა, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ: პროფესორი მიშელ ტიბიერი. მისი მოხსენების თემა გახლდათ: „განსაკუთრებული აქცენტი ფრანგული პირუტყვის ჯიშებზე, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ“; პროფესორი ბაიბა რივზა მსმენელთა წინაშე წარსდგა მოხსენებით: „ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი გადაწყვეტილებების შესწავლა: მიკრობული ინოვაციების ინტეგრირება სასოფლო-სამეურნეო კულტურების კულტივაციაში ლატვიაში“; აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება ეხებოდა „სასოფლო-სამეურნეო კულტურების ბიომრავალფეროვნებას საქართველოში“; პროფესორმა ელიზავეტა ფედოროვიჩმა ისაუბრა თემაზე: „მეთოდოლოგიური ასპექტები სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მეთოდოლოგიაში უკრაინაში“, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ კი წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომრავალეროვნება“.

 DSC00947     მოკლე შესვენების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა სამუშაოდ გადაინაცვლეს შესაბამის სექციებში. მუშაობა წარიმართა 2 სექციაში. I სექციას - სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ბიომრავალფეროვნება ხელმძღვანელობდა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, II სექციას - სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება კი - აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი. სექციების მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, რომელზეც 384543813 3106266912842158 6094739428346455790 n აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა და აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სექციების მუშაობის შედეგები. აღინიშნა, რომ სექციებზე წარმოდგენილი თითოეული მოხსენება დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევდა და მეტად პრობლემატურ საკითხებს ეხებოდა. წარმოდგენილ მოხსენებებს შორის ყურადღება მიიპყრო რუმინეთის დელეგაციის წარმომადგენელის ანდრა-საბინა ნიკულაუ-ვალეანუს ნაშრომმა, რომელმაც იგი პოსტერის სახით წარმოადგინა. არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ უკრაინის დელეგაციის   წარმომადგენლის, პროფესორ ტატიანა სუპროვიჩის მოხსენებაც, რომელიც ეხებოდა ძროხის BOLA-DRB3 გენის ბიომრავალფეროვნებას.

     შემაჯამებელი დისკუსიის შემდეგ უცხოელი სტუმრებისათვის რესტორან „აფაზეთში“ გაიმართა საზეიმო ვახშამი.

DSC00814     5 ოქტომბერს სექციებმა მუშაობა დილის 10 საათიდან გააგრძელეს. მუშაობის დასრულების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია. აღინიშნა, რომ სულ 2 დღის განმავლობაში I სექციაში - სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ბიომრავალფეროვნება მოსმენილი იქნა 17 მოხსენება, ხოლო II სექციაში - სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება - 12 მოხსენება. ამის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათლად იყო წარმოჩენილი კონფერენციის მიზანი და ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

  კონფერენციის მუშაობა შეაჯამა და კონფერენცია დახურა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თითოეულ მონაწილეს კონფერენციის მუშობაში მონაწილეობის მიღებისათვის და წარმატება უსურვა შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში.   

     კონფერენციის მონაწილეებმა, კონფერენციის ორგანიზატორებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, რის შემდეგ მოწვეული DSC01056 უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო თემატური  ექსკურსია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე. ადგილზე სტუმრებს დახვდნენ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე და კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები.

   აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ სტუმრებს მოუთხრო ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ. ვაზის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ადგილზე ქართველი კაცის ყოფაში. აღნიშნა, რომ ქართული ვაზის ჯიშების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. შემდეგ სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში. მასპინძლებმა უცხოელ სტუმრებს ანახეს ჩურჩხელის ამოვლების პროცესი. თითოეულ მათგანს საშუალება მიეცა თავად დაემზადებინათ ეს ნუგბარი. სტუმრებმა ყურძნის გარდა დააგემოვნეს ჯიღაურას ბაზაზე მოყვანილი ხილი და ქართული ღვინოები. ექსკურსიის დასასრულს გაიმართა საზეიმო ვახშამი. DSC01071

     7 ოქტომბერს კონფერენციის უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო ექსკურსია ბოდბის დედათა მონასტერში და ყვარლის ღვინის გვირაბში, რომლის სპონსორიც გახლდათ კომპანია ხარება, აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში მხარს უჭერს აკადემიის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ღონისძიებებს. ყვარლის გვირაბში სტუმრებს მეგზურობა გაუწია გიდმა, რომელმაც დაწვრილებით მოუთხრო მათ მისი შექმნის ისტორია და ამჟამად გვირაბის მფლობელის კომპანია „ხარების“ შესახებ. სტუმრები გვირაბის დათვალიერების შემდეგ ქვევრის გახსნის ცერემონიალის მომსწრეები გახდნენ. მათ დააგემოვნეს ქვევრის ღვინო და თიხის ფიალებითაც დასაჩუქრდნენ. ღვინის გვირაბის გარე ტერიტორიაზე სტუმრები გაეცნენ შოთის პურის გამოცხობის პროცესს და თავადაც ჩააკრეს პური თონეში. ასევე ამოავლეს ჩურჩხელები, რის შემდეგ კომპანია „ხარებამ“ მათ საზეიმო ვახშამი მოუწყო.  DSC01200

     უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მუშაობაში უშუალო მონაწილეობა მიიღო 200-მდე მეცნიერ-მკვლევარმა, დაიბეჭდა სამეცნიერო შრომათა კრებული, რომელშიც გაშუქდა 100 სამეცნიერო სტატია. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო ჩანთები, საწერ-კალმები, ბლოკნოტები, სამეცნიერო შრომათა კრებულები და სერტიფიკატები. კონფერენციის სამივე დღე გაშუქებული იქნა საფერავი ტვ-ს მიერ.

 DSC01391კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ლატვიის მეცნიერებათა აკადემიასთან და უკრაინის ქ. კამიანეც-პოდოლსკის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან.

 

 

 

 

 

კონფერენციის პროგრამა:  https://gaas.dsl.ge/images/Program_1.pdf  

კონფერენციის  შრომათა კრებული   https://gaas.dsl.ge/images/2023/Conference_Proceedings_2023.pdf

https://youtu.be/46wEqCiEKmk

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მოლდოვაში

 

IMG 6449 min      2023 წლის 29-30 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციის "ცხოველთა გენეტიკური ფონდები მართვა - პრობლემები, გადაწყვეტილებები, პერსპექტივები" მუშაობაში, რომელიც გაიმართა მოლდოვას რესპუბლიკაში. იგი მოხსენებით გამოვიდა პლენარულ სხდომაზე.

      ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მოლდოვას ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ინსტიტუტი ზოოინჟინერიასა და ვეტერინარულ მედიცინაში, მოლდოვ მეცნიერებათა აკადემიის სიცოცხლის მეცნიერებათა დეპარტამენტი, მოლდოვ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო და მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტო. კონფერენციის მუშაობა მოიცავდა შემდეგ სფეროებს: მეცხოველეობა და ბიოტექნოლოგია (გენეტიკა, მომშენებლობა, ცხოველთა ფიზიოლოგია და რეპროდუქცია, კვების და საკვების ტექნოლოგია, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია), გენების მართვისა და შენარჩუნების ბიოლოგიური საფუძვლები, ადგილობრივ ცხოველთა ჯიშები, სანიტარული და ვეტერინარული ღონისძიებები ცხოველების კეთილდღეობისთვის და მეცხოველეობისIMG 20230929 125437 min პროდუქტების უვნებლობისათვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები: მოლდოვადან, საქართველოდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან.

     კონფერენცია გახსნა მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ბორის გაინამ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ზოოინჟინერიასა და ვეტერინარულ მედიცინაში ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ოლეგ მაშნერი.

     გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ზოოინჟინერიასა და ვეტერინარულ მედიცინაში ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ინსტიტუტს შორის.

 IMG 6535 min

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

                     მიმდინარე წლის 20  სექტემბერს  შედგა  კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ეკონომიკის დოქტორის, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის, დოქტორ ნინო ლობჟანიძის მოხსენება თემაზე: „ქართული მინერალური წყლების ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობები“.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მინერალური წყლების წარმოება საქართველოს კვების მრეწველობის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, მის პრიორიტეტულებას რიგი უპირატესობები განსაზღვრავს. ესენია: ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე, სეზონურობის არარსებობა, დაბალი ფასები, მაღალი ხარისხი და რაც მთავარია, ჩადებული კაპიტალის ანაზღაურება მოკლე დროში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2022 წელს მინერალური წყლები საქართველოს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში მე-7 ადგილს იკავებდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქსტატის 2023 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, მინერალური წყლები ათეულშიც კი სამწუხაროდ აღარ გვხვდება, რაც საყურადღებო ფაქტია.

ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს პროდუქტის კონკურენტუნარიანობისა და ბაზარზე არსებული კონკურენციის დონე იძლევა. პროდუქციის მიხედვით კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები მკვეთრად დიფერენცირებულია. მინერალური წყლების გლობალურ ბაზარზე წლებია ლიდერები არიან საფრანგეთი და იტალია. მსოფლიო ექსპორტიორთა შორის არის საქართველოც, ექსპორტის 3.5%-იანი წილით მე-6 პოზიციაზე და საქართველოს მინერალური წყლების ექსპორტის ბოლო ათწლიანი დინამიკის ანალიზი გვიჩვენებს მზარდ ტენდენციას, 2022 წლის მონაცემებით გასულია 111526 აშშ დოლარის ღირებულების 201306 ათასი ლიტრი მინერალური წყალი, რაც იმას ნიშნავს რომ ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 1.6 ჯერ გაიზარდა, თუმცა იყო რამდენიმე ჩავარდნა.

უნდა აღინიშნოს, რომ პოტენციალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მაღალია. კონკურენტუნარიანობის ექსპორტზე გავლენის დასაბუთების მიზნით შემუშავებული ეკონომეტრიკული მოდელის მიხედვით, მინერალური წყლების ექსპორტის ზრდის ტემპი დადებით დამოკიდებულებაშია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის, “Doing business” და ვაჭრობის წილებით შეწონილი პოტენციური პარტნიორი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ, GDP) მიმდინარე მნიშვნელობებზე.

მოხსენების შემდეგ გამართულ განხილვაში მონაწილეობდნენ   ალ. დიდებულიძე,      .ბაღათურია, . ცოფურაშვილი, . თედორაძე, . ხოხაშვილი, . კაციტაძე, . ქარჩავა, . სუპატაშვილი, .რუსეცკი, . ქუთელია, . ჭიპაშვილი, რომლებმაც აღნიშნეს მომხსენებლის მიერ ჩატარებული მუშაობის აქტუალობა, მოხსენების ინფორმატიულობა და მიდგომის ინოვაციურობა. კომისიამ მოიწონა მოხსენება და დაადგინა, რომ შესაძლებელია ექსპორტის მოცულობის გაზრდა ევროპის, ამერიკის, იაპონიისა და არაბული ქვეყნების ბაზრებზე. ამჟამად მთავარ გამოწვევს წარმოადგენს ფინანსური არასტაბილურობა, ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა, სატარიფო და არასატარიფო ბარიერები, მნიშვნელოვანია ეკომეგობრული შეფუთვისა და კომპლემენტარი პროდუქტების წარმოება. ბაზრის დივერსიფიკაციის ტრადიციულ გზებთან ერთად (დაბალი ფასი, მაღალი ხარისხი და გემოს წარმოჩენა), აუცილებელია არატრადიციული გზების ამოქმედება, ციფრიზაციის პროცესში პროდუქტის ინოვაციური ხერხებით პოზიციონირება; კომპანიებისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობა ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს დარგის განვითარებასა და ექსპორტის გაზრდას.

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის შესაბამისად აგრარულ სფეროში

2023 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ და პრემიები მიენიჭათ შემდეგი ნაშრომების ავტორებს:

 

აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება:

 

1. სასწავლო სახელმძღვანელო - „აგროქიმიის პრაქტიკუმი“

ავტორები: აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ ძაძამია.

გამოცემის თარიღი: 2021 წ.

 

 

 2. მონოგრაფია - „საქართველოს სამკურნალო, არომატული, საღებარი, თაფლოვანი, სანელებელი და შხამიანი მცენარეების ბიომრავალფეროვნება“

ავტორი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კაჭარავა.

გამოცემის თარიღი: 2020 წ.

 

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება:

 

1. ცნობარი - „ცხოველთა ინფექციური დაავადებები“

ავტორები: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; ვეტერინარიის დოქტორი ლევან ციცქიშვილი.

გამოცემის თარიღი: 2022 წ.  

 

 აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება:

 

1. Dynamics and basis of calculation of optimum parameters of small tools an equipment – მონოგრაფია - „მცირე მექანიზაციის ხელის მანქანების დინამიკა და ოპტიმალური პარამეტრების გაანაგარიშების საფუძვლები”.

ავტორები: აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე.

გამოცემის თარიღი: 2020 წ.

  

2. Application of modern mathematical methods for optimizing technological processes to increase machine reliability- მონოგრაფია- „მანქანების საიმედოობის გასაზრდელად ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციისთვის თანამედროვე მათემატიკური მეთოდების გამოყენება“.

ავტორები: აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე; აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე.

გამოცემის თარიღი: 2020 წ.

  

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის განყოფილება:

 

1. მონოგრაფია - „ღვინო -ტექნოლოგია და ტექნოქიმიური კონტროლი

ავტორი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი თემურ ღვინიანიძე.

გამოცემის თარიღი: 2023 წ.

 

 გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება:

 

1. მონოგრაფია: „საქართველოში განვითარებული ტყის ხანძრები და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მეცნიერული საფუძვლები“.

ავტორი: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.  

გამოცემის თარიღი: 2022 წ.

  

2. მონოგრაფია: კლიმატის ცვლილება: აგროკლიმატური გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ საქართველოში“.

ავტორები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მელაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია მელაძე.  

გამოცემის თარიღი: 2020 წ.

 

 ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება:

 

1. მონოგრაფია: „მიწის რეფორმა საქართველოში - სახელმწიფო მონოპოლიიდან კერძო საკუთრებამდე: განხორციელების ეტაპები და მექანიზმები“

ავტორები: ეკონომიკის დოქტორი ალექსანდრე სიჭინავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი, ეკონომიკის დოქტორი დალი სეხნიაშვილი.

გამოცემის თარიღი:   2022 წ.

  

2. მონოგრაფია: „საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები“.  

ავტორები: აკადემიკოსი რევაზ ასათიანი; აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

გამოცემის თარიღი:   2022 წ.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს და უსურვებს წარმატებებს შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში.

 

 

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

 368563696 1436383633602936 1307803605826099817 n

მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათაა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის რიგით მე-8 სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ, როგორც აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, აკადემიკოსები: ასათიანი რევაზი, გიორგაძე ანატოლი, გუგუშვილი ჯემალი, დიდებულიძე ალექსანდრე, დოლიძე ლაშა, მარგველაშვილი გოგოლა, მახარობლიძე რევაზი, უჯმაჯურიძე ლევანი, ჩხარტიშვილი ნოდარი, ცქიტიშვილი ზურაბი, ჯაფარიძე გივი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა აპარატის უფროსი, ეკონომიკის დოქტორი ახალბედაშვილი ივერი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ბარვენაშვილი მარინე, ასევე მოწვეული სტუმრები: აკადემიკოსი კოპალიანი როლანდი, აკადემიის გარემოს დაცვის, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი ეპიტაშვილი თინათინი, აკადემიის კადრების ინსპექტორი მიგრიაული ეკატერინე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, სატყეო საქმის დოქტორი ქავთარაძე გიორგი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი კინწურაშვილი ქეთევანი.

პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო პრეზიდიუმის მუშაობის დღის წესრიგი, რომელიც შემდეგ   საკითხებს   მოიცავდა:

1. ინფორმაცია სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე

2. ინფორმაცია ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2023 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი.

3. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომების გამოსავლენი კონკურსის შედეგების შესახებ.   363799486 121057774391130 7987976696362622518 n

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი   მარინე ბარვენაშვილი.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დებულების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის დებულებისა და შემადგენლობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დებულების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

7. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, აგრობიომრავალფეროვნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; გარემოს დაცვის, აგრობიომრავალფეროვნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის სწავლული მდივანი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი;

8. საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების გამოსავლენი კითხვარის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

9. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის მუშაობის რეგლამენტის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე

10. მიმდინარე საკითხები.

            პირველ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან აღნიშნა, რომ ორ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო პრობლემების ერთობლივი ძალებით გადაწყვეტის მიმართულებით, მეცნიერთა შორის საქმიანი ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცებისათვის. პრეზიდიუმის წევრების მიერ მოწონებული იქნა სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტი წარმოდგენილი სახით და მიღებული იქნა დადგენილება, რომლის თანახმად სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტი გასაცნობად გადაეგზავნა სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.

            ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა ქეთევან კინწურაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები და 2023 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა. აღინიშნა, რომ ფაკულტეტმა გასული წლის განმავლობაში მნიშვნელობანი სამუშაოები ჩაატარა როგორც სასწავლო ასევე კვლევითი მიმართულებით, რაც აისხა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და ჩატარებულ ღონისძიებებში. პრეზიდიუმის წევრების მიერ მოწონებული იქნა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და შესაბამისად დადებითად იქნა შეფასებული (მოხსენების სრული ტექსტი იხ. ბმულზე).

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომების გამოსავლენი კონკურსთან დაკავშირებით აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა პრეზიდიუმს აცნობა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგები. აკადემიის წესდების VI თავის 26-ე მუხლის ბ) პუნქტის თანახმად აღნიშნული შედეგების დასამტკიცებლად პრეზიდიუმში გაიმართა ღია კენჭისყრა, შედეგად გამოვლინდა 11 გამარჯვებული ნაშრომი (გამარჯვებულ ნაშრომებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხ. აკადემიის ვებ-გვერდის სიახლეებში).

აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დებულება და აღნიშნა, რომ აკადემიის წესდების VI თავის 25-ე მუხლის თანახმად აკადემიის პრეზიდიუმი უფლებამოსილია დაამტკიცოს აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დებულება.   პრეზიდიუმმა განიხილა წარმოდგენილი დებულება, მოიწონა იგი და მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დებულება დამტკიცდა წარმოდგენილი სახით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის დებულებასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ა. დიდებულიძე. პრეზიდიუმის წევრებმა მოიწონეს და დაამტკიცეს აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის დებულება და შემადგენლობა წარმოდგენილი სახით. პრეზიდიუმის წევრების მიერ მოწონებული და დამტკიცებული იქნა ასევე აკადემიკოს როლანდ კოპალიანის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურული ერთეულის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დებულება.

პრეზიდიუმის სხდომაზე ასევე მოსმენილი იქნა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, აგრობიომრავალფეროვნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რომელთან დაკავშირებით ისაუბრა აგრობიომრავალფეროვნების და მცენარეთა გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის სწავლულმა მდივანმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა.

            აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ  პრეზიდიუმს წარუდგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების გამოსავლენი კითხვარი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, რომ კითხვარი გასაცნობად და შესავსებად გადაეგზავნოთ აკადემიის   წევრებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

            აკადემიის პრეზიდიუმის დღის წესრიგის თანახმად აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის მუშაობის რეგლამენტის შესახებ. პრეზიდიუმის წევრების მიერ მოწონებული იქნა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის მუშაობის რეგლამენტი და მიღებული იქნა დადგენილება მისი დამტკიცების შესახებ წარმოდგენილი სახით.

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომის დასასრულს, სხდომის თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდიუმის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში მიღებული მონაწილეობისათვის.

მემორანდუმი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2023 წლის

6 ივლისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“ -ს შორის.

 

    355045171 1402746677172042 8101084380307554654 n     საზეიმო სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას, რომელიც ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი. მასპინძელთა მხრიდან სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები: გოგოლა მარგველაშვილი, ლაშა დოლიძე, თენგიზ ყურაშვილი, რევაზ ასათიანი; სტუმართა მხრიდან იყვნენ: ფონდ „განვითარება და გარემო“ -ს თავმჯდომარე, ბატონ თეიმურაზ ტყემალაძე და აღმასრულებელ დირექტორი, ბატონ გოჩა კობერიძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, სატყეო ინსტიტუტის დიექტორის მ.შ., დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, ბიოლოგიის დოქტორები: არჩილ სუპატაშვილი და მედეა ბურჯანაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნანა გოგინაშვილი, ზვიად ტიგინაშვილი, ნატო კობახიძე, სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხაბეიშვილი, ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი, ასევე აკადემიის სამეცნიერო საბჭოს და ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები.

            აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მისალმების შემდეგ ფართოდ ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“ -ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანზე. აღნიშნა, რომ საჭიროა კიდევ ერთხელ გააზრებული იქნეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ტყესთან მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც აკადემიამ გარკვეულწილად თავისი სიტყვა უნდა თქვას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიის წევრებს, პრაქტიკოს-მეტყევეებს და საკითხის მცოდნე პირებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ ფონდ განვითარება და გარემო“ -ს მიერ გამოცემული ჟურნალის „ველური ბუნება“ თემატიკაში, მეცნიერული კუთხით გააძლიერონ იგი და ამდენად კიდევ უფრო მეტად გაზარდონ მისი მნიშვნელობა. ხაზი გაუსვა იმას, რომ აკადემიას ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბებული აქვს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრები, სადაც გავრცელდება აღნიშნული ჟურნალი და მეცნიერულ წრეებსა და არა მარტო მათ, საშუალება ექნებათ გაეცნონ ტყესთან, ბუნებასთან, ეკოლოგიასთან და ა.შ. დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. ბატონმა გ. ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა ჩვენი ტყეების მნიშვნელობაზე, რომელსაც ჩამორჩებიან ტყესთან დაკავშირებით თავისი კანონმდებლობით ცნობილი ისეთი ქვეყნის ტყეები, როგორებიცაა, ავსტრია, გერმანია და მრავალი სხვა. აღინიშნა ისიც, რომ ტყეს ოდითგანვე საქართველოს მოსახლეობისათვის ჰქონდა, როგორც სოციალური პრობლემების გადაჭრის დატვირთვა, ასევე მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების თვალსაზრისით, გარდა ამისა საქართველოში დღესაც არსებობს ე. წ. „ქალწულებრივი“ ანუ ხელუხლებელი ტყეები, რაც უნიკალური შემთხევაა და იშვიათობაა მთელ მსოფლიოში, საქართველოს ტყეები გამორჩეულია იმთაც, რომ ისინი არ არის სამრეწველო დანიშნულების და სხვ. მომხსენებელი მიესალმა იმ ფაქტს, რომ რომ ტყის საერთო ფართობი, ქვეყნის ტერიტორიასთან მიმართებაში 44% -მდე გაიზარდა, თუმცა შეეხო ტყის მართვასთან, მის პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსაც და იმასაც, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში შეინიშნება სპეციალისტთა კადრების და დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების სიმცირე. მოხსენების ბოლოს აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გ. ჯაფარიძემ იმედი დაიტოვა რომ აკადემიის და ფონდის „განვითარება დ გარემო“-ს მიერ წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში აქტიურად ჩაებმება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის მოხსენების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე).  355042828 257167233703372 8922260833634327072 n

         

   საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდ „განვითარება და გარემო“-ს აღმასრულებელ დირექტორი, ბატონ გოჩა კობერიძე და ფონდის თავმჯდომარე, ბატონ თეიმურაზ ტყემალაძე. ბატონმა გოჩა კობერიძემ ისაუბრა ფონდის მიერ შესრულებულ და სამომავლოდ შესასრულებელ პროექტებზე. აღნიშნა, რომ თითოეული პროექტის საფუძველი - მეცნიერული კვლევაა. ამჟამად საჭიროა, რომ ის ცოდნა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაშია დაგროვილი ტყესთან და ზოგადად გარემოს დაცვასთან დაკავშირებით წარმატებით იქნეს რეალიზებული კომერციაში. სამწუხაროდ საქართველოში და არამარტო საქართველოში, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში პრაქტიკულად ამის პრეცენდენტი არ არსებობს. აღნიშნული საკითხი კი უკვე დიდი ხანია დადებითადაა გადაწყვეტილი, როგორც ევროპის მოწინავე ქვეყნებში, ასევე აშშ-ში. აუცილებელია ჩვენთანაც დანერგოს ამის პრაქტიკა და ორი მნიშვნელოვანი საკითხი: ეკოლოგია და ეკონომიკა ერთ ჭრილში იქნეს მოაზრებული. ამის მაგალითს კი თავისი საქმიანობით თავად ფონდი „განვითარება და გარემო“ იძლევა. რაც შეეხება ბატონ თეიმურაზ ტყემალაძეს, მან მსმენელთა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკანასკნელ პერიოდში გარემოს დაცვასა და ტყესთან დაკავშირებით ქვეყანაში არაერთი პრობლემა გაჩნდა: ჰაერის დაბინძურება, ბრაკონიერობა, ხე-ტყის უკანონო ჭრები, ყოველივე ნეგატიურად ისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე. საქართველოში, რომელიც ცნობილია თავისი ბიომრავალფეროვნებით, შეიძლება წარიმართოს შეუქცევადი პროცესები და ჩვენ დავკარგოთ ის, რასაც ვეღარასოდეს დავიბრუნებთ. ამ მხრივ აუცილებელია გამკაცრდეს თითოეული ღონისძიება, რომელიც დაგვიცავს მსგავსი ტიპის უარყოფითი მოვლენებისაგან. ბატონმა თეიმურაზმა დარბაზში მყოფთ ამცნო „მთაწმინდის პროექტთან“ დაკავშირებული სასიხარულო ამბავიც. კერძოდ, ის რომ აღნიშნული პროექტი აღმოჩნდა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, რაც მისი თქმით, სწორად დალაგებულმა და გადაწყვეტილმა საქმიანობამ განაპირობა. ბატონი თ. ტყემალაძე შეეხო ასევე ახალგაზრდა თაობის აღზრდის საკითხს გარემოს დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტებზე გაამახვილა, როგორც ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელებზე. აღნიშნა, რომ საჭიროა მათი აქტიური ჩართულობა  356379701 125485123890017 5991524693771093007 n გარემოსთან, ტყესთან და ზოგადად ეკოლოგიასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში, ამის სტიმული კი გახდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ფონდ „განვითარება და გარემო“- ერთობლივი საქმიანობა. ახალგაზრდებმა უნდა ნახონ თუ რა არის ქვეყნის პრიორიტეტი და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს მათი საქმიანობა.   გარდა ამისა, ბატონმა თ. ტყემალაძემ ერთ-ერთ საკითხად განიხილა აკადემიის წევრების ჩართულობა, მათ მიერ სტატიების გამოქვეყნება ჟურნალში „ველური ბუნება“.

            სხდომის მსვლელობისას მემორანდუმთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოხატეს აკადემიკოსებმა: ნ. ჭითანავამ, გ. ალექსიძემ, გ. მარგველაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, რ. ასათიანმა, დოქტორმა გ. ქავთარაძემ. მათ გამოთქვეს აქტიური ჩართულობის მზაობა აკადემიისა და ფონდის ერთობლივ საქმიანობაში.

            სხდომის დასასრულს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“-ს შორის. აკადემიის მხრიდან მემორანდუმს ხელ მოაწერა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, ხოლო ფონდ „განვითარება და გარემო“-ს მხრიდან, ფონდის თავმჯდომარემ, ბატონმა თეიმურაზ ტყემალაძემ.

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ფონდ „განვითარება და გარემო“-ს შორის დადებული   ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი იხილეთ ბმულზე.

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

           მიმდინარე წლის 5 ივლისს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის მოხსენება საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული კონცეფციის დიდ მნიშვნელობას და საძოვრების შესახებ კანონის მიღების დაჩქარების აუცილებლობას.

თავის მოხსენებაში გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საძოვრების ფართობი დაახლოებით 1,7 მლნ ჰა-ს შეადგენს, რომელთაგან 500 ათას ჰექტარამდე ეროზირებულია. საძოვრების ეკოსისტემას და მცენარეულ საფარს განსაკუთრებით აზიანებს პირუტყვის გადამეტძოვება და არარაციონალური გამოყენება, რის შედეგად მცირდება ბალახნარი, ბუნებრივი საფარი იცვლება უხეში, საკვებად გამოუსადეგარი და ზოგჯერ მავნე მცენარეებით, აგრეთვე ბუჩქნარით, რომლებიც ხელს უშლიან სასარგებლო მცენარეულობის განვითარებას, ნიადაგის სტრუქტურის შეცვლას. ქვეყანაში არსებული საძოვრების ბუნებრივი პირობები, კლიმატი, რელიეფის სირთულეები, ტექნიკასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, საგრძნობლად ზღუდავენ ამ სავარგულებზე ძირეული გაუმჯობესების ღონისძიებების ჩატარებას, რაც შესაბამისად იწვევს საძოვრების დეგრადირებას. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მიწის რესურსების მართვის დღეს არსებულ პირობებში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს საძოვრებით სარგებლობისა და მათი მდგრადი მართვის სწორი პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და დამკვიდრება.

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, შემუშავებულია „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია“, რომლის მიზანია საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მოსახლეობის და ფერმერების მიერ საძოვრებით სარგებლობის სამართლებრივი და სამეურნეო პირობების განსაზღვრა-დამკვიდრებას, საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ხელს შეუწყობს მათი ნაყოფიერების გაუმჯობესებას, მეცხოველეობის დარგის მდგრად განვითარებას და პროდუქტიულობის გაზრდას.

კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რომელიც საძოვრების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის საკითხებს განიხილავს მეცხოველეობის განვითარების საკითხებთან ერთად. საძოვრები განიხილება ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი ეკოსისტემების ნაწილად, რომლებიც გამოიყენება მოსახლეობისა და ფერმერების სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიების მიერ და რომელთაც აქვთ განსხვავებული პრიორიტეტები და მიზნები მეცხოველეობის განვითარების კუთხით. ასევე, გათვალისწინებულია ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების ინტეგრირებული მართვისა და ტრადიციული მომთაბარეობის საკითხები.

აღნიშნულის საფუძველზე კონცეფცია აყალიბებს საძოვრების მდგრადი მართვის ხედვასა და პრინციპებს, განსაზღვრავს საძოვრად გამოყენებული მიწების საკუთრებისა და საძოვრებით სარგებლობის უფლებების საკითხებს, ინსტიტუციურ მოწყობას საძოვრების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული მიდგომების სამართლებრივ შედეგებს, განიხილავს საძოვრების მართვის ეკონომიკურ და ფისკალურ ასპექტებს, საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვას და მონიტორინგს. დოკუმენტმა საფუძველი შეუქმნა საძოვრების მართვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი და წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვისა და დამკვიდრებისათვის.

შემდეგ კონცეფციის ცალკეული პოზიციის შესახებ ვრცელი პრეზენტაციით გამოვიდა კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრის პროექტის მრჩეველი ანა რუხაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრების მდგრად სარგებლობას განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად და ძირითადად ეფუძნება ევროპის ქვეყნების მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებულ მიდგომებს, რომლებიც ესადაგება საქართველოში საძოვრებით სარგებლობის ტრადიციებს.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ალ.დიდებულიძე, ივ. ახალბედაშვილი, ო.კაჭარავა, კ.ნადირაძე, შ. მაჭარაშვილი, ო. ქარჩავა, ე.კაციტაძე, გ.ქუთელია, ა.სუპატაშვილი, გ.გოგოლი, ალ.რუსეცკი, თ.გომიაშვილი, რ.იუხნევიჩი, რომლებმაც აღნიშნეს კანონის ინფორმაციულობა და საავტორო კოლექტივის მიერ ჩატარებული დიდმოცულობიანი და სასარგებლო მუშაობა.

სხდომამ მოიწონა წარმოდგენილი მოხსენება და პრეზენტაცია და მიმართა სამეცნიერო და ბიზნეს წრეების, ფერმერებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ საძოვრების მდგრადი მართვის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების და განხილვის პროცესებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს საძოვრების გამოყენების და დაცვის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინება და სრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების მიღება, ასევე ეთხოვოთ მედია საშუალებებს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქტიურად გააშუქონ საძოვრების მდგრადი მართვის, შემუშავებული კონცეფციისა და საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის აქტუალური საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გასვლითი სხდომა

355971088 564726122528248 7592685160732687727 n მიმდინარე წლის 30 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა გასვლითი სხდომა ჩაატარა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაში. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა იური ნოზაძემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რევაზ ასათიანმა, აკადემიკოსებმა: ნოდარ ჩხარტიშვილმა და ზაურ ჩანქსელიანმა, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა ნოდარ ხატიაშვილმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის მეცნიერ-თანამშრომელმა ლეილა გეგენავამ.

სტუმრებს ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორია დაათვალიერებინა და ლაბორატორიაში წარმოებული კვლევების შესახებ ესაუბრა სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე. აღინიშნა, რომ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი მოწყობილობებით, აქ წარმოებს, როგორც ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის შესწავლა, ასევე ხდება მისი მიკრობიოლოგიური კვლევა. ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ გადაინაცვლა საკონფერენციო დარბაზში, სადაც ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. მოკლე მისალმების შემდეგ, მან ისაუბრა აკადემიისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ურთიერთთანამშრომლობაზე, მის მნიშვნელობაზე ქვეყანაში აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე დარგში არსებულ გარკვეულ პრობლემებზე და მათი გადაჭრისათვის ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარების აუცილებლობაზე. 355809400 6068448533284072 7335991981071850704 n

სხდომა გააგრძელა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც დღის წესრიგის შესაბამისად ინფორმაცი გააკეთა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო გეგმის შესახებ.

აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ ფართოდ გააშუქა სამეცნიერო-ცენტრში არსებული თითოეული სამსახურის საქმიანობა, მათი მიზნები და სამომავლო გეგმები, აღნიშნა რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქმიანობას აგრარული მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოების განვითარების, მცენარეთა და ცხოველთა აგრო-ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის, ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობის, ვეტერინარიის, თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავების; ყურძნის, ხილის, სოფლის-მეურნეობის პროდუქტთა შენახვა გადამუშავების, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, აგროსაინჟნრო, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფის, ბიომეთოდების შემუშავების და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობის, ახალი ტექნოლოგიების გავრცელების და სხვა მიმართულებებით ახორციელებს. ბატონმა ლევანმა ასევე ისაუბრა სამეცნიერო-კვლებით ცენტრში განხორციელებული პროგრამების შესახებ, ყურადღება დაუთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საქართველოს მიწის ფონდის შესწავლა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება, სანაშენე საქმიანობა, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა და შედეგების დანერგვის ხელშეწყობა, ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვ. (ანგარიშის შემოკლებული ვერსია იხ. ბმულზე).

     356039137 807331097414010 3596557829961214714 n    ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულება გამოხატეს ბატონებმა: იური ნოზაძემ, ნოდარ ხატიაშვილმა, გურამ ალექსიძემ, რევაზ ასათიანმა, თენგიზ ყურაშვილმა, ალექსანდრე დიდებულიძემ, ნოდარ ჩხარტიშვილმა, ზაურ ჩანქსელიანმა, ქალბატონმა გოგოლა მარგველაშვილმა. სხდომამ მოიწონა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და უსურვა ცენტრის ხელმძღვანელობას წინსვლა და წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

          პრეზიდიუმის სხდომა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და პრეზიდიუმის სხდომაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გასვლითი სხდომების ჩატარების პრაქტიკა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ურთიერთთანამშრომლობას აკადემიასა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის, რაც შემდგომში დადებითად აისახება მათ მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხზე.

 

 

 

 

მამა ილია სტუმრად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

354122463 6580212301998772 2015727496997251389 n  მიმდინარე წლის 29 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სტუმრად ეწვია სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი, მამა ილია (სანდრო) კავსაძე. მამა ილიამ ტრადიციულად, აკურთა აკადემიის შენობა, მოიარა მისი თითოეული კაბინეტი, დალოცა აკადემიის თანამშრომლები, რის შემდეგაც აკადემიის საკონფერენციო დარბაზში იქადაგა. ქადაგების დროს მან დარბაზში მყოფთ ესაუბრა პეტრე-პავლობის მარხვის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, ლოცვის მადლსა და ძალაზე. აღნიშნა, რომ ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, სიკეთის კეთებასა და სიყვარულში გაატარებს თავის სიცოცხლეს თუ არა.354488461 261867269823948 2699707283471554198 n ეს ღვთის მიერ ბოძებული უფლებაა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტება, ბოღმა და შური ამძიმებს ადამიანის სულს და სატანჯველად უხდის მას. მამა ილიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის ყოფაზე, მის სულიერ მდგომარებაზე, იმაზეც, თუ რაოდენ დიდი ბედნიერებაა, როდესაც კაცს შინიდან სამსახურში და სამსახურიდან შინისაკენ ერთნაირი სიხარულით მიუწევს გული. შემდეგ მამა ილიამ პასუხი გასცა აკადემიის თანამშრომელთა მიერ დასმულ შეკითხვებს და აღუთქვა მზაობა, რომ თითოეულ მათგანს და მთლიან კოლექტივს სიამოვნებით იხილავს სვეტიცხოვლის 353951161 749615360503945 3037529529087706976 nსაკათედრო ტაძარში. ქადაგების ბოლოს მან აკადემიას საჩუქრად გადასცა ხელნაკეთი წმინდა ნინოს ჯვარი, აკადემიის თითოეულ თანამშრომელს კი იესო ქრისტესა და წმინდა გიორგის ხატები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ პირადად თავისი და მთელი კოლექტივის სახელით მადლობა გადაუხადა მამა ილიას მობრძანებისთვის, აკადემიის შენობის კურთხევისა და თანამშრომელთა დალოცვისათვის.

 

 

 

 

  

 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

 

356787318 214424441051289 9172268798811094355 n მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის წევრებმა აგრარული დარგის სპეციალისტებს, მ. შ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს გააცნეს თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ შედეგები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

შეხვედრა გახსნა პარლამენტის წევრმა გია ცაგარეიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისათვის, რის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. აღინიშნა, რომ ანგარიში მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

შეხვედრაზე მსმენელების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო წილოსანი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მაია ბითაძე და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გივი მიქანაძე. მათ ასევე ისაუბრეს აგრარული დარგისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს აღნიშნულ დარგებში სპეციალისტთა ნაკლებობაზე და ამასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაზე.

ბატონმა გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ თემატურ მოკვლევაში ჩართულები იყვნენ პარლამენტის სამი: აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები. თემატური მოკვლევის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა აგრარულ და გარემოს დაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება; აღნიშნულ სფეროებში სამუშაო ძალის მომზადების ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; აღნიშნულ პროფესიათა შესაბამისი პროგრამების პროვაიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევების გაანალიზება; რეკომენდაციების შემუშავება აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოსაფხვრელად. შემდეგ ბატონმა გიამ სიტყვა გადასცა ექსპერტს, ქალბატონ ანა დიაკონიძეს, რომელმაც აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარუდგინა სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოები. გამოვლენილი იქნა დეფიციტური პროფესიები აგრარულ და გარემოს დაცვის სფეროებში, დეფიციტის გამომწვევი მიზეზები, ყურადღება გამახვილდა დეფიციტთან გამკლავების საერთაშორისო პრაქტიკასა და ქართული რეალობაზე.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა გია ცაგარეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 16 რეკომენდაცია, რომელიც გაკეთდა თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ შედეგად გამოვლენილი სირთულეების დასაძლევად.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

353664296 982638502861356 3400943997257039559 n  2023 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

           სხდომის თავმჯდომარემ აკად. ჯ. გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხდომის დღის წესრიგი: 1) ინფორმაცია სახელმძღვანელოს ,,სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“ შესახებ; 2) შინაური ცხოველების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხებისა და შინაურ ცხოველთა მოვლა-პატრონობის რეკომენდაციების შესახებ; 3) საქართველოში რძის პროდუქტების (მაწონი, რძე, ყველი) დამზადებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

პირველი საკითხის ირგვლივ ისაუბრეს ავტორთა ჯგუფის წევრებმა: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის დოქტორმა ეკატერინე ზვიადაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა, საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის მაგისტრმა, ევროპათმცოდნე ნოდარ კერესელიძემ.

            ავტორებმა მსმენელებს გააცნეს ნაშრომის შექმნის მიზანი, ამოცანები. აღინიშნა რომ სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა გაანალიზდეს დარგში არსებული სიტუაცია, მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები. წიგნში ასევე მოცემულია სასურსათო უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები და სურსათის თანამედროვე სისტემების განვითარების პერსპექტივები, დეტალურად არის განხილული სოფლის მეურნეობის და აგრობიზნესის განვითარების პოლიტიკა ევროკავშირში, აშშ-ში და სხვ.

          სახელმძღვანელოს ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკად. ნ. ჭითანავამ, აკად. ა. დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ნაშრომის აქტუალობასა და მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ იგი ერთნაირად საინტერესოა, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე მეცნიერ-მკვლევარებისა და აგრობიზნესში დასაქმებულ პირთათვის. სხდომამ მიიღო დადგენილება, სახელმძღვანელოს ,,სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“ მიეცეს რეკომენდაცია ფართო საზოგადებისათვის გასაცნობად.

            სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი.

            მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შინაური ცხოველები დადებითად მოქმედებენ მფლობელთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთანავე შესაძლებელია გადასცენ ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციები. ისინი ნერწყვით, შარდით ან ფეკალიებით, აბინძურებენ ნიადაგს და ამდენად დაავადებების პოტენციური გადამდებები ხდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პატრონებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავიანთი ოთხფეხა მეგობრები შეძლებისდაგვარად ისეთ ტერიტორიაზე ასეირნონ, სადაც მოსახლეობას მათი ექსკრემენტებით დისკომფორტს და საფრთხეს არ შეუქმნიან.

            აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროფესორების გოგი მაძღარაშვილისა და მაია კერესელიძის, ასევე დოქტორ ირაკლი თათრიშვილის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ 1) საჭირო და აუცილებელია, რომ ცხოველთა დაცვის ფედერაციამ უზრუნველყოს ცხოველებისათვის სპეციალური სკვერების მოწყობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს.

       რაც შეეხება დღის წესრიგის მესამე საკითხს, იგი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის დოქტორმა ერნა კალანდიამ. მან ვრცლად ისაუბრა რძისა და რძის პროდუქტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ: რძე და რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ლაქტოზას, დადებით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხელს უწყობენ საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, აუმჯობესებენ ნაწლავების მიკროფლორის შემადგენლობას; რძის შრატიდან გამოყოფილი ლაქტოზა ფართოდ გამოიყენება ბავშვთა პროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის, აგრეთვე სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად; რძის პროდუქტების დამზადების დროს მნიშვნელოვანია მათი უვნებლობის მაჩვენებლების შემოწმება, წარმოშობილი სპეციფიკური პრობლემების გადასაწყვეტად შესაბამისი მიდგომების შემუშავება და ამ პრობლემების გადაჭრისათვის ალტერნატიული გზების ძიება.

მოხსენების დასულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაება დამსწრე საზოგადოება. აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტმა ლალი ვაშაკიძემ, დოქტორმა ნაირა მამუკელაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საწიროა 2) ეთხოვოს შესაბამის სამსახურებს რძის პროდუქტების (მაწონი, რძე, ყველი) დამზადების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე გაამკაცრონ სანიტარული წესები და ნორმები, რათა დაცული იქნას რძის პროდუქტების უვნებლობის პრინციპები და მომხმარებელთა უფლებები.

სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა.

 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com