აგროინოვაციების კომისიის სხდომა
2022 წლის 13 ივლისს შედგა კომისიის სხდომა # 28, რომელზეც მოხსენებით: „აგრარული სექტორის ინტენსიური განვითარების როლი რეგიონული ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაში“ წარსდგა Georgian GAP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა ცოფურაშვილი.
მომხსენებელმა განიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველმყოფელი ალტერნატიული ხედვები და მოქმედებები; ხაზგასმული იყო ფაქტი, რომ დოკუმენტი აღარ არის მხოლოდ დარგობრივ-სექტორული მიმართულებისა, მან შეიძინა ტერიტორიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტიანად გამოვიყენოთ რეგიონული ეკონომიკის პრინციპები და შევქმნათ წინაპირობა ორდონიანი სახელმწიფო მასტიმულირებელ-მარეგულირებელი პოლიტიკის ფორმირებისა და საქმიანი იმპლემენტაციის თვალსაზრისით. დღეს მიზნების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრიდანული და ცენტრისკენული პოლიტიკების მჭიდრო საქმიანი პარტნიორობით, მათი მოქმედების სინერგიული ეფექტი აჩენს პროცესში ერთიანობის, კომპლექსურობის, თანმიმდევრულობის, დინამიურობის და შედეგზე ორიენტირებულობის განცდას, რაც უპირობოდ სჭირდება აგრარულ და რეგიონულ პოლიტიკაში შექმნილ ვითარებას.
რეგიონული ეკონომიკის პრინციპების განხილვისას მომხსენებელმა ხაზი გაუსვამეზო დონის სამ ფუნდამენტურ ფუნქციურ მდგენელს:
1. კონკრეტულ ტერიტორიაზე ჩატარებულ სრულფასოვან სტატისტიკურ-ანალიტიკურ, კონტექსტუალურ და სიტუაციურ ანალიზი;
2. რესურსული შესაძლებლობების დადგენას ამ ტერიტორიაზე, მათი გამოყენების მდგრად და რენტაბელურ უზრუნველყოფას;
3. სრულფასოვანი კვლევა-ანალიზის პირობებში და რესურსული შესაძლებლობების დადგენის კვალობაზე შექმნილ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და სამოქმედო მიზნობრივ-მოდელირებულ პროგრამას.
კომპლექსურ-მულტისექტორული თემატიკის შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება და შემოთავაზებული სიახლე ფორმულირებული იყო შემდეგ საკითხებში:
- სოფლის განვითარების კონცეპტუალური პროგრამების შექმნა-იმპლემენტაცია;
- მიწის მართვა-განკარგვის პოლიტიკა. თვითმმართველობის თემატური ასპექტები;
- სოფლის მეურნეობის კულტურათა დარაიონების და სისტემურ-სტრუქტურული ტრანსფორმაციის როლი დარგის განვითარების მოცემულ პირობებში;
- კონკურენტული უპირატესობის შექმნისა და განვითარების მრავალფუნქციური სისტემის კოგნიტური რუკებით აგების პრინციპის გავრცელების მნიშვნელობა;
- მიზნობრივ-მოდელირებულ პროგრამები, ინტენსიური განვითარება და ინკლუზიური ზრდის გაზომვა-შეფასების ახალი მეთოდოლოგია.
მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები ომარ თედორაძე, მზაღო ლობჟანიძე და ოთარ ქარჩავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, დოქტორი ნოდარ ძიძიკაშვილი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული კვლევა და ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალობას, აღიძრა შუამდგომლობა აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე კვლევის შედეგების ცალკე ბროშურის სახით პუბლიკაციის თაობაზე.