კოორდინატორების სხდომა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სატყეო საქმის და გარემოს დაცვის დარგობრივი ჯგუფების მიმართულებების კოორდინატორების სხდომა
2024 წლის 16 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სატყეო საქმის და გარემოს დაცვის დარგობრივი ჯგუფების მიმართულებების კოორდინატორების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით: 1. „ტყის დაცვის თანამედროვე გამოწვევები, მიდგომები და მეთოდები“, მომხსენებელი: აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე; 2. „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ძირითადი მიმართულებები“, მომხსენებელი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ავთანდილ მიქაბერიძე.
სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების დარგობრივი ჯგუფების მიმართულებების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სსმმ აკადემიის სტიპენდიანტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული გარემოს დაცვის დარგობრივი ჯგუფის მიმართულების ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზ. ტიგინაშვილი; ვ .გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სატყეო საქმის დარგობრივი ჯგუფის მიმართულების კოორდინატორი გიორგი ქავთარაძე; აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სსმმა - ის სატყეო საქმის და გარემოს დაცვის დარგობრივ კოორდინატორთა ჯგუფის წევრი ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე; სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ავთანდილ მიქაბერიძე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შალვა ნოზაძე; აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი.
სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების დარგობრივი ჯგუფების მიმართულებების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
პროფესორმა მედეა ბურჯანაძემ მოხსენებაში „ტყის დაცვის თანამედროვე გამოწვევები, მიდგომები და მეთოდები“ ყურადღება გაამახვილა ტყეების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ იმ ფასეულობების კომპლექსში, რომელიც განაპირობებს ტყის თანამედროვე კონსერვაციას, არის იდეა, რომ ტყეები ბუნებრივი ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია, განსხვავებული კულტურული მნიშვნელობით. თუ თავდაპირველად, ტყეები დაცული იყო ძირითადი ბუნებრივი რესურსების, როგორიცაა ხე-ტყის განურჩეველი ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად, ან, ნაკლებად ხშირად, რეგიონული წყლის ციკლში მათი როლის შესანარჩუნებლად, ამჟამად მათმა პოტენციურმა როლმა კლიმატის ცვლილების შერბილებაში, ისინი გახადა თანამედროვე კონსერვაციის მთავარ სამიზნედ.
ტყის კონსერვაცია გადამწყვეტ პერიოდს აღწევს. ჩვენი პლანეტა გარემოს უპრეცედენტო ცვლილების წინაშე დგას, ამავდროულად, გლობალური კონსერვაციის პრიორიტეტები იცვლება ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებიდან ბაზრის მექანიზმებზე გადასვლასა და ტყის რესურსების მდგრად ექსპლუატაციამდე. ამ კონტექსტში მომავალი ათწლეულისთვის გლობალური ტყის კონსერვაციის მიზნით გამოყოფენექვს მთავარ გამოწვევას, ესენია: 1. სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ჰიპერმრავალფეროვან ტროპიკულ ტყეებში ტყეების გაჩეხვის შენელება და საბოლოოდ შეჩერება; 2. ფრაგმენტული ტყეების ეკოლოგიური კავშირის აღდგენა, რათა შემცირდეს სახეობების გადაშენება, რომელიც გამოწვეულია პოპულაციის მცირე ზომით და უზრუნველვყოთ გავრცელების გზები იმ სახეობებისთვის, რომელთა გავრცელების ამჟამინდელი დიაპაზონი კლიმატის ცვლილების გამო ხდება დასახლებადი; 3. გაწმენდილი ტერიტორიების გამწვანების, სტრუქტურის აღდგენის, ძირითადი ეკოლოგიური პროცესების და ბიომრავალფეროვნების ეფექტური, ეკონომიური და სწრაფი განხორციელების პროტოკოლების შემუშავება; 4. დეგრადირებული ტყეების აღდგენის ეფექტური, ეკონომიური და სწრაფი განხორციელების პროტოკოლების შემუშავება; 5. ეკოსისტემური სერვისების გადახდის სქემების გაუმჯობესება და გაფართოება, მათ შორის REDD, რითაც ისინი გახდებიან დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ტყეების კონსერვაციის ძირითად მექანიზმად; 6. დაცული ტერიტორიების მართვის, მართვისა და აღსრულების გაუმჯობესება, ყველაზე ძვირფასი ტყეების ხელყოფისა და ექსპლუატაციის პრევენცია, რომლებიც უკვე გარკვეული დონის დაცვის ქვეშ არიან“- აღნიშნა პროფესორმა მ. ბურჯანაძემ.
მოხსენების დასრულებისთანავე გაიმართა დისკუსია. აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებზე ქალბატონმა მედეამ ამომწურავი პასუხები გასცა.
შემდგომ აუდიტორიის წინაშე მოხსენებით „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ძირითადი მიმართულებები“, წარსდგა ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე რომელმაც ისაუბრა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის სფეროზე, რომელსაც წარმოადგენს: სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სისტემის მართვა. სააგენტოს ცენტრალური აპარატის შემადგენლობაშია 9 სამსახური და 5 სამმართველო. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 24 ტერიტორიული ადმინისტრაცია.
საქართველოში IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 14 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 26 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. აქედან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 94 დაცული ტერიტორია. 2023 წლის მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 912 862 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.
აღინიშნა, რომ 2023 წელს განხორციელდა დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, მენეჯმენტის გეგმების განახლება, ტყის ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმის მომზადების სამუშაოები, საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება, დაცული ტერიტორიების: დემარკაცია და რეგისტრაცია, საზღვრის მარკირება, დაცვა-პატრულირება, პატრულირებისა და მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ტყის მოვლა-აღდგენა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები და სხვ.
ბატონმა ა. მიქაბერიძემ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარებისა და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების შედეგად, მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიწოდებაში, რაც იწვევს ადგილობრივების ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას.
2023 წელს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 576 სატუმრო, 276 მაღაზია და 222 კვების ობიექტი დაარსდა, დასაქმდა 1853 ადამიანი, რომელთა შემოსავლები შეადგენს დაახლოებით 9 052 614 ლარს. გარდა ამისა, 14 დაცული ტერიტორიის მიმდებარედ (ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, იმერეთის მღვიმეების, მტირალას, კოლხეთის, თუშეთის, ვაშლოვანის, მარტვილის, მაჭახელას, ჯავახეთის, ოკაცეს, ალგეთის, კინჩხას და კინტრიშის დაცული ტერიტორიები) ხორციელდება დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის მონიტორინგი.
მოხსენების შემდეგ მსმენელთა მხრიდან დაისვა შეკითხვები, რომელზეც ბატონმა ავთანდილმა კვალიფიციური პასუხები გასცა.
სხდომის დასასრულს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების დარგობრივი ჯგუფების მიმართულებების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ მადლობა გადაუხადა სხდომის მონაწილეებს სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის.